ყველაზე კონკურენტუნარიანი პოზიცია ნაკრებში - ცენტრალური დაცვის ხუთეული

AutoSharing Option
ერთა ლიგის დაწყებამდე მცირე დროა დარჩენილი. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს ყაზახეთში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს.

უკვე შემოგთავაზეთ საქართველოს ნაკრების მეკარეების, ფორვარდების, ფლანგის მცველებისა და საყრდენი ნახევარმცველების მიმოხილვა, ახლა კი ყველაზე კონკურენტუნარიან პოზიციაზე ვისაუბროთ - ცენტრალურ დაცვაზე.

  1. altმეკარეების დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში - ვინ იქნება პირველი ნომერი?

  2. altდაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?

  3. altგვილია, კანკავა, აბურჯანია, კვეკვესკირი... - რომელი მოხვდება ვაისის სქემაში?

  4. altმჭედლიძის კლასი, ქვილითაიას ალღო, კაჭარავას პარამეტრები - ვის აირჩევს ვაისი?


ცენტრალურ დაცვაში გვილხინს და კონკურენცია წლიდან
წლამდე იზრდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც გვყავს ორი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც ჯერჯერობით უკონკურენტოა.

გთავაზობთ ხუთეულს:

5. ლაშა დვალი - 23 წლის - 500 000 ევრო - "პოგონი", პოლონეთი - სიმაღლე 191 სმ
ლაშა დვალს პოლონურ გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. ნიჭიერი ქართველი მცველი საკუთარ გუნდში გამორჩეულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ "პოგონი" საკმაოდ სუსტი გუნდია და წლიდან წლამდე მათი მიზანი მხოლოდ ექსტრაკლასაში დარჩენაა.

ლაშასთვის საქართველოს ნაკრებში თამაში უცხო არ არის. მისი დებიუტი კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში შედგა, როდესაც თბილისში გერმანიის ნაკრებს ვეთამაშებოდით. მეოთხე წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა ტრავმა მიიღო და ის მის ნაცვლად შევიდა მოედანზე. ჯამში, მას ნაკრებში 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ვლადიმირ ვაისმა ამხანაგურ შეხვედრაში დვალის გამოყენება მარცხენა მცველად სცადა, თუმცა ეს ექსპერიმენტი ჩავარდა. ნაკრებში დღევანდელი კონკურენციის პირობებში - ლაშას ახალი გუნდის ძებნა მართებს, რადგან მას გაცილებით უკეთესი ასპარეზი ესაჭიროება. სხვა შემთხვევაში მას განაცხადში მოხვედრა გაუჭირდება.

4. ჯიმი ტაბიძე - 22 წლის - 1 000 000 ევრო - "უფა", რუსეთი - სიმაღლე 187 სმ 
ჯიმი ტაბიძე მუდმივად პროგრესირებს და თუ ასე გააგრძელა, მინიმუმ ერთ წელიწადში ძირითად შემადგენლობაზე საფუძვლიანი პრეტენზია ექნება. ტაბიძე კვირკველიას გზას ადგას, მაღალი დონის ცენტრალურ მცველად ყალიბდება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

ახალგაზრდა მცველის დებიუტი საქართველოს ნაკრებში ვაისის დროს შედგა, უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მან 89-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილი შეცვალა. მას ჯამში 6 მატჩში აქვს ნათამაშები.

"უფაში" მან 23 აგვისტოს ევროპა ლიგის პლეი-ოფში "რეინჯერსის" წინააღმდეგ (0:1) ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. რუსულ კლუბს წინ საშინაო შეხვედრა ელის და დიდი შანსი აქვს, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს.

რამდენად იქნება განაცხადში, ეს უკვე სლოვაკი სპეციალისტის პრეროგატივაა, თუმცა ამ ეტაპზე ძირითადი შემადგენლობისთვის რიგში უნდა ჩადგეს.

3. დავით ხოჭოლავა - 25 წლის - 2 500 000 ევრო - "შახტარი", უკრაინა - სიმაღლე 192 სმ
დავით ხოჭოლავამ უკრაინული გრანდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა და გუნდის უცვლელ ფეხბურთელად იქცა. "შახტარი" წელს, ტრადიციულად, ჩემპიონთა ლიგაზე იქნება და ვიმედოვნებთ, რომ ის სტაბილურად უცვლელად გააგრძელებს ასპარეზობას.

როგორც ტაბიძის, ასევე ხოჭოლავას დებიუტი უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, იმ განსხვავებით, რომ მან 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. ხოჭოლავას საქართველოს ნაკრებში 9 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ამ ეტაპზე დავითი, ალბათ, ქვემოთ ჩემს სიაში ხსენებულ ორ მცველს ვერ ჯობია და ვაისიც ალბათ, იმ შემთხვევაში გააკეთებს მასზე არჩევანს, თუ ცენტრალურ დაცვაში სამ მცველს ათამაშებს. თუმცა ხოჭოლავას თავისი თამაშით ნამდვილად ძალუძს, რომ ჰქონდეს ძირითად შემადგენლობაზე პრეტენზია.

2. გურამ კაშია - 31 წლის - 2 000 000 ევრო - "სან ხოსე", ამერიკა - სიმაღლე 185 სმ
გურამ კაშია არა მარტო კარგი მცველი, არამედ ნაკრების ლიდერია. ის თამაშის მიმდინარეობისას ხშირად ფეხბურთელებს კარნახობს და ეხმარება გუნდს სიტუაციის კონტროლში. მისი ორმაგად ფუნქციონალური დატვირთვა კი გუნდს უკეთესს ხდის.

კაშიას საქართველოს ნაკრების 64 შეხვედრაში აქვს ნათამაშები, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და 1 წითელი ბარათიც არის მის ანგარიშზე. მისი დებიუტი 2009 წელს მონტენეგროსთან მატჩში (0:0) შედგა.

ის დღეს ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელია და მალევე მოექცა MLS-ის შემფასებელთა თვალთახედვის არეალში. მან უკვე მოასწრო ადგილობრივ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრაც და ფანების პატივისცემის დამსახურებაც.

კაშია შესაშურ ფორმაშია და ის გარკვეული ხანი შეძლებს ნაკრებს ულიდეროს. ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება ერთ-ერთი მედროშე იმ თერთმეტ ფეხბურთელში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

1. საბა კვირკველია - 26 წლის - 8 000 000 ევრო - "ლოკომოტივი", რუსეთი - სიმაღლე 190 სმ
დიდი იმედი გვქონდა, რომ მას პრემიერლიგაში ვიხილავდით, თუმცა ჩემპიონთა ლიგაც არ არის ურიგო ვარიანტი. საბას კარიერას ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ "ლოკომოტივი" აფერხებს. მას გაცილებით ძლიერი ჩემპიონატი და ძლიერი მეტოქეები ესაჭიროება, რათა გახდეს უფრო წარმატებული, ვიდრე არის.

მას შეეძლო რუსეთთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა, თუმცა მან საქართველოსთან ერთად იმ რთული გზის გავლა არჩია, რასაც ძალიან ბევრი იმედგაცრუება და ამავდროულად, დიდი იმედი ახლავს თან. საქართველოს ნაკრებთან ერთად მან 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი დებიუტი 2014 წელს ლიხტენშტეინთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. მაშინ მას თემურ ქეცბაიამ 13 წუთი დაუთმო.

საბა უნდა იქცეს ნაკრების "კლდედ" დაცვაში, რადგან მის თამაშს ნებისმიერ მეტოქესთან დიდი როლი ექნება. მას ნამდვილად ძალუძს მაღალი დონის შემტევების გაუვნებელყოფა და მისი როლი ასეთ ორთაბრძოლებში გაცილებით მაღალი იქნება. 

რამდენიმე დღის წინ ყაზახურმა გამოცემებმა ჩემი სტატია თარგმნეს, სადაც მათი შემადგენლობის მიმოხილვა გავაკეთე. ერთი მომხმარებლის კომენტარი იყო ასეთი - ჩვენი სეიდაჰმეთი რომ გაიქცევა, ვერცერთი ქართველი მცველი ვერ გააჩერებსო. გაიქცეს, ბატონო, სადაც უნდა, მაგრამ ჩვენს კარებთან "კლდეს" არ დაეჯახოს!

altყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!

მკითხველის კომენტარები / 12 /
მთავარი მედროშე კანკავააა და ამაში ვინმემ არ შემედაოს, ის ჯერ ადამიანია და მერე ფეხბურთელიიიიი.
roma
17:16 25-08-2018
0
ბილეთები ძაან ძვირია არამგონია ბევრი ხალხი მივიდეს 5 ლარიანის ყიდვას აზრი არ აქვს და მეტის გადამხდელი ბევრი არააა
1

სიახლეები პოპულარული