ლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს

AutoSharing Option
23 წლის ლუკას ჰუფნაგელს არასოდეს დაავიწყდება სერბეთთან მინიმალური ანგარიშით წაგებული ბელგრადული მატჩი. სწორედ ამ შეხვედრაში შედგა მისი ოფიციალური დებიუტი საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

დედით ქართველი და მამით გერმანელი ჰუფნაგელი ამ დროისათვის მეორე გერმანული ბუნდესლიგის "ნიურნბერგში" თამაშობს, რომელიც ელიტაში აღზევებას ცდილობს.

მან ჯერ კიდევ წლების წინათ მოირგო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მაისურა. მისწრაფება, ეთამაშა საქართველოს ეროვნულ გუნდში, მით უფრო დასაფასებელია, რომ დღეისთვის არაერთი ქართველი ფეხბურთელი, უცხო ქვეყანაში რომ აღიზარდა, არ თანხმდება ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს და ეს მათი საქმეა...

ჰუფნაგელის პროფესიულ კარიერაში
პირველი კლუბი "უნტერჰახინგი" იყო. ამას მოჰყვა "ფრაიბურგში" გატარებული პერიოდი. საინტერესოა, რომ ის დღესაც ამ კლუბის კუთვნილებაა და იჯარით თამაშობს "ნიურნბერგში"...

მე კი, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, თვალწინ მიდგას 2010 წელი, როცა კობა ჟორჟიკაშვილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია. არ მოვერიდები ამ ეპითეტის გამოყენებას - მაშინ ჰუფნაგელმა მართლაც რომ შესანიშნავად, საიმედოდ ითამაშა მოედნის ცენტრში. ეგაა, ზოგიერთმა ჩვენმა გულშემატკივარმა მას ეფექტურობა დაუწუნა - აქაოდა, ერთბაშად რამდენიმე კაცს ვერ ატყუებს, მაღალტექნიკური არ არისო...

ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ყველა კითხვას ყველაზე კარგად დრო სცემს პასუხს. დღეს ჰუფნაგელი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბში თამაშობს, მაშინ, როცა ბევრი იმდროინდელი "ვარსკვლავი", ვინც "ერთბაშად რამდენიმე კაცს ატყუებდა", დაკარგულია.

შეიძლება, ეს ქართული ფეხბურთის დღევანდელობითაც აიხსნას, მაგრამ მაინც...

"ლელო" გერმანიაში დაუკავშირდა ჰუფნაგელს და ინტერვიუ ჩაწერა, ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია ფეხბურთელის დედამ, ქალბატონმა ფიქრიამ, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ "ნიურნბერგისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა...

- ბავშვობიდან დავიწყოთ. გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში. ადრეული ასაკიდანვე გსურდათ, ფეხბურთელი გამოსულიყავით?
- 4 წლის ასაკში ჩემს ძმასა და მეგობრებთან ერთად მეზობლად მდებარე პატარა საფეხბურთო მოედანზე ვთამაშობდი ფეხბურთს. 5 წლისამ საფეხბურთო კლუბ "მიბერსშოფენში" დავიწყე თამაში. 7 წლის ვიყავი, როცა მიუნხენის "ბაიერნის" საფეხბურთო სკოლამ შემომთავაზა ხელშეკრულება. იქ 17 წლამდე ვითამაშე. სიმართლე გითხრათ, მანამდე არც კი მიფიქრია, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

- მინდა, გაიხსენოთ პირველი მიწვევა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში. დიდხანს იფიქრეთ, სანამ არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებდით?
- რა თქმა უნდა, ის პერიოდი კარგად მახსოვს. კობა ჟორჟიკაშვილმა შემომთავაზა, მეთამაშა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში. არც მიფიქრია, ისე დავთანხმდი მის შეთავაზებას.

- რა იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც ეს არჩევანი გააკეთეთ?
- ჩემთვის, როგორც ნახევრად ქართველისთვის, დიდი პატივი იყო და იქნება თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ღიმილით ვიხსენებ, 6 წლის ასაკში როგორ მივახარე დედას: თუ ფეხბურთელი ვიქნები, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ-მეთქი...

- რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?
- ბავშვობაში ყოველ წელს, ზაფხულის არდადეგებისას 4-5 კვირით ვსტუმრობდი ბებიასა და ბაბუას, ნათესავებს...

სამწუხაროდ, ბოლო წლებში იშვიათად ვახერხებ საქართველოში ჩასვლას.

- უნდა გკითხოთ თქვენი კარიერის ამჟამინდელ ეტაპზე. რა თქმა უნდა, "ნიურნბერგი" ტრადიციული კლუბია. ოღონდ, ეგაა, იშვიათად გიწევთ თამაში ძირითად შემადგენლობაში. რამდენად ხართ კმაყოფილი ამ გუნდში ყოფნით?
- კმაყოფილი ვარ, რომ ვთამაშობ "ნიურნბერგში", მართლაც ერთ-ერთ ტრადიციულ გერმანულ კლუბში. აქ დიდი კონკურენციაა და ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯები იმისთვის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავიმსახურო.

- საქართველოს ნაკრებში ოფიციალური დებიუტი სერბეთთან მატჩში გქონდათ. როგორი გრძნობა დაგეუფლათ, როცა მინდორზე გახვედით?
- როცა ფეხბურთელი ხარ და მინდორზე გადიხარ, ამ მომენტს ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია ახლავს. საქართველოს ნაკრების შემთხვევაში ეს ემოცია კიდევ უფრო მძაფრი იყო, თუმცა სასურველი იქნებოდა, მეტხანს მეთამაშა (იცინის).

- ზოგადად, როგორ მიგიღეს საქართველოს ნაკრებში?
- ძალიან კარგად. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, კომუნიკაციის პრობლემა არ მქონია. გუნდში ძალიან დადებითი მუხტია, რაც აიოლებს ახალი მოთამაშის ინტეგრირებას.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრებზე? რაში უნდა მოვუმატოთ? რა არის ჩვენი მთავარი ღირსება?
- ზოგადად, საკმაოდ მაღალი დონეა გუნდში. ყველა მოთამაშე კარგადაა მზად ტექნიკურად და ფიზიკურად, თუმცა ვერ შევძელით საგოლე მომენტების გამოყენება და ვფიქრობ, სწორედ ამ კომპონენტში გვაქვს ყველაზე მეტი სამუშაო.

- უეფამ კიდევ ერთი შანსი მოგვცა ერთა ლიგის სახით, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ან თუნდაც მომავალ ევროშესარჩევ ციკლზე რას ფიქრობთ?
- ერთა ლიგიდანაც და ევროშესარჩევიდანაც გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი. თუ ჩვენი ნაკრები კარგად მოემზადება და, ამასთან, შედარებით იოლი ჯგუფი გვერგება, ჩვენი შანსი გაიზრდება.

- ზოგადად, რას ნიშნავს საქართველო თქვენთვის?
- საქართველო ჩემთვის სამშობლოა, ბავშვობის უამრავი მოგონებით სავსე... ჩემი ოჯახი სამშობლოს სიყვარულის კარგ მაგალითს მაძლევს.

ბლიცი
- საყვარელი გუნდი, ნაკრები, ფეხბურთელი...
- თავისთავად, საქართველოს ნაკრები. მერე "ბაიერნი", გერმანიის ნაკრები და კრიშტიანო რონალდო. ისე, უნდა ვაღიარო, რომ ლეო მესი უკეთესი ფეხბურთელია.

- რამდენ ენას ფლობთ?
- გერმანულს, ინგლისურს, ესპანურსა და ფრანგულს. ქართულში უნდა მოვუმატო!

- საყვარელი ქალაქი?
- მიუნხენი და თბილისი.

- საყვარელი მწერალი, მომღერალი და მსახიობი?
- ჰერმან ჰესე, პოსტ მელოუნი, ლეონარდო დი კაპრიო.

- საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები?
- "ტრამალის მგელი".

- ჰობი...
- მუსიკა, ცეკვა, სნოუბორდი, მთაში ლაშქრობა, მოგზაურობა...

- საქართველოში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
- ოჯახის სიმყარე, მხიარული გარემო, გახსნილი ქართული ხასიათი...

- რას იტყვით ქართულ სამზარეულოზე?
- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ქართული კერძები. ჩემი ფავორიტი ხინკალია.

- თქვენ და რეჟიმი...
- საუზმე, ვარჯიში კლუბთან ერთად, თან ხშირად - ორჯერ, საღამოს - განტვირთვა მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად.

- დაბოლოს, რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს?
- ვუსურვებ მოთმინებას. მათი ქომაგობა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მწამს ქართული ფეხბურთის აღორძინების!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩანს საკმაოდ გონიერი ბიჭია
sandro
13:30 22-10-2017
0
ხო და გენაცვალე მაგ გულში,ეგრე რომ გიძგერს.....მჯერა მოუმატებ აუცილებლად,ნაკრებს სჭირდებიიიი
patrioti
13:59 22-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული