საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საკლუბო მომავალი და პერსპექტივები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა მომავალი გულშემატკივრებისთვის ყოველთვის სენსიტიური თემაა. ამიტომ მათ კარიერულ გადაწყვეტილებას ყოველთვის მოჰყვება ბევრი სჯა-ბაასი.

რომელ კლუბში უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, როგორ წარიმართება მათი მომავალი? გთავაზობთ მოსალოდნელ პერსპექტივებს.

განხილულია ის ფეხბურთელები, რომლებსაც უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ყოფნის დიდი შანსები აქვთ.

მეკარეები
გიორგი ლორია - საქართველოს ნაკრების მეკარის კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც გულშემატკივრებს და თავად ფეხბურთელს სურდათ. ფაქტია, რომ გიორგი ლორიას დიდი საკლუბო პერსპექტივები აღარ დარჩა და მისი საკლუბო მომავალი წამყვან გუნდს ნაკლებად შეიძლება
დაუკავშირდეს.

ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში "ანჟის" კარი 11-ჯერ დაიცვა და 16 გოლი მიიღო, ერთი მატჩი ჩაატარა უგოლოდ. დატოვებს თუ არა ზაფხულში კლუბს, ეს მახაჭყალელთა გუნდის მომავალზე იქნება დამოკიდებული, რადგან რუსული კლუბი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა.
ლორიას მომავლის რუსეთში გაგრძელება ნაკლებად სავარაუდოა, მასზე ინტერესს ყაზახეთშიც გამოხატავენ.

გიორგი მაკარიძე
- საქართველოს ნაკრების მეკარეებს შორის გიორგი მაკარიძე ჯერჯერობით ყველაზე პერსპექტიულია, რომელიც პორტუგალიური "რიო ავეს" მეკარეა, თუმცა ახალ გუნდში თამაში ჯერ არ ჩაუტარებია. 28 წლის "კიპერის" გუნდი ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და თუ მაკარიძე ძირითად მეკარეობას მოიპოვებს, მას თავის გამოჩენის შანსი გაუჩნდება და შესაძლოა, უკეთეს გუნდშიც მოხვდეს.

მცველები

საბა კვირკველია - საბას ზაფხულში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - დარჩეს რუსეთში და ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე თუ წავიდეს ინგლისში, სადაც პრემიერლიგის საშუალო დონის გუნდებმა მისით დაინტერესება არაერთხელ გამოხატეს. ფაქტია, ამ ზაფხულს კვირკველიას გამო ბევრი მოლაპარაკება გაიმართება და ფეხბურთელის გადაწყვეტილება კარიერაში გარდამტეხი იქნება.

გურამ კაშია - კაშიამ "ვიტესთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი და ამ გადაწყვეტილებით მან არჩევანი კლუბის ერთგულებაზე გააკეთა, რამაც მას შესაძლოა კლუბის ლეგენდის სტატუსი მოუტანოს. ნაკლებად მოიძებნება ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის ერთგულია და კლუბში ასეთი პატივისცემა ჰქონდეს. შესაბამისად, არნემელთა ქართველი კაპიტანი ალბათ არ გადათქვამს და მის სხვა კლუბში გადასვლას არ უნდა ველოდოთ. კაშია "ვიტესში" 2010 წელს გადავიდა, როცა 22 წლის იყო. ის ახლა 30 წლისაა.

დავით ხოჭოლავა
- ცენტრალურ მცველებს შორის ხოჭოლავას მომავალი ყველაზე გაურკვეველია, ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ "შახტარში" მისი ბედი. ზამთარში უკრაინული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი განათხოვრების შესახებ, თუმცა კლუბმა ის დაიტოვა, რადგან მცველის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელებს ტრავმები ჰქონდათ.

ქართველის კონკურენტები უკრაინელი მცველები: იაროსლავ რაკიცკი, იაროსლავ ორდეცი და სერგეი კრივსტოვია. თუ კლუბი არჩევანს ქართველზე არ გააკეთებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მომავალი საშუალო დონის უკრაინულ კლუბში განათხოვრებით გაგრძელდება.

ოთარ კაკაბაძე
- კაკაბაძის პროგრესი რომ ვერ დაინახო, ალბათ, ბრმა უნდა იყო. მის კარგ თამაშზე ესპანური პრესა ხშირად წერს. მისი სატრანსფერო ზაფხულიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. თუ "ხიმნასტიკიდან" წავა, შეიძლება ეს ნაჩქარევი გამოდგეს და გიორგი აბურჯანიას ბედი გაიზიაროს, ხოლო არც ტარაგონულ კლუბში ელის დიდი პერსპექტივა, რადგან გუნდს ლა ლიგაში შანსი არა აქვს.

გიორგი ნავალოვსკი - უკვე 31 წლისაა და ფეხბურთელი ისეთი აქტიური ვეღარ არის, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო. მისი და კლუბის მომავალიც ბურუსითაა მოცული. დიდი ალბათობით, "სკა ხაბაროვსკი" რუსეთის პრემიერლიგაში პოზიციას ვერ შეინარჩუნებს. გიორგი კლუბს ან პირველ ლიგაში უნდა გადაჰყვეს, ან საქართველოში დაბრუნდეს, ან ყაზახეთშიც შეიძლება მოსინჯოს ძალები.

ნახევარმცველები
ჯაბა კანკავა - ჩვენი კაპიტნის უახლოესი მომავალი ყაზახეთთან იქნება დაკავშირებული, რადგან მან წლეულს არჩევანი "ტობოლზე" შეაჩერა. ნახევარწლიანი უთამაშებლობის შემდეგ იმასაც ამბობდნენ, რომ 32 წლის ნახევარმცველი კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა. ყაზახეთში, როგორც საქართველოში, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტები არ იდება. შესაბამისად, მომავალ წლამდე ის იქ დარჩება, ხოლო შემდეგ ყველაფერი მის სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული.

ნიკა კვეკვესკირი - "ტობოლის" მეორე ქართველი ნახევარმცველი ბოლო პერიოდში სკამზე აღმოჩნდა. ყაზახეთის ჩემპიონატი კი ნამდვილად არ არის ტრამპლინი და მის პერსპექტივებზე რთულია საუბარი. თუ ის გუნდში თავს ვერ დაიმკვიდრებს, ჯობია, საქართველოს ჩემპიონატში დროულად დაბრუნდეს, რადგან წლები გარბის და ნიჭი ასე უბრალოდ არ უნდა იკარგებოდეს.

ვაკო გვილია - "ლუცერნი" კი პირიქით, კარგი ტრამპლინი იქნება ევროპის წამყვან გუნდში მოსახვედრად. ვაკო გვილიას შვეიცარიული გუნდის სახით კარგი პერსპექტივა გამოუჩნდა და მთავარია, ახლა ხელი ტრავმებმა არ შეუშალოს, თორემ 23 წლის ნახევარმცველს შრომა ნამდვილად არ ეზარება. "ლუცერნი", დიდი ალბათობით, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე მოხვედრის შანსებიც აქვთ.

გიორგი აბურჯანია - "სევილიას" მეორე გუნდი აბურჯანიას კარიერაში ჯერჯერობით ცუდი ისტორიაა, რომელსაც ამ ზამთარშიც კი ვერ დააღწია თავი. "ხიმნასტიკის" ვარსკვლავობიდან, "სევილიას" მეორე გუნდში ადგილის ვერდამკვიდრება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. აბურჯანიას ზაფხულში ალბათ ისევ "ხიმნასტიკში" ვიხილავთ, რადგან ტარაგონელები მისდამი ინტერესს კვლავ გამოხატავენ.

ჯანო ანანიძე - ძნელია, უკეთეს კლუბზე იფიქრო, როცა საქართველოს ნაკრების ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი მოედანზე მეტ დროს საავადმყოფოში ატარებს. ყველას უნდა, რომ ჯანომ უკეთეს გუნდში ითამაშოს, მაგრამ მოედანზე უფრო მეტი გატარებული დრო სჭირდება. არსებობს მოსაზრება, ჯანო რუსეთს მიღმა,რომ თამაშობდეს, ამდენი ტრავმა არ ექნებოდა, მაგრამ ეს სათამაშო ადგილზე მეტად ფეხბურთელზეა დამოკიდებული, ლევან ყენიაცა და ლევან მჭედლიძეც ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობდნენ, მაგრამ ტრავმასთან ბრძოლაში ისინიც ხშირად მარცხდებოდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი
- იგივე პრობლემაა ამ შემთხვევაშიც, ოქრიაშვილსაც ბოლო პერიოდში ტრავმიდან ტრავმამდე უწევს ცხოვრება. "კრასნოდარი" მისთვის ამ დროისთვის ალბათ ოპტიმალური გუნდია და თანაც, შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში ითამაშოს. უკეთესი გუნდის პერსპექტივა ზაფხულში ოქრიაშვილს, სამწუხაროდ, არ ექნება.

ვაკო ყაზაიშვილი - ამერიკაში ბევრი მიდის, მაგრამ იქიდან თითქმის არავინ ბრუნდება. ვაკოს ევროპული კარიერა თუ გაგრძელდება, ამას დრო გვიჩვენებს. ყაზაიშვილი მლს-ში ძალიან მოსწონთ და არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში შტატების ჩემპიონატის ფავორიტ გუნდში აღმოჩნდეს. მანამდე კი უნდა დაამტკიცოს, რომ "სან ხოსეზე" მეტს იმსახურებს.

გიორგი ჩაკვეტაძე - ახალგაზრდა ტალანტზე ინტერესი კვლავ დიდია და ნაკლებად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "გენტი" მსუყე ბონუსების გარეშე შეელიოს მას. ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ ისე არ ფასობს, როგორსაც მოელოდნენ. ეს მცირე სათამაშო დროით არის განპირობებული. არ არის გამორიცხული, ზაფხულში ის ბელგიაში დარჩეს.

ფორვარდები
გიორგი ქვილითაია - ვენაში სეზონის პირველ ნახევარში მშრალი სერია დიდხანს გაუგრძელდა, თუმცა 2018 წელს 7 გოლი გაიტანა და "რაპიდში" აღარ ფიქრობენ მის გაშვებაზე. ავსტრიიდან წასვლა არ იქნება მოსალოდნელი ამ ზაფხულს. სავარაუდოდ, კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობა მინიმუმ კიდე ერთ წელს გაგრძელდება.

ნიკა კაჭარავა - ქართველ ფორვარდს ამ სეზონში 9 გოლი აქვს ჯამში გატანილი. "კორონაში" მას ენდობიან და მისი თამაში მოსწონთ, მაგრამ საერთო პოლონურ დონეზე ჯერ კიდევ უფრო მეტს ველით მისგან. ალბათ, ნიკასგანაც ამ ზაფხულს ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია და ის კლუბში დარჩება.

ლევან მჭედლიძე - მჭედლიძისა და "ემპოლის" ურთიერთობა იმდენად ჰარმონიულია, რომ წელსაც მათი დაშორება ნაკლებად წარმოსადგენია. ეს ყველაფერი კი ლევანის დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. თუ ის ისეთივე კარგი იქნება, როგორც წინა წელს ტრავმამდე, არ მგონია "ემპოლი" შეელიოს. არც მაინდამაინც მჭედლიძის ინტერესშია კლუბის დატოვება, რადგან უკეთეს გუნდში გადასვლის შანსი ამ გადმოსახედიდან შეუძლებელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული