სერბული შთაბეჭდილებები: ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩაამთავრა. თემა ფართოა და შეჯამებისთვის დრო აუცილებლად გვექნება. ახლა კი სერბეთში ჩვენი მივლინების მთავარ მომენტებს მოვუყაროთ თავი. მართალია, მასპინძლებთან დავმარცხდით, მაგრამ ისე, როგორც სხვა შეხვედრებში, იყო იმედისმომცემი ეპიზოდები...

- სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]

გვაქვს თუ არა პროგრესი?
საქართველოს ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელში ჯერ გამარჯვება ვერ ისწავლა, მაგრამ ის კი იცის, როგორ დააწყვიტოს ნერვები ფავორიტებს, ოღონდ, ეგ არის, რომ მარტო ამას შედეგი ვერ მოაქვს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი უკვე ისტორიის კუთვნილებაა
და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სერბეთის ნაკრები აღმოჩნდა ერთადერთი გუნდი ჯგუფში, რომელმაც ორივე შეხვედრა მოგვიგო.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

თუნდაც სერბეთთან გამართულ თამაშზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები სწორი ფეხბურთის თამაშს ცდილობს, თუმცა ის ჯერაც ვერ გადაეჩვია თამაშში ერთი, საბედისწერო შეცდომის დაშვებას. კი, სამაგალითო იყო სერბთა კონტრშეტევა, მაგრამ ის, დიდი ალბათობით, არ იქნებოდა, გაუმართლებლად რომ არ დაგვეკარგა ბურთი...

ახლა მთავარია, განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა პროგრესი. ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი ხშირად არ იმჩნევს გაშვებულ გოლს და ბოლომდე სიმწყობრეს ინარჩუნებს. აღარ უშვებს მეორეს და მესამეს, მაგრამ ვერც გააქვს...

შედეგს თავი დავანებოთ. გასაგებია, რომ ამ კუთხით პროგრესი კი არა, რეგრესი გვაქვს. ჩვენი სუბიექტური აზრით შევხედოთ სხვა სათამაშო კომპონენტებს. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები, გარკვეულწილად, შეზღუდული შესაძლებლობების გუნდია, მაგრამ ის რამდენიმე კომპონენტში ცოტა უკეთესია, ვიდრე თუნდაც უკეთესი შემადგენლობის დროს იყო.

აქ, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ სათამაშო დისციპლინას და თანამედროვე ფეხბურთის ისეთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს, როგორიცაა ბურთის ამოტანა საკუთარი საჯარიმო მოედნიდან.

გუნდს მწვრთნელის ნამუშევარი აშკარად ეტყობა. მაგრამ მთავარი პრობლემა ჯერაც დაუძლეველია - ძალიან გვიჭირს გოლის გატანა. და გვიჭირს მაშინაც კი, როცა ამის აშკარა შესაძლებლობა გვაქვს. თუნდაც, სერბეთთან მატჩი ავიღოთ - ოდნავ მაღალი კლასის გუნდი ერთხელ ნაღდად და, დიდი ალბათობით, ორ-სამჯერ მაინც დასჯიდა მოწინააღმდეგეს.

არ ვიცით გატანა და ეს მხოლოდ ვლადიმირ ვაისის ბრალი არ არის. ეს უკლასობა უფროა, ვიდრე მწვრთნელის დანაშაული. მეორე მხრივ, როგორ გინდა, პროგრესზე ილაპარაკო, როცა შედეგი არ ჩანს. არ ჩანს კი არა, იმაზე უარესია, რაც ბოლო წლებში იყო.

როცა ვაისი ასპროცენტიანია...
საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის არაერთხელ გაგვიწევია წინააღმდეგობა და გაგვიკრიტიკებია კიდეც, მაგრამ ამჯერად მას ბოლომდე უნდა დავეთანხმოთ. სერბეთთან შეხვედრაში თუ რამ დააკლდა ჩვენს გუნდს, ეს, უდავოდ, საგოლე მომენტების რეალიზაციაა.

სერბების კართან იყო ორი ძალიან კარგი და რამდენიმე "ისე რა" მომენტი. ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველოს ნაკრებს კი არა, მასზე გაცილებით ძლიერ გუნდებსაც დღევანდელ ფეხბურთში იშვიათად ექმნებათ ასპროცენტიანი საგოლე მომენტები. დღეს ნახევარმომენტიც კი გოლად უნდა აქციო. ამაშია ფეხბურთის მთელი ხიბლი.

ერთი სიტყვით, უნდა ვაღიაროთ რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში აშკარა პრობლემები გვაქვს. და ეს პრობლემები გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ის გრძელდება. რა თქმა უნდა, როცა თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე თამაშობენ, საქართველო შეტევაში აშკარად უკეთესია, მაგრამ პრობლემები მაშინაც არის...

ეს სამი ფეხბურთელი ჩვენი შემტევი პოტენციალის ნახევარზე მეტია, მაგრამ ამ გუნდს ძალიან, ძალიან სჭირდება მეგოლე ფორვარდი, ვისაც სისხლში ექნება გოლების გატანა.

ვიცით, მისი პოვნა დღეს ძალიან რთულია, მეტიც - ჰორიზონტზეც არ ჩანს. ამის დასტურია თუნდაც ბოლო მატჩი, რომელიც ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერებთან სამარცხვინოდ წააგო, მაგრამ ძიება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს.

გოლი ფეხბურთის მთავარი სამშვენისია და, გარდა ამისა, მას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს.

- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

ვაისმა რაღაც ნამდვილად ასწავლა საქართველოს ნაკრებს, მაგრამ გოლის გატანა - ჯერ ვერა. თუ ეს პრობლემა გადავჭერით, თუნდაც ერთა ლიგის ჩვენს ჯგუფში ფავორიტები უნდა ვიყოთ.

როცა გუნდი მწვრთნელს აფასებს...
ვლადიმირ ვაისის ფორმაციის საქართველოს ნაკრებთან ერთად მეორედ ვიყავი უცხოურ მივლინებაში. პირველად ეს იყო მოლდოვაში, მეორედ - ახლა. მაშინდელი ჯერ კიდევ მახსოვს და ახლანდელიც უნდა მივუმატო - ეს ის შემთხვევაა, როცა გუნდი მწვრთნელს ძალიან აფასებს.

ეს საქართველოს ნაკრების ყოფის თითოეულ ნიუანსში გამოსჭვივის - გნებავთ, თვითმფრინავში და გნებავთ, ავიალაინერს მიღმა. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, სადაც კონკრეტულ ფეხბურთელს კონკრეტული აზრი არ ჰქონდეს მწვრთნელის შესახებ. პირობითად, საქართველოს ნაკრების ზოგიერთ მოთამაშეს თავისი შენიშვნები ექნება ვაისთან და საკუთარი აზრიც იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ითამაშოს ჩვენი ქვეყნის უპირველესმა გუნდმა, მაგრამ ზოგადი ფონი, ზემოთ რომ დავწერე, სწორედ ისეთია.

ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო უნდა იყოს ის კომენტარები, რომელიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სერბეთში გამართული შეხვედრის შესახებ გააკეთეს. აი, რას ამბობს ეროვნული გუნდისა და პოლონური "პლოცკის" შემტევი გიორგი მერებაშვილი:

"შეგვეძლო, ფრედ გვეთამაშა. ფაქტია, საქართველოს ნაკრები უწევს წინააღმდეგობას ისეთ ნაკრებებს, როგორებიც არიან სერბეთი, უელსი, ირლანდია... ევროპაში ეს ნაკრებები სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. ჩვენ მათ წინააღმდეგ შეხვედრებში ვაჩვენეთ საკმაოდ გამართული ფეხბურთი.

ვწუხვართ ყველა, რომ შესარჩევი ციკლი მოგების გარეშე დავასრულეთ, მაგრამ ვფიქრობ, სწორ გზაზე ვართ. თუ გვინდა, რომ პროგრესი იყოს მომავალში, ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ...

შეიქმნა გარკვეული ტაქტიკური მონახაზი, ჩამოყალიბდა ნაკრების ძირითადი ბირთვი, არ დაგვავიწყდეს ტრავმირებული ფეხბურთელები - ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე... როცა ისინი დაბრუნდებიან, ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად მოიმატებს".

ვენის "რაპიდისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია კი ამბობს:

"ცოტა დაგვაკლდა დადებითი შედეგის მიღწევამდე. ფაქტია, სულ ცოტა გვაკლდება ხოლმე. რა გითხრათ... ცოტა მიჭირს ლაპარაკი. ალბათ, ესაა ის, რასაც ჰქვია ორი ტაიმის ერთნაირად მაღალ დონეზე ჩატარება. დღეს შედეგს რომ მიაღწიო, ორივე ტაიმი ერთნაირად კარგად უნდა ჩაატარო.

ჩვენს თამაშს ეტყობა პროგრესი. როგორმე უნდა შევძლოთ და ისეთ ფორმაში შევხვდეთ სანაკრებო მატჩებს, რომ ეს "ცოტა" აღარ დაგვაკლდეს".

საინტერესოა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიას აზრიც:

"შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ნაკრებში შეიცვალა არა მხოლოდ სისტემა, არამედ - მენტალიტეტიც. თუ ადრე გვაკლდა გაბედულება და სამი-ოთხი პასის გადაბმა გვიჭირდა, ახლა უფრო თამამად ვთამაშობთ. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი შედეგში ვერ ისახება. რთულია ლაპარაკი, როცა შედეგი არ არის.

მე არ მიჭირს პირველ რიგში საკუთარი თავის და მერე მთლიანად გუნდის კრიტიკა, მაგრამ პოტენციალს აშკარად ვხედავ. სამომავლოდ, იმედი მაქვს, რომ ამ უკეთესობას თამაშის ხარისხის კუთხით აუცილებლად მოჰყვება შედეგი.

ჩვენ კარგად ვითამაშეთ სერბეთში, უელსსა და ირლანდიაში, მაგრამ საჭიროა გოლის გატანა, იმ სახიფათო მომენტების გამოყენება, რასაც ვქმნით მოწინააღმდეგეთა კართან. ვთქვათ, როცა შენ 70 წუთის განმავლობაში უკეთ გამოიყურები, უნდა შეძლო და ამ დროში გაიტანო გოლი. როცა მეტოქე პოულობს საკუთარ თამაშს და გააქვს გოლი, მერე უკვე სხვანაირია მატჩის ხასიათი და სიტუაციის შემობრუნება ჭირს.

ძნელია, პოზიტივზე ილაპარაკო, როცა ციკლს გამარჯვების გარეშე ამთავრებ. მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ჩანს მომავლის რესურსი. ფაქტია ისიც, რომ შეტევაში მეტი ეფექტურობისთვის თამაშის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს".

კაპიტანი
რა თქმა უნდა, სერბეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელმა თავი დადო. ზოგადად, ვლადიმირ ვაისის ფორმაციის გუნდს ვერავინ დასწამებს თავდადებისა და ჟინის ნაკლებობას. ეგაა, საქართველოს პირველი გუნდი იმ კერძს ჰგავს, მარილი რომ აკლია, თუმცა ეს სხვა წერილის თემაა.

ძალიან არ მიყვარს ფეხბურთელის გამორჩევა წაგებულ მატჩში. ამჯერად, გეზს უნდა გადავუხვიო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა უგუნდოდაა.

ჩემთვის მართლა ძალიან გასაკვირია, როგორ მოემზადა ასე კარგად ის ამ შეხვედრისთვის. ტელევიზორის ეკრანიდან ძალიან ხშირად არ ჩანს ფეხბურთის ნიუანსები. მათ შორის, ერთ-ერთი ესაა - იმ მოთამაშეების მიერ გაწეული შრომა უნდა დაფასდეს, რომლებიც, ერთი შეხედვით, არ ჩანან, მაგრამ გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ, უამრავ "შავ" სამუშაოს ასრულებენ...

ასეთ ფორმაში მყოფი ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე რომ დასჭირდება და ევროპის ჩემპიონატის მომავალ შესარჩევ ციკლშიც, ეს აშკარაა. მისი გამოცდილება მისწრება იქნება საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც, არსებობის ისტორიაში პირველად, დაისახავს მიზნად რომელიმე ტურნირის მოგებას.

გადაწყვიტოს და პასუხისმგებლობაც აიღოს...
წესით, უახლოეს დღეებში უნდა გაეცეს კითხვას პასუხი, დარჩება თუ არა ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე.

ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და პასუხისმგებლობაც აიღოს საკუთარ თავზე. ერთი მხრივ, შედეგი არ არის, მეორე მხრივ კი, ვაისის გაწვრთნილი გუნდი, როგორც ახალფეხადგმული ბავშვი, სიარულს სწავლობს და ესეც სათვალავშია ჩასაგდები.

სერბეთთან თამაშმა ერთხელაც დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრები დღეს ნებისმიერი გუნდისთვის, მათ შორის, გამორჩეული ფავორიტებისთვისაც კი, უხერხული მეტოქეა. სხვა საქმეა, რომ "პირველ ნომრად" თამაშის სწავლა აუცილებლად გვმართებს და ეს გამოგვადგება ერთა ლიგაზე, ჩვენს ჯგუფში, სადაც საქართველოს დონის და ჩვენზე სუსტი ნაკრებები ითამაშებენ.

ზეიმი, ტაში და... კალინკა
საქართველოს ნაკრებს სერბი გულშემატკივარი ჯერ სტვენით შეხვდა, მერე კი, ჩვენი ქვეყნის ჰიმნზე, ტაშიც დაუკრა. განსაკუთრებული აგრესია ჩვენი გუნდის მიმართ არ ყოფილა.

სერბულმა პუბლიკამ გაორებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა. როცა მასპინძელთა ნაკრები უტევდა, "მარაკანას" დანგრევას ცოტაღა აკლდა. იყო მომენტები, როცა მასპინძლებს თამაში არ მისდიოდათ. ამ დროს, გნებავთ, ჟურნალისტები და გნებავთ, გულშემატკივრები, მწარე-მწარე სიტყვებს არ აკლებდნენ თავისიანებს.

კიდევ ერთხელ უნდა დავწერო: საქართველოს ნაკრებისა თუ ქართული კლუბების არაერთ შეხვედრას დავსწრებივარ უცხოეთში და ასეთი ქომაგობა სხვაგან ნამდვილად არ მინახავს.

ეგაა, მასპინძლებმა გული მაინც დაგვწყვიტეს, როცა ჯერ "როსია, როსია" იყვირეს, მერე კი ჩაროზად "კალინკაც" ჩაგვირთეს.

საერთოდ, ბელგრადში მაგრად იგრძნობა რუსული გავლენა. ყოფილ სოცბანაკის ქვეყანაში საბჭოთა სტილის არქიტექტურას არ გავუოცებივარ, სამაგიეროდ, გამაკვირვა ქალაქის ცენტრში, ეკლესიაში გამოფენილმა... "გაზპრომის" დიდმა ბანერმა.

სერბეთში ბევრ მაისურას შეხვდებით პრორუსული წარწერებით. მაგალითად, ერთი ასეთი წარწერა - "ყირიმი რუსეთია, ალიასკა რუსეთია, ყველაფერი რუსეთია, კოსოვოს გარდა. კოსოვო არის სერბეთი"!

ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი...
სერბეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. სტადიონზე რაც ხდებოდა, სიტყვებით ამის აღწერა შეუძლებელია. არადა, ზეიმის ძირითადი მუხტი სტადიონზევე დარჩა. ბელგრადის ცენტრში იშვიათად ნახავდით ნაკრების წარმატებით გახარებულ მოზეიმე ხალხს...

სტადიონზე კი ქომაგმა ალალად იზეიმა - ხალხმა, რომელიც ფეხზე დადგა ბევრზე ბევრი კატაკლიზმის შემდეგ. ვუყურებდით ამ კადრებს და ერთხელაც ვრწმუნდებოდით, რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს და რა შეუძლია...

ახლა, მხოლოდ ის დაგვრჩენია, ერთი ლექსის ნაწყვეტი გავიხსენოთ: "ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში"...

ბელგრადი-თბილისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ათასი კატაკლიზმი, რამდენს ნიშნავს როცა სხვისი ომი უფრო გაპიარებულია, ჩვენაირი კატასტროფა ნამდვილად არ იყო სერბეთში, არც სამოქალაქო ომი იყო და სინათლეც ჩვეულებრივად ქონდათ ბევრ სერბს ვიცნობ და რომ მომიყოლია საქართველოში რა ხდებოდა ყველა მაგას იძახის ჩვენთან მთალდ მასეთი სიტუაცია არ იყოო.
ნიკო
03:33 17-10-2017
0
კარგით რა დაგლა გულშემტკივარი ლოდინით იქნებ დაფასოტ ისინი ვინც გირსები არაინ და არაც თქვენი ვაისი გვინდა და არც გეგუჩაძე ისეტი კაცი უნდა იყოს ერვნულში რომლიც ჩახედული არის ქართულ ფეგბურთში და ყველფერი გამყენოს რაც შესაძლებელია ვაისის ხელში ეს ვერ დავნახე ეს არ არის მაქიმუმი რაც შეგვძლია ბევრი ახლგზდა არის რომლიც ამ ორ მტჩში უნდა მისცემდა შანსი მარა არ მიეცა და ეს ვასის ბრალია მოხსენიტ ეს კაცი რა კონტრაქტს ტავაზობთ გარტყმაში არ არის რახდება ქართულ ფეგბურთში ტქვენ ალბად გავწყდებათ ტემურ ქეცბია რომლიც ზუსატ ანლგურ რაგცებს იზახდა ფეგბურთელებზე და საბოლოდ რა მივგეთ ტამში არავის აგარ უნდოდა სხვტაშორის პირველი წელი მასაც ესეტი ჰქონდა როგორიც ვაის აქვს მერე ჩაივა როგორც ეს ჩაიჯვამს დანიშნეთ ქართველი მწვრთნელი ვინცაძე დევდარიან ან ცხადაძე და შედი იქნება 21 და ერვნულშიც
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული