რატომ ახალი კონტრაქტი ვაისს? რა ხდება სხვა ქვეყნებში, როცა მწვრთნელი შედეგს ვერ დებს

AutoSharing Option
სტუმართმოყვარე ერი ვართ, სტუმარს კარგადაც ვხვდებით და მისი გაშვება გვიჭირს. აი, მაგალითად, ორი წელია, ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ისე ჩაატარა, რომ მოგება არ გვაქვს. როცა სხვა ქვეყნებში მუნდიალის შესარჩევში ცუდ გამოსვლას არ პატიობენ, ჩვენი ფედერაცია ახალ კონტრაქტზე მუშაობს და სავარაუდოდ, სლოვაკი სპეციალისტი შემდეგ საკვალიფიკაციოზეც გაუძღვება საქართველოს ნაკრებს.

- ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

მოდით, ვნახოთ, რა მოხდა სხვა ჯგუფებში? პატიობდნენ თუ არა თუნდაც ჩვენი დონის ნაკრების მწვრთნელებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის
საკვალიფიკაციოზე ნაჩვენებ უარყოფით შედეგს? ამ კითხვაზე პასუხს სტატიაში იხილავთ.

დავიწყოთ A ჯგუფით, სადაც ბელორუსმა, ჩვენ მსგავსად, სულ 5 ქულით დაასრულა გამოსვლა და მე-6 ადგილზე გავიდა.

ნაკრებს პირველ ოთხ ტურში ბელორუსი ალეკსანდრ ხაცკევიჩი წვრთნიდა. ბელორუსებმა პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ ითამაშეს და ქომაგიც იმედიანად იყო, მაგრამ ამ წარმატების შემდეგ, მოულოდნელად, ლუქსემბურგთან ქულები გაიყვეს, ჰოლანდიასა და ბულგარეთთან კი წააგეს. აი, ეს უკვე აღარ აპატია ფედერაციამ ხაცკევიჩს და ნაკრებიდან გაუშვა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 10 7 2 1 18-6 23
2. შვედეთი 10 6 1 3 26-9 19
3. ჰოლანდია 10 6 1 3 21-12 19
4. ბულგარეთი 10 4 1 5 14-19 13
5. ლუქსემბურგი 10 1 3 6 8-26 6
6. ბელორუსი 10 1 2 7 6-21 5

* * *
საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 მარცხის შემდეგ ლატვიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარიანს პაჰარსმა გადაწყვიტა, პოსტი დაეტოვებინა.

მანამდე ლატვიის ნაკრებს შესარჩევში 5 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, ერთადერთი მოგება კი ანდორასთან ჰქონდა. ფედერაციას ლატვიელი სპეციალისტის ნაკრებში დარჩენა სურდა, მაგრამ პაჰარსმა თავად გადაწყვიტა, რომ მისი შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი და უნდა წასულიყო.

საბოლოოდ ლატვიამ B ჯგუფში შვიდი ქულით დაასრულა ასპარეზობა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 10 9 0 1 32-4 27
2. შვეიცარია 10 9 0 1 23-7 27
3. უნგრეთი 10 4 1 5 14-14 13
4. ფარერები 10 2 3 5 4-16 9
5. ლატვია 10 2 1 7 7-18 7
6. ანდორა 10 1 1 8 2-23 4

* * *
აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატმა მწვრთნელმა რობერტ პროსინჩკიმ გადადგომის შესახებ ახლახან განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელ ხალხს იმედები გაუცრუა.

როგორც კი შესარჩევი დაიწყო, ჩვენმა მეზობლებმა სტუმრად სან მარინო დააამარცხეს, ბაქოში კი ნორვეგიის ნაკრებს მოუგეს. მესამე ტურში ჩეხებთან სტუმრად ფრეს გამორჩნენ და აზერბაიჯანელებს ეგონათ, რომ ცალი ფეხით უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე იყვნენ...

მაგრამ ამ ყველაფერს მოჰყვა ჯგუფში ექვსი მარცხი და ერთი გამარჯვება ისევ სან მარინოსთან. ჩვენმა მეზობელმა C ჯგუფში გამოსვლა 10 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 10 10 0 0 43-4 30
2. ჩრ. ირლანდია 10 6 1 3 17-6 19
3. ჩეხეთი 10 4 3 3 17-10 15
4. ნორვეგია 10 4 1 5 17-16 13
5. აზერბაიჯანი 10 3 1 6 10-19 10
6. სან მარინო 10 0 0 10 2-51 0

* * *
რაც შეეხება ჩვენს ყოფილ კონკურენტ მოლდოვას, მუნდიალზე თამაშის ამბიცია მას არც ჰქონია, თუმცა ჯგუფში დაკავებული ბოლო ადგილის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი იგორ დობროლოვსკი ჯერჯერობით კვლავ რჩება ნაკრებში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ორივე მატჩში ფრედ ითამაშა (1:1, 2:2).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 10 6 3 1 20-10 21
2. ირლანდია 10 5 4 1 12-6 19
3. უელსი 10 4 5 1 13-6 17
4. ავსტრია 10 4 3 3 14-12 15
5. საქართველო 10 0 5 5 8-14 5
6. მოლდოვა 10 0 2 8 4-23 2

* * *
სომხეთის ეროვნული ნაკრები E ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა 7 ქულით. ჩვენს მეზობლებს ადგილობრივი სპეციალისტი არტურ პეტროსიანი წვრთნის. სომხებიც იმედოვნებდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას, მაგრამ სრული ფიასკო განიცადეს.

მონტენეგროსა და ყაზახეთს შინ მოუგეს, ამ უკანასკნელთან გასვლაზე ფრედ ითამაშეს, აი, დანარჩენი მატჩები კი წააგეს.

ჯერჯერობით მთავარ პოსტზე კვლავ პეტროსიანი რჩება, რომლის დარჩენასაც ნაკრების ლიდერი ჰენრიხ მხითარიანი უჭერს მხარს.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 10 8 1 1 28-14 25
2. დანია 10 6 2 2 20-8 20
3. ჩერნოგორია 10 5 1 4 20-12 16
4. რუმინეთი 10 3 4 3 12-10 13
5. სომხეთი 10 2 1 7 10-26 7
6. ყაზახეთი 10 0 3 7 6-26 3

* * *
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ლიტვის ნაკრებს ადგილობრივი მწვრთნელი ედგარას იანუსკასი წვრთნიდა.

ლიტვამ ჯგუფი 6 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა. იანუსკასი შეგირდებმა 1 მატჩი მოიგეს, 3 შეხვედრა ფრედ ითამაშეს და 6 წააგეს.

როგორც ცნობილია, ლიტვაში ახალი მწვრთნელის მიწვევას ფიქრობენ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 10 8 2 0 18-3 26
2. სლოვაკეთი 10 6 0 4 17-7 18
3. შოტლანდია 10 5 3 2 17-12 18
4. სლოვენია 10 4 3 3 12-7 15
5. ლიტვა 10 1 3 6 7-20 6
6. მალტა 10 0 1 9 3-25 1

* * *
ებრაელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები ისრაელის ნაკრებიდან ელიშა ლევის გაშვებას მოითხოვენ.

G ჯგუფში ისრაელმა მე-4 ადგილი დაიკავა, არადა, ნაკრების მწვრთნელი მათ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ჰპირდებოდა.

ისრაელმა 4 თამაში მოიგო და 6 წააგო, ებრაელების ჯგუფში კი ესპანეთი და იტალია იყვნენ. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია, ამ დღეებში გახდება ცნობილი.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 10 9 1 0 36-3 28
2. იტალია 10 7 2 1 21-8 23
3. ალბანეთი 10 4 1 5 10-13 13
4. ისრაელი 10 4 0 6 10-15 12
5. მაკედონია 10 3 2 5 15-15 11
6. ლიხტენშტაინი 10 0 0 10 1-39 0

* * *
6 თამაშის შემდეგ გაუშვეს კრისტაკის კრისტოფურო, რომელიც კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი იყო.

მან საკვალიფიკაციოს დაწყებიდან პირველი სამი თამაში წააგო, ორჯერ მოიგო გიბრალტართან და ერთიც ფრე ითამაშა. საბოლოოდ კვიპროსმა 10 ქულით ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 10 9 1 0 43-6 28
2. საბერძნეთი 10 5 4 1 17-6 19
3. ბოსნია 10 5 2 3 24-13 17
4. ესტონეთი 10 3 2 5 13-19 11
5. კვიპროსი 10 3 1 6 9-18 10
6. გიბრალტარი 10 0 0 10 3-47 0

* * *
ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შვედი ჰანს ბაკე ოთხი მატჩის შემდეგ გაუშვეს. ბაკემ კოსოვოსთან მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო შემდეგ ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.

ფინეთის ფედერაციის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილება გამოდგა, მაგრამ დაგვიანებული. გუნდში ადგილობრივი სპეციალისტის, მარკუს კანერვას მოსვლის შემდეგ ფინელებმა პირველადგილოსანი ისლანდია დაამარცხეს და საბოლოოდ 2 მოგებით, 3 ფრით და 5 წაგებით მე-5 ადგილზე გავიდნენ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 10 7 1 2 16-7 22
2. ხორვატია 10 6 2 2 15-4 20
3. უკრაინა 10 5 2 3 13-9 17
4. თურქეთი 10 4 3 3 14-13 15
5. ფინეთი 10 2 3 5 9-13 9
6. კოსოვო 10 0 1 9 3-24 1

* * *
როგორც ვხედავთ იმ ნაკრებებსაც კი, რომლებსაც თუნდაც მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდათ, ახალი მწვრთნელები ჰყავთ.

იმ ნაკრებებში, სადაც მთავარმა მწვრთნელებმა შესარჩევის დასაწყისშივე ვერ აჩვენეს მისაღები შედეგი, ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, ბელორუსის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ითამაშა და გაუშვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაისსაც იგივე სტატისტიკა ჰქონდა, წააგო პირველი ორი მატჩი და ორი ფრე ითამაშა, მათ შორის 1:1 მოლდოვის ნაკრებთან.

გამოსარჩევია მეორე ფაქტიც, სადაც ნაკრების მწვრთნელებმა შედეგი ვერ დადეს და თვითონვე გადადგნენ. მაგალითად, აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც ჩათვალა, რომ გულშემატკივარს იმედები გაუცრუა. არადა, 10 ქულა და სამი მოგება ჰქონდა, ჩვენ კი ერთი გამარჯვებაც სანატრელი გაგვიხდა...

ისრაელის ნაკრების ქომაგი სულაც იმაზეა განაწყენებული, რომ გუნდი ესპანეთსა და იტალიასთან მეტოქეობაში ვერ გავიდა ჯგუფიდან. საქართველოს ნაკრებში კი, რომელიც უფავორიტო ჯგუფში მოხვდა და მაინც ვერაფერს მიაღწია, მწვრთნელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ...

მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევში 9 ჯგუფი იყო და მე-5 ადგილზე გასულ ნაკრებებს შორის ქულების რაიოდენობის მხრივ ბოლო ადგილს ვიკავებთ. ვაისის დამოძღვრილების მხრიდან "კარგი თამაში", ეტყობა, არ არის საკმარისი საერთაშორისო დონეზე რაიმეს მისაღწევად...
მკითხველის კომენტარები / 39 /
კობიაშვილი მაფიოზაა და რასაკვრველია სქემებიც მაფიოზური აქვს. იცით რა იქნება? ფარერები და სანმარინოც რომ გადაგვივლის და ეს ასე იქნება გარწმუნებთ, რადგან ჩვენი ნაკრები უკვე უფსკრულის ფსკერზე აგდია ყოვლადუთავმოყვარეო და ნამუსაყრილი, მაშინ იტყვის, ჩემი აზრით, ეგ ციხეში დასალპობი კობიაშვილი რაღაც ვერ გავთვალეთო, თუ არა და ნახავთ რომ ასე იქნება და საერთოდ, მიმიფურთხებია იმ ქვეყნისათვის, სადაც კობიაშვილი და კობიასვილისნაირები ხალხს ნერვებს უწამლავენ.
...ჯეკ
09:32 18-10-2017
0
აქ ფეხბურთელებზე რომ ლაპარაკობენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს ....ისლანდიას რონალდოები და პელეები ყავს შედეგს რომ მიაღწია?? ყაზახეთის და აზერბაიჯანის გუნდები უგვე ლიგაზე თამაშობენ...არაფერსესენი არ აკეთებენ
jora
22:47 17-10-2017
0

სიახლეები პოპულარული