10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები ლუქსემბურგთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა ლუქსემბურგთან სტუმრად ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის ექსპერიმენტებმა ამ შემთხვევაში არასასურველი სახე მიიღო, რამაც საბოლოოდ ეს შედეგი მოიტანა.

გიორგი მაკარიძე 6.5 - გოლის მომენტში, მაკარიძის გარდა, ალბათ, ყველა იყო დამნაშავე, მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული, ცენტრალური მცველებით დასრულებული, ხოლო უშუალოდ მაკარიძის ბრალი არ ყოფილა. გიორგი რამდენიმე მომენტში კარგად გაისარჯა, არ შეუშინდა ბურთზე წასვლას, იმის მიუხედავად, რომ ორ მომენტში კინაღამ ტრავმით დაასრულა.

P.S ზაურ მახარაძის არყოფნა განპირობებული იყო იმით, რომ მას არ ჰქონდა ამ
შეხვედრებში თამაშის უფლება.

ჯაბა ჯიღაური 5.5 - რატომ ამხელა შეფასება? ყველაზე ნაკლებად არის ჯაბა ჯიღაურის ბრალი, რომ მან მარჯვენა მცველად ვერ ითამაშა. ძნელია, მოსთხოვო შემტევს მცველობა, ვაისის ამ ექსპერიმენტმა კი კოლაფსი განიცადა, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ, რომელიც თითქმის ყველა შეტევას ამ ფლანგზე იწყებდა და საბოლოოდ გოლითაც დაასრულა. სხვა შემთხვევაში პირველი ტაიმის განმავლობაში ჯიღაური შეტევებში ერთვებოდა და ამწვავებდა თამაშს.

გურამ კაშია 5.5 - ნაკრების მცველი ისეთი კარგი არ ყოფილა, როგორც წინა შეხვედრაში და მისი როლი გაცილებით განსხვავებული იყო. გოლის მომენტშიც დაიგვიანა მოქმედება და ბოლომდე სტაბილურიც არ ყოფილა.

დავით ხოჭოლავა 5.0 - რთულია, ფეხბურთელს დააბრალო, რომ სხვა პოზიციაზე კარგად ვერ ითამაშა. როცა ხოჭოლავა ცენტრალური მცველი იყო, რამდენჯერმე განმუხტა სიტუაცია და საკმაოდ "უხეში" იყო მეტოქეთა შემტევებთან თამაშის დროს, ხოლო პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საყრდენ ზონაში თამაში არ არის მისი საქმე.

გიორგი ნავალოვსკი 6.0 - დღეს მარცხენა ფლანგზე ექსპერიმენტი არ გვინახავს და დააყენა ის ფეხბურთელი, რომელიც დიდი ალბათობით, ერთა ლიგაზე ყაზახეთთან ამ პოზიციაზე დაიწყებს. ნავალოვსკის ცუდი მატჩი არ ჩაუტარებია. ის, რომ მისი ფლანგიდან შეტევები ვერ იქმნებოდა, ეს უფრო მისი პარტნიორის დამსახურება იყო, რომელიც თამაშს ვერ ამწვავებდა.

ჯაბა კანკავა 6.0 - ნაკრების კაპიტანი თავის საქმეს ასრულებდა, ნახევარდაცვაში კეტავდა ზონებს და მეტოქის შემტევებსაც არ აძლევდა იდეების განხორციელების საშუალებას. თუმცა მაინც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაღაცა აკლდა და რიგ შემთხვევებში უფრო მეტად აგრესიულობა სჭირდებოდა.

გიორგი აბურჯანია 5.0 - აბურჯანიას სასწრაფოდ კლუბის გამოცვლა და სათამაშო დრო სჭირდება, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია. რთულია, შეადარო ეს იმ ფეხბურთელს, რომელსაც მისი სახით ადრე ვიცნობდით და მოედანზე ვხედავდით. ფაქტია, ის ამ პოზიციაზე ფორმაში მყოფ ვერც გვილიას და ვერც კვეკვესკირს ვერ გაუწევს კონკურენციას.

ვახტანგ ჭანტურიშვილი 4.0 - უნდა ითქვას, ამ ორი შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ ჭანტურიშვილი ამ ეტაპზე ნაკრებში სათამაშოდ მზად არ არის. მისი ფლანგი ორივე მატჩში "მკვდარი" იყო და ის მოედანზე თითქმის არ ჩანდა. გოლის მომენტშიც გარკვეული წვლილი მიუძღვის. როდესაც მასპინძლებმა საჯარიმოში ბურთი ჩააწოდეს, მან მეტოქესთან ორთაბრძოლა წააგო, რასაც გოლი მოჰყვა. საკითხავია ისიც, თუ რატომ დაეთმო ამდენი დრო - სრული 180 წუთი ორ შეხვედრაში?

გიორგი ხარაიშვილი 5.0 - არც ხარაიშვილი არ არის ნაკრებისთვის მზად. ეს შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ ახალ კლუბში განვითარებას ახლა იწყებს და მომავალი გვაჩვენებს, თუ რა სიმაღლეს მიაღწევს. სხვა შემთხვევაში, მოედანზე მისი მოქმედებები არც ისე ეფექტური იყო.

გიორგი ბერიძე 4.0 - ამ ორ შეხვედრაში ვერც ბერიძემ მოწყვიტა ციდან ვარსკვლავები, მას მეტი მუშაობა მართებს საკუთარ თავთან. ამ ეტაპზე არც მისი თამაში არ არის სანაკრებო დონის. "გენტში" დაბრუნებული თუ მოიპოვებს სათამაშო დროს და მოუმატებს, მისთვის ნაკრებში კარები ღია იქნება.

ნიკა კაჭარავა 6.0 - ვერც იმას იტყვი, რომ კაჭარავას მეტი მართებდა. უკანა ხაზი ნაკლებად ამარაგებდა მას პასებით, რის გამოც ნიკას უკან დახევა უწევდა, ბურთზე ბრძოლა და შეტევების თვითონ წამოწყება. იყო მომენტები, როცა ეფექტური ფინტებიც შემოგვთავაზა, თუმცა იყო შემთხვევებიც, რომ პასის გაცემა მართებდა.

ცვლილებები

საბა ლობჟანიძე 5.0 - ნაკრებში ეს ის საბა არ იყო, რომელიც "რანდერსში" ფრინავს. ამ ეტაპზე, ალბათ, ვერც საბამ ვერ დააკმაყოფილა ვაისისა და გულშემატკივრის მოთხოვნები. ფაქტია, მისგან მეტი მოლოდინები გვქონდა. სამწუხაროდ, არც ძირითადში და არც შეცვლაზე დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა ვერ შეძლო. 

ლაშა დვალი 5.0 - დვალმა თავის პოზიციაზე ითამაშა, თუმცა იმ მომენტში ჩაერთო, როცა ნაკრებს ყველაზე მეტად გაუჭირდა და გოლი გაუშვა. გოლის მომენტში დაგვიანებული იყო მისი მოქმედებები და არც აღარაფრის შეცვლა შეეძლო.

ოთარ კიტეიშვილი 6.0 - ოთარი შეხვედრაში გვიან ჩაერთო. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ვაისმა ნახა მისი შესაძლებლობები და სურდა, სხვა ფეხბურთელებიც გამოეცადა. კიტეიშვილმა რამდენჯერმე სცადა შეტევების გამწვავება, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ბუდუ ზივზივაძე 4.0 - ბუდუ იმ მომენტში შემოვიდა მოედანზე, როცა ნაკრებს რაღაცა სახის გარდატეხა სჭირდებოდა, თუმცა მან ეს არათუ ვერ შეძლო, არამედ ის საერთოდ არ ჩანდა რიგ მომენტებში.

ლაშა შერგელაშვილი - მან ბოლო 10 წუთი ითამაშა და რთულია, მისი თამაში შეაფასო, რადგან არც განსაკუთრებული მომენტები ჰქონია და არც დრო ამისათვის.

ლევან გეგეჭკორი - იმის მიუხედავად, რომ "რუსთავის" მცველმა წინა შეხვედრაში ვერ ითამაშა, ლუქსემბურგთან დაპირისპირებაში მისი მატჩში ჩართვა, საჭიროებიდან გამომდინარე, დაგვიანებული გამოდგა.

ვლადიმირ ვაისი 5.0 - დღევანდელ ლუქსემბურგთან ნაკრების მეორე გუნდით წაგება კატასტროფა არ არის, მაგრამ შეიძლება ასე არ მომხდარიყო, სლოვაკს უფრო ეფექტურად რომ ემოქმედა. პირველ რიგში, პირველი ტაიმის შემდეგ სასწრაფოდ იყო დაცვიდან მოსახსნელი ჯაბა ჯიღაური, თუმცა მან ეს არ გააკეთა და საბოლოოდ ამ ფლანგიდან გოლი მივიღეთ.

დავით ხოჭოლავას საყრდენ ზონაში ასვლას თავიდანვე დაეტყო, შეცდომა რომ იყო. ჯობდა, გურამ კაშიას ეთამაშა - მას ამ პოზიციაზე გარკვეული სახის გამოცდილება აქვს.

ჭანტურიშვილისთვის ორი 90 წუთი ნამდვილად ზედმეტია, როცა არცერთ შეხვედრაში ერთი ტაიმიც კი არ ჩაუტარებია კარგად, მეორე ტაიმში მისი მოედანზე დარჩენის სურვილი რომ გაგჩენოდა.

ასევე, კაჭარავას ჩანაცვლება არ ჩანდა მართებული გადაწყვეტილება, რომელიც არცთუ კარგ, მაგრამ გარკვეული სახის მომენტებს ქმნიდა. ხოლო მარცხენა ფლანგზე რეალურად მხოლოდ ერთ მცველს მიეცა შანსი - გიორგი ნავალოვსკის, რომლის შესაძლებლობებიც აქამდეც ვიცოდით. შეიძლებოდა ამ პოზიციაზე ლაშა შერგელაშვილის ან გიორგი ხარაბაძის დატვირთვა.

altლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ

altსამწუხაროა - საქართველოს ნაკრებმა უხეიროდ ითამაშა და სუსტ ლუქსემბურგთან დამარცხდა! [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 22 /
უჩა ლობჟანიძე ყოველთვის უნდა იყოს განაცხადში (კაკაბაძეს რამე რომ დაემართოს).
Gura
20:20 06-06-2018
6
რა გჭირთ ხალხო?
ეს ხომ ამხანაგური თამაში იყო და რის ამხანაგები ხართ, თუ ვერ გავუგეთ ერთმანეთს.
ბურთი კი მრგვალია.
კვადრატნი რომ ყოფილიყო, უეჭველი მოვიგებდით.
კ ო მ ბ ლ ე
16:25 06-06-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული