▶ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრებს თითქმის ნახევარი გუნდი აკლია, თუმცა ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა იმ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოძახებულია. მივყვეთ თანმიმდევრულად.
მეკარეები
სასიხარულო ამბავია, რომ საქართველოს ნაკრებში ამ პოზიციაზე კონკურენცია იზრდება და გუნდს ზაურ მახარაძე დაემატა. იმ ფონზე, როცა გიორგი ლორია ტრავმირებულია, გიორგი მაკ
აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინული პრესა და ქომაგიც ზაურ მახარაძის დაკარგვას განიცდის და ანდრეი შევჩენკოს ადანაშაულებენ იმაში, რომ დონეცკის "ოლიმპიკის" მეკარეს შანსი ერთხელაც არ მისცა.
▶ ua-football.com: რატომ არ აღირსეს ზაურ მახარაძეს უკრაინის ნაკრებში გამოძახება?
მცველები
ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დასარჩენად იბრძვის, წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს და კლუბი გუნდის საკვანძო ფიგურას ვერ გამოუშვებდა. კაკაბაძის ნაკრებში არყოფნის მიზეზი სწორედ ესაა.
ძალიან კარგი სიახლეა, რომ ნაკრებში შანსი ეძლევა ახალგაზრდა მარცხენა მცველ ლევან ხარაბაძეს, რადგან მის მიერ ამ სეზონში ჩატარებულმა მატჩებმა იმედი გაგვიჩინა, რომ ნაკრებში ამ პოზიციას შეავსებდა და სამომავლოდ პრობლემატური აღარ იქნებოდა.
ნაკრებში ტრავმის შემდეგ ლევან გეგეჭკორი დაბრუნდა, რომელიც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ამ ამხანაგურ შეხვედრებში უკონკურენტოდ იქნება.
ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ნაკრებში შანსი არ მიეცა გიორგი მჭედლიშვილს. თუმცა აქ ერთი ფაქტორიცაა, გიორგის ჯერ საერთოდ არ უთამაშია ხორვატიის უმაღლეს ლიგაში და ნაადრევი ხომ არ არის ხორვატიის მეორე ლიგიდან ფეხბურთელის გამოძახება?
ნახევარმცველები
საქართველოს ნაკრებს დააკლდება გიორგი პაპუნაშვილი, რომელსაც პრინციპული მატჩები ელის წინ, რადგან "სარაგოსა" ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ამ ეტაპზე ნაკრებში არ არის ვაკო ყაზაიშვილიც, რომელსაც 3 ივნისს "ჩიკაგოსთან" აქვს ამერიკაში თამაში.
კარგი სიახლეა, რომ ამ პოზიციაზე ორი დებიუტანტია: ბექა ვაჩიბერაძე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ბექა საკმაოდ პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელია, იმის მიუხედავად, რომ მისი ესპანური კარიერა ვერ აეწყო. 22 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ აქვს შანსი, თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.
გიორგი ბერიძეს ახალგაზრდული ნაკრებებიდან ვიცნობთ და ასაკობრივ გუნდებში ყოველთვის გამორჩეული იყო. ბერიძე სლოვაკურ "ტრენჩინში" თამაშობს და ბელგიური "გენტის" მიერ არის განათხოვრებული. ბერიძემ ამ სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
წარმატებული სლოვაკური კარიერით ვახტანგ ჭანტურიშვილიც ნამდვილად იმსახურებდა სანაკრებო სიაში მოხვედრას, ტრნავის "სპარტაკი" ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში მიიღებს მონაწილეობას.
სასიხარულოა, რომ სიაშია საბა ლობჟანიძე, რომელსაც წინა შეკრებებზე არ მიეცა შანსი. ახალგაზრდა შემტევი დანიის სუპერლიგაში ბოლო შეხვედრებია "ფრინავს" და მისი გუნდი გავარდნიდან თითქმის მარტომ იხსნა.
აგრეთვე კარგია, რომ შანსი ეძლევა ოთარ კიტეიშვილს. ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად უნდა იყოს ეროვნულ ნაკრებში.
ცოტა უცნაურია, თუ რა ფაქტორით მოხვდნენ ამ ეტაპზე სანაკრებო სიაში ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური, რომლებიც ამ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდებში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებენ. კვეკვესკირმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 33 წუთი ითამაშა, ხოლო ჯიღაურმა ბოლო ცხრა შეხვედრაში - ჯამში 140 წუთი.
ეს ფეხბურთელები ნაკრებში უნდა თამაშობდნენ, ოღონდ მხოლოდ იმ ეტაპზე, როცა საუკეთესო ფორმაში არიან, მათი გუნდების სპეციფიკიდან და მათი ასპარეზობიდან გამომდინარე, ჯობდა ეს ადგილები სხვა ფეხბურთელებს შეევსოთ. თუნდაც ეროვნული ლიგიდან შანსის მიცემა შეიძლებოდა ირაკლი ბუღრიძისთვის ან გიორგი კოხრეიძისთვის.
კითხვის ნიშნის ქვეშაა გიორგი აბურჯანიას გამოძახებაც. რა განაპირობებს იმ გუნდში, რომელიც ესპანეთის მესამე ლიგაში დაქვეითების კანდიდატია, უთამაშებელი ფეხბურთელი გამოძახებას ნაკრებში? აბურჯანიაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ვიცით მისი შესაძლებლობები, თუმცა ამ ეტაპზე ის არ არის ისეთ ფორმაში, რომ ერთა ლიგის პირველადი მატჩებისთვის მოვიაზროთ.
თავდამსხმელები
გიორგი ქვილითაია ნაკრების შეკრებას ტრავმის გამო ტოვებს. ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა ლევან მჭედლიძე, თუმცა ვლადიმირ ვაისმა მისი გამოძახებით არ გარისკა, რადგან მისთვის ჯანო ანანიძის ამბავი კარგი გაკვეთილი გამოდგა.
საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე. მე პირადად ამ ფეხბურთელთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ეროვნულ ლიგაში თუ საუკეთესოს შერჩევის პრინციპით მიმდინარეობს ფეხბურთელის გამოძახება, რა დააშავა გიორგი გაბედავამ, რომელიც ბომბარდირია და საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობაში 8 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული?
თუ სტატისტიკურ საიტებს დავუჯერებთ, დაახლოებით ერთი წელია გოლი არ გაუტანია ვლადიმერ დვალიშვილს, რომელიც ისრაელის ჩემპიონატის აუტსაიდერ გუნდში, აშკელონის "აპოელში" თამაშობს. კლუბში 9 ჩატარებულ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამათგან მხოლოდ 4-ში იყო ძირითად შემადგენლობაში და ისიც ბოლოს ერთი თვის წინ.
გასაგებია, იყო პერიოდი, როცა ჯერ კიდევ თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს, რაღაც პერიოდი იჩაგრებოდა და ნაკრებში არ იძახებდნენ, თუმცა მაშინდელი დვალიშვილი და დღევანდელი დვალიშვილი საერთოდ სხვადასხვაა.
არ ვიცი, ნაკრებში VIP-ბარათები თუ არსებობს, მაგრამ რა უნდა თქვა ამ შემთხვევაზე, ამის გასამართლებელი ერთი მიზეზიც კი არ არსებობს, როცა ათეულობით უკეთეს ფორმაში მყოფი ქართველი ფეხბურთელი ნაკრების მაისურის მორგებაზე ოცნებობს.
ვიმედოვნებთ, მინდორზე მაინც მხოლოდ იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, ვინც ამას იმსახურებს, რადგან ნაკრები მომავალზე უნდა იყოს გათვლილი და ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდება იმ ფეხბურთელთა შესაძლებლობები, რომლებსაც ასე ველოდით ნაკრებში.
თითქმის მარტო