ელენე ბილიხოძე (საქართველოს რადიოს პირველი არხი):
"უმჯობესი იქნება, ფედერაციის ხელმძღვანელებმა ვაისთან კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ, არჩევანი რომელიმე ქართველ მწვრთნელზე შეაჩერონ, მწვრთნელზე, რომელიც გუნდთან ერთად გაიზრდება".
ბიძინა ბარათაშვილი (სილქმედია):
"არ მივეკუთვნები ვაისის არც მეხოტბეთა და არც იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ყველაფერს მას აბრალებენ. შექმნილ სიტუაციაში მაინც მგონია, რომ ვაისმა ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოს. ამიტომ მე მაინტერესებს, რამდენად იქნებიან ნაკრებში ახალი სახეები,
ამ ეტაპზე ასე ჩანს: ერთა ლიგა არის ყველაზე რეალური შანსი ჩვენთვის, მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ტურნირზე წარმატებით ვითამაშოთ.
რეალურად, როცა ამ შესარჩევი ციკლის წილისყრა დასრულდა, პირადად მე მქონდა იმედი და ამბიცია იმისა, რომ მოვახერხებდით ბოლომდე ბრძოლას ორ საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად. დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიყავი, ვინც ასე ფიქრობდა. ალბათ, სწორედ ამიტომ არის კითხვის ნიშნები ვაისის მიმართ...
მეორე საკითხია, ეს ყველაფერი მწვრთნელის ბრალია თუ იმ რეალობის, რომელშიც არის დღეს ქართული ფეხბურთი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ მდგომარეობამდე მივდიოდით ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს ერთ დღეში არ მომხდარა".
მიხეილ ჟორჟოლიანი (ახალი თაობა):
"ვაისს ჰქონდა ხარვეზები... მაგალითად, რამდენიმე შეხვედრაში შემადგენლობის მხრივ, ასევე მინუსად ეთვლება მოლდოვასთან მოუგებელი მატჩები და საერთოდ შესარჩევი ეტაპის მოგების გარეშე ჩამთავრება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პერიოდი სლოვაკი სპეციალისტისთვის უფრო გაცნობითი ხასიათის იყო. ნაკრებმაც მეტ-ნაკლებად გამართული ფეხბურთი ითამაშა, პატივს გვცემდნენ მეტოქეები და შედარებით მორიდებულები იყვნენ ჩვენთან მიმართებაში... ჩვენც უფრო თამამები ვიყავით შეტევაში... ვფიქრობ, ვაისს კიდევ ერთი შესარჩევი ციკლი უნდა ვაცადოთ მუშაობა".
გიორგი მელქაძე (worldsport.ge):
"პირველ რიგში ვიტყვი, რომ ვეთანხმები სფფ-ის გადაწყვეტილებას კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით. მართალია, ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს არ ჰქონია შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, წინასთან შედარებით უკეთესი იყო თამაშის ხარისხი. ობიექტურად, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ადვილი შესაძლებელი გახლდათ, ნაკრებს გაცილებით მეტი ქულა მოეპოვებინა შესარჩევში.
მომხრე ვარ სლოვაკის დარჩენის, რადგან, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებმა ნაწილობრივ მაინც დაიწყო თანამედროვე ფეხბურთის თამაში, შესაძლებლობების ზღვარზე. ვაისი ყველანაირად ცდილობს, შანსი მისცეს ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც თავს, ასე თუ ისე, კარგად წარმოაჩენს. გარდა ამისა, ერთსა და იმავე მდინარეში შესვლა დამღლელია - რამდენი მწვრთნელი შეიცვალა საქართველოს ნაკრებმა, მაგრამ ამან რა მოიტანა? - არაფერი. ვფიქრობ, დროა კიდევ ერთი შანსი მიეცეს ვაისს, რომელიც უკვე იცნობს გუნდს და რომელმაც უკვე გამოკვეთა ის წერტილები, რაზეც თამაშის აგება შეიძლება.
ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ ვხედავ გამოსავალს ახალ მწვრთნელში, პირიქით - ამან შეიძლება ისევ უკან დააბრუნოს ნაკრები და ის თამაშიც ვერ აჩვენოს, რაც აჩვენა თუნდაც კარდიფში... ასეც რომ არ იყოს, ისედაც თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა მწვრთნელი არ არის - ქართულ ფეხბურთს სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი და მწვავე დაავადებებიც სჭირს.
და ბოლოს, თუ კონკრეტულად მოუგებელ შესარჩევზე ვისაუბრებთ, აღვნიშნავ, რომ სულაც არ ყოფილა ჩვენი ნაკრები ისეთ ადვილ ჯგუფში, როგორც ბევრს ჰგონია. მართალია, არ ყოფილა გრანდი, მაგრამ იყო ოთხი ძალიან კარგი გუნდი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებით. მე პირადად ნამდვილად დავინახე დადებითი მხარეები გუნდის თამაშში.
თუნდაც ის რად ღირს, რომ მეტოქე მწვრთნელები საქართველოს ნაკრებზე მოწიწებით, პატივისცემით ლაპარაკობდნენ. ეს უდავოდ იმის დამსახურებაა, რა თამაშიც საქართველომ აჩვენა. მოკლედ, ვაისს უნდა მიეცეს მეორე შანსი".
ილია ნანობაშვილი (worldsport.ge):
"სწორად მიმაჩნია, ოღონდ, დავაკონკრეტებ. ვაისის ფორმაციის ნაკრები თამაშობს თანამედროვე და გამართულ ფეხბურთს, რაც იძლევა იმის წინა პირობას, რომ შედეგი მოვა.
პირადად მე, როცა თემურ ქეცბაიას ნაკრებს ათმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ვამბობდი, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ამის გამო არაერთხელ "მომხვდა", არაპოპულარული გამოდიოდა მაშინდელი კრიტიკა. არადა, მაშინდელი ნაკრების თამაშის ხარისხი არანაირ იმედს არ იძლეოდა და ჩანდა, რომ იღბალი ყოველთვის ჩვენკენ არ იქნებოდა.
მწვრთნელი მარტო ტაბლოთი კი არა, იმითიც იზომება, თუ რამდენად დალაგებული აქვს გუნდის თამაში, რამდენად ჩანს მისი ნააზრევი მინდორზე...
რომელი ჭკუათამყოფელი მოიწონებს შედეგს, როცა მოგება არ გვაქვს, მაგრამ ჩანს პოტენციალი, რომ ვაისის ხელში ნაკრები წარმატებით ათამაშდება. ხარისხობრივად, ვაისის გუნდმა ორი მატჩი ჩააგდო: შინ - მოლდოვასთან და ასევე შინ - უელსთან. სხვა მატჩებს რაც შეეხება, მეტოქეთა მწვრთნელებს ვალდებულების გამო არ უთქვამთ, რომ საქართველოს ნაკრებს თამაშის მიხედვით გაცილებით მეტი ქულა უნდა ჰქონოდა.
გავითვალისწინოთ უამრავი საკადრო პრობლემა. საქართველო ფეხბურთელებით განებივრებული ქვეყანა არ არის და დანაკლისს რთულად ვიტანთ. ვაღიაროთ, რომ მწირი არჩევანი გვაქვს. ვაისს ჰქონდა შეცდომები, თუნდაც შეცვლების მხრივ, თუნდაც საწყის მატჩებში გაუბედავი ტაქტიკის გამო... ოღონდ, ერთსაც დავამატებ: მგონი, პირველად ხდება, რომ ნაკრებში გამოძახებული შემადგენლობის ირგვლივ მითქმა-მოთქმები აღარ არის. ან თუ არის, ძალიან ნაკლებად".
საბა საპანაძე (adjarasport.com):
"მიუხედავად იმისა, რომ ვაისის გუნდმა შესარჩევი ციკლი მოგების გარეშე დაასრულა, მაინც ვფიქრობ, რომ მან უნდა გააგრძელოს მუშაობა.
მისი მოსვლის შემდეგ ნაკრებში ბევრი დადებითი რამ შეინიშნება. ნებისმიერ მეტოქესთან ვცდილობთ, ბურთზე კონტროლი დავამყაროთ, გამართულად ვუტევთ და ყველაზე მთავარი, რაც სლოვაკი მწვრთნელის ხელმძღვანელობისას შევნიშნე - გოლის გაშვების შემდეგ გუნდი არ იბნევა და ამას არ მოჰყვება უცებ საკუთარ კარში მიღებული კიდევ რამდენიმე გოლი. ეს პრობლემა ნამდვილად გვქონდა კახა ცხადაძის მწვრთნელობის პერიოდშიც.
ამასთან, ვაისის გუნდს მატჩების უმეტესობაში არ ჰყოლია სრული შემადგენლობა. ყოველთვის გვაკლდნენ წამყვანი მოთამაშეები, თუმცა მაინც ვახერხებდით ხარისხიანი ფეხბურთის თამაშს. მწვრთნელების ხშირ ცვლას არასდროს არავისთვის მოუტანია შედეგი და არც ახლა იქნება გამონაკლისი".
ნიკოლოზ ნეფარიძე (ლელო):
"ნული გამარჯვება ათ შესარჩევ მატჩში ნამდვილად არ არის იმის წინა პირობა, რომ მწვრთნელს კონტრაქტი გავუხანგრძლივოთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაისის მუშაობას ცალსახად უარყოფითად არ ვაფასებ, ახლა ცვლილებების დროა".
მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი):
"ვაისი უნდა დარჩეს. მისი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს პრაქტიკულად ყველა თამაშში ჰქონდა გამონათებები და თანამედროვე, გამართული, დისციპლინირებული ფეხბურის დემონსტრირებას ახდენდა. თანაც ისე, რომ ხშირ შემთხვევებში მეტოქეს აშკარად აღემატებოდა. ასე იყო ირლანდიასთან, ავსტრიასთან, უელსთან, სერბეთთან...
ოღონდ, ეს ხდებოდა ხან ნახევარი საათის, ხან ერთი ტაიმის, ზოგჯერაც 70 წუთის განმავლობაში. ვაისის გუნდს 90 წუთი ასე სწორი ფეხბურთის თამაში არ შეეძლო. რამდენად არის ეს ვაისის ბრალი? ვფიქრობ, რომ ყველაზე ნაკლებად. მცირე სათამაშო პრაქტიკის მქონე, ანაც სულაც უგუნდო ფეხბურთელები 90 წუთს ვერ ითამაშებენ. ვაისი კი არა, გვარდიოლა ან კონტეც რომ ჩამოვიყვანოთ, საქართველოს ნაკრებს 90 წუთს ჯერ ვერ ათამაშებენ.
არის ხარვეზები, რაც ვაისმა საკუთარ თავში უნდა აღმოფხვრას. პირველ რიგში, ეს არის უფრო მეტი ყურადღება ეროვნული ჩემპიონატის მიმართ და შეცვლების უფრო დროულად და თამამად განხორციელება. სხვა მხრივ, ჩემი აზრით, ვაისს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს".
გალაკტიონ ესაკია (sportall.ge):
"მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში, თუ ფედერაცია შედეგს მოსთხოვს და მის გამართლებას არ დაიწყებს ყოველი თამაშის შემდეგ. ახალი საკვალიფიკაციო ციკლისათვის სხვა მწვრთნელის მოყვანა რისკია. ვაისი კარგად იცნობს ეროვნული ნაკრების პლუსებსა და მინუსებს. მას უნდა დაუსახონ მიზნად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გასვლა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მინიმუმ მეორე ადგილი".
გელა უშარიძე (sportall.ge):
"როგორც ყველაფერში, ფეხბურთშიც არსებობს ლოგიკა და ამ ლოგიკის თანახმად, ვაისს სერბეთთან თამაშის დასრულების შემდეგ მადლობა და ბოდიში უნდა გადაეხადა-მოეხადა ქართველი გულშემატკივრებისა და სფფ-ის ხელმძღვანელებისთვის და ეთქვა - მშვიდობით! ეს იქნებოდა სავსებით ლოგიკური ნაბიჯი შესარჩევ ციკლში ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით.
ამის შემდეგ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას უნდა მოეხადა ბოდიში გულშემატკივრებისთვის, იმ არასწორი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მოსვლიდან დღემდე სანაკრებო საკითხებში დაუშვა.
ინტერნეტში ქექვის დრო ჯერ არ მაქვს, მაგრამ მინდა მოვიძიო ის მწვრთნელები, რომლებმაც შესარჩევ ჯგუფში დასახული მიზანი ვერ შეასრულეს და კონტრაქტი მაინც გაუგრძელეს. ეჭვი მაქვს, თავმოყვარე ქვეყნების "თავმოყვარე" ნაკრებებში მსგავსი შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელი იქნება".
კობა ინასარიძე (sarbieli.com):
"არასწორად მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა... მარტივი ლოგიკაა და ვფიქრობ, ბევრიც დამეთანხმება: ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფის 10 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო! ასეთი გუნდის მწვრთნელის პოსტზე დარჩენა კი ყოვლად მიუღებელია.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ორიოდ დღის წინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ბრძანა, ნაკრები ვაისის ხელმძღვანელობით თავის თამაშს თამაშობსო... ვფიქრობ, ეს არ არის არგუმენტი, რისი გათვალისწინებითაც წაგებულ მწვრთნელს კონტრაქტი უნდა გაუგრძელდეს. ნაკრები თუ თავის თამაშს თამაშობს და ათიდან ვერც ერთ თამაშს ვერ იგებს, ხოლო ფედერაციაში ეს ახალი კონტრაქტის წინა პირობად მიაჩნიათ, საერთოდ წასული ყოფილა ჩვენი საქმე".
ბასკი სხირტლაძე (მაესტრო):
"მიმაჩნია რომ უნდა დარჩეს ვაისი. თუნდაც იმიტომ, რომ იმ ანტიფეხბურთის შემდეგ, რასაც ნაკრები წლების განმავლობაში თამაშობდა, გუნდმა ძლივს დაიწყო ფეხბურთის თამაში და ეს უშუალოდ ვაისის დამსახურებაა. თუნდაც იმიტომ უნდა დარჩეს, რომ ყველა შესარჩევს არ უნდა ვიწყებდეთ ახალი მთავარი მწვრთნელით".
ლაშა თაბაგარი (adjarasport.com):
"ჩემი აზრით, ვაისისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გამართლებულია. რა თქმა უნდა, შედეგი არ არის მისაღები, ნაკრებმა თამაში ვერ მოიგო შესარჩევ ციკლში, მაგრამ ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. არ არის საკმარისი რესურსი და ამასაც რომ თავი დავანებოთ, ციკლში მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ ოპტიმალური შემადგენლობით.
ბოლო დროისგან განსხვავებით, ნაკრებმა შეიძინა თავისი სახე. ჯგუფში მხოლოდ სერბეთმა მოგვიგო ორივე მატჩი. ვისწავლეთ ის, რომ გაშვებული გოლის შემდეგ თამაში არ უნდა შეწყვიტო.
ვაისის ბრალი ნამდვილად არ არის, ჩვენი ფეხბურთელები ცოტას რომ თამაშობენ თავიანთ კლუბებში და, შესაბამისად, იდეალურ კონდიციებში ვერ ჩამოდიან ნაკრებში. არის ფინანსური მომენტიც. ჩემი აზრით, ამ ხელფასზე ვაისის დონის სპეციალისტის მოძიება გაჭირდება. ეს კაცი თავს არასოდეს იმართლებს უაზრო არგუმენტებით. ადრე გაცილებით დიდი ხელფასი ჰქონდა ნაკრების მწვრთნელს, მაგრამ მაინც მეოთხე ან მეხუთე ადგილზე გავდიოდით".
პაატა გელაშვილი (ლელო):
"მიმაჩნია, რომ ვაისი უნდა დარჩეს და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება სწორია, თუნდაც კახა ცხადაძის მაგალითიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, შედეგი არ არის სახარბიელო, რა თქმა უნდა, მწვრთნელს ჰქონდა შეცდომები, ნაკრებმა ვერ მოიგო ერთი ოფიციალური მატჩიც კი და ეს ვის უნდა მოსწონდეს, მაგრამ გამოჩნდა დადებით ტენდენციები თამაშის ხარისხის მხრივ, ვაისი უკვე კარგად იცნობს რესურსს და ვფიქრობ, ერთი შესარჩევიც უნდა ვაცალოთ. ოღონდ, ახალ კონტრაქტში მკაცრად უნდა იყოს მითითებული შედეგის მოთხოვნა და მერე ფედერაციამ ამ მოთხოვნის შესრულება-არშესრულების მიხედვით იმოქმედოს.
საქართველოს ნაკრებს დღეს არ ჰყავს ფეხბურთელების ის კონტინგენტი, რომელსაც ერთ შესარჩევ ციკლში დააყენებ ფეხზე. ეს ობიექტური რეალობაა. საკლუბო ფეხბურთი სულ სხვაა. იქ მწვრთნელისგან მალე ითხოვენ შედეგს, ნაკრები კი განსხვავებული ფენომენია იმ მხრივ, რომ აქ მწვრთნელს ძალიან ცოტა დროს აქვს ფეხბურთელებთან მუშაობისთვის.
საქართველოს ნაკრების ქრონიკული წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მწვრთნელების ხშირი ცვლაც არის. წარმოიდგინეთ, ვაისის ნაცვლად მოსული ახალი მწვრთნელი რა დროს მოანდომებს ფეხბურთელების გაცნობას, ტაქტიკურ ექსპერიმენტებს თუ ყველა იმ ნაბიჯს, რაც ახალმა მწვრთნელმა უნდა გადადგას. ამასობაში, ის ერთა ლიგა და შესარჩევი ციკლიც შემოგვადნება ხელში ისე, რომ შედეგი არ გვექნება. ანუ დაიკარგება კიდევ ერთი წელიწადი, მით უმეტეს, ძალიან მეეჭვება, ფეხბურთის ფედერაციამ უფრო ძვირად ღირებული და სახელიანი სპეციალისტის მოყვანა შეძლოს. და ვივლით ასე ერთ წრეზე".
კახა ბერიძე (leaderbet.com):
"მახსოვს, ანალოგიური გამოკითხვა "ლელომ" ვლადიმერ ვაისის ნაკრებში დანიშვნის დროსაც გააკეთა და მაშინ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი კახა ცხადაძის გაშვებას. ვაისის სამწვრთნელო ცოდნაში ეჭვი არ შემაქვს, ნამდვილად კარგი სპეციალისტია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შედეგში ვერ აისახა და ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ოფიციალური მატჩი ვერ მოიგო. მწვრთნელი კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შედეგით იზომება.
მწვრთნელთა ხშირმა ცვლამ ჩვენს ეროვნულ გუნდს სასიკეთო რომ არაფერი მოუტანა, მშვენივრად ჩანს. თუ 2 წლის წინ ვაისის მოსვლა არასწორად მიმაჩნდა, ახლა ვფიქრობ, მას კიდევ უნდა მიეცეს ერთი შანსი და თავადაც თუ აქვს დარჩენის სურვილი, მუშაობა გააგრძელოს".
პაატა ძნელაძე (დამოუკიდებელი ჟურნალისტი):
"შესარჩევი ციკლი მოგების გარეშე დავასრულეთ და, რა თქმა უნდა, ეს შედეგი არავის გვაკმაყოფილებს. ამის მიუხედავად, ფედერაციის ნაბიჯს დადებითად ვაფასებ. საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი უკეთესია, ვიდრე ადრე. სწორ გზაზე ვდგავართ. ჩემი აზრით, თუ მომავალ შესარჩევ ციკლში ტრავმები არ გაგვაწამებს, უკეთესი შედეგი გვექნება".
დიმა შარიქაძე (adjarabet.com):
"ვაისმა გააერთიანა გუნდი. ფსიქოლოგიურად ასე ძლიერი და ტაქტიკურად ასე განსწავლული საქართველოს ნაკრები არ მახსენდება. ჩვენ ვახერხებთ გოლის გაშვების შემდეგ გავუტანოთ არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ, ევრო 2016-ის ნახევარფინალში გასულ უელსს კარდიფში. ბოლოს, სერბეთთან საქართველოს ნაკრებმა ყველაზე რეალური საგოლე მომენტი შექმნა გოლის გაშვების შემდეგ.
ნეიტრალური თვალით უელსთან, ავსტრიასა და ირლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩები სენსაცია იყო, რადგან დღეს ქართველი ფეხბურთელები მეტოქეებზე გაცილებით სუსტ გუნდებში ასპარეზობენ. გარდა ამისა, საქართველო ფიფას რეიტინგში მათ ბევრად ჩამორჩება.
ვაისმა დაუშვა შეცდომები სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას, მაგალითად, ავსტრიასთან შინ და მოლდოვასთან სტუმრად, როცა ნიკა კვეკვესკირზე უარი თქვა და თამაში ვერ დავალაგეთ, მაგრამ შემდგომ ამ ტიპის შეცდომები გამოასწორა.
კიდევ ერთი საკითხია გუნდში ახალგაზრდების გამოჩენა - გვილია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, ქვილითაია, კაჭარავა, ტაბიძე, მაკარიძე და ჯიღაური გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებად იქცნენ. საერთო ჯამში, კახა ცხადაძის მიერ დაბალანსებული გუნდის ხელმძღვანელობა ვაისმა ძალიან კარგად გააგრძელა.
იყო შეცდომები, რომლებიც ალბათ უნდა ყოფილიყო კიდეც, რადგან სხვანაირად გუნდის შენება არ გამოდის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ვაისისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება სწორი გადაწყვეტილებაა, შედეგი კი - მეხუთე ადგილი, რის გამოც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ მას, არსებული კონტინგენტის შესაბამისია".
ნიკა ბაიდაური (სპორტერი):
"ჩემი აზრით, ვაისი ამ გუნდში უნდა დარჩეს. მიზეზი რამდენიმეა:
1) აშკარაა რომ ვაისის ფორმაციის ნაკრები აღარ ჰგავს ქაოსურად მოთამაშე გუნდს, რომელიც 10 კაცით ყრუ დაცვაში იჯდა;
2) გუნდი გააზრებულ კომბინაციებზე აკეთებს აქცენტს. მართალია, ამას ჯერ 90 წუთის განმავლობაში ვერ ვაკეთებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე წლის წინ ამაზე საერთოდ არ კეთდებოდა აქცენტი.
სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს ნდობა და დრო სჭირდება. მეორე მხრივ, ნაკრებისთვისვეა ცუდი ასე ციკლიდან ციკლამდე მწვრთნელის ცვლა, ვინაიდან ასეთი არასტაბილურობის განცდით თამაშის ხარისხის მხრივ პროგრესი შეუძლებლად მესახება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"