sports.kz: საქართველოდან ომახიანი მარშის ხმა ისმის, თუმცა მათ საერთაშორისო სარბიელზე ვერაფერს ვერ მიაღწიეს

AutoSharing Option
ხვალ დილით საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით ასტანაში ყაზახეთთან ერთა ლიგის პირველი მატჩის ჩასატარებლად მიფრინავს. მგზავრობას დაახლოებით 4 საათი დასჭირდება. საღამოს ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას ჩაატარებს და გუნდს 30 254-იან "ასტანა არენაზე" ავარჯიშებს, სადაც 6 სექტემბერს შეხვედრა გაიმართება.

ასტანაში მიემგზავრება sportall.ge-ს საფეხბურთო მიმომხილველი გალაქტიონ ესაკია და თქვენთვის ყველა საინტერესო ინფორმაციას ოპერატიულად მოგვაწვდის. სხვათა შორის, მომავალი შეხვედრისადმი მიძღვნილი ესაკიას ოპტიმისტური წერილი (ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!) ყაზახებმა უმალ გამოაქვეყნეს და ცოტა არ იყოს, გაღიზიანებულნი დარჩნენ.

ყაზახეთში
ჩვენი გუნდის სტუმრობას მოუთმენლად ელიან, დეტალურად აქვეყნებენ ყოველ ინფორმაციას.

აი, რას წერს ყაზახური "სპორტი" (გთავაზობთ მცირედი შემოკლებით):

"ჯვაროსნებს" მძიმე ბრძოლა ელით

საქართველოსთან მატჩით ჩვენი ეროვნული გუნდი იწყებს ერთა ლიგაზე თავისი ისტორიის წერას. ჯერჯერობით ამ ქრონიკაზე სტროფიც კი არაა, რადგან 6 სექტემბერს შედგება პირველი მატჩი.

ყაზახები საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგად ვიცნობთ. სსრკ-ს პერიოდში ჩვენი გუნდები უკომპრომისო ბრძოლებს უმართავდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, პირველად 2005 წელს შევხდით და მაშინვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე: ალმა-ატაში 1:2 დავმარცხდით, ხოლო თბილისში შეხვედრა 0:0 დასრულდა. შემდეგი დაპირისპირება ამ ნაკრებებს შორის 2013 წელს ასტანაში გაიმართა - თამაში ამხანაგური იყო და 1:0 მოვიგეთ. ბოლოს 2016 წელს თბილისში ვეპაექრეთ და დავუზავდით 1:1.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ომახიანი მარშის ხმა ისმის, საერთაშორისო სარბიელზე თავი განსაკუთრებულად ვერ გამოიჩინეს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდნენ. თუმცა, ფიფას რეიტინგში ჩვენზე 20 საფეხურით წინ არიან. გასული მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი კი გამარჯვების გარეშე დაასრულეს - 5 ფრე და 5 წაგება და ჯგუფში მხოლოდ მოლდოვას გაასწრეს. ამ მხრივ ჩვენმა მოწინააღმდეგემ ბევრი ვერაფრით ვერ გვაჯობა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისის სამწვრთნელო შტაბში ბორის კიტკა შევიდა, რომელიც "კაირატში" მისი ასისტენტი იყო, "ჯვაროსნებმა" (ასე მოიხსენიებენ მათ საფეხბურთო სამყაროში) მეტ-ნაკლებ პროგრესს მიაღწიეს - ყოველ შემთხვევაში, აქედან ასე მოჩანს - 2018 წელს სპარინგებში სძლიეს საკუთარ მოედანზე ლიეტუვას (4:0), ესტონეთს (2:0) და ავსტრიაში მალტას (1:0), მაგრამ ივნისში ლუქსემბურგთან დამარცხდნენ (0:1).

ვაისმა და კიტკამ ექსპერიმენტებს მიმართეს. მალტასთან გუნდი 4-1-4-1 ტაქტიკით და ერთი საყრდენი ნახევარმცველით ათამაშეს, ლუქსემბურგთან აგრესიული 4-2-3-1-ით, ორი საყრდენით და ორი ვინგერით. ვერ გეტყვით, რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს სლოვაკური დუეტი ასტანაში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში ყაზახეთის ჩემპიონატზე მოასპარეზე ორი ფეხბურთელია: ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი. პირველი ნაკრების კაპიტანია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. საქართველოს ნაკრებში აგრეთვე ჯაბა ჯიღაურია, რომელიც "ორდაბასიდან" ფრანგულ "გრენობლში" გადავიდა. ის ჩვენს ჩემპიონატზე ერთობ შესამჩნევი ფეხბურთელი გახლდათ.

საქართველოს ნაკრებს თითქმის არ ჰყავს ეროვნულ ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელები, მხოლოდ მეკარეები როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე, თუმცა თუ ქართულ მედიასაშუალებებს დავუჯერებთ, ასტანაში გიორგი ლორია ითამაშებს. მინდვრის მოთამაშეებიდან ვაისს დიდი არჩევანი აქვს და "ჯვაროსნებისგან" სიურპრიზებია მოსალოდნელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე გუნდს შესანიშნავად ესმის მატჩის მნიშვნელობა და ალბათ, ღია ფეხბურთს არ უნდა ველოდოთ - ტურნირი არაა ხანგრძლივი და ყოველ ქულას ოქროს ფასი ექნება. ის, რომ ბრძოლა მძიმე და დაძაბული იქნება, ამაში ეჭვი არც გვეპარება".

alt ყაზახი ექსპერტი: საქართველო საშინაო გუნდია, სტუმრად თამაში უჭირს - უნდა დავამარცხოთ!

altყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!

altვლადიმირ ვაისი: შეიძლება ქაღალდზე ფავორიტები ვართ, მაგრამ ყველაფერი მოედანზე წყდება

მკითხველის კომენტარები / 5 /
niko - "თუ კითხულობთ გაქმოქვეყნებამდე რას წერთ საინტერესოა, რანდგან ამდენი შეცდომები როგორ შეიძლება? თან ცვენ რომ მიგინიშნებთ ისიც არ მოგწონთ და მერე კომენტარს არ აქვეყნებთ". ჩემი ქართულის მასწავლებელ ლამარას ვთხოვ გვაცნობოს, რამდენი შეცდომა დაუშვა niko-მ ამ ერთ წინადადებაში. ჩემის აზრით მხოლოდ ხუთი.
ნატალი
11:05 05-09-2018
0
"გასული მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი კი გამარჯვების გარეშე დაასრულეს - 5 მოგება და 5 წაგება და ჯგუფში მხოლოდ მოლდოვას გაასწრეს. ამ მხრივ ჩვენმა მოწინააღმდეგემ ბევრი ვერაფრით ვერ გვაჯობა."
თუ კითხულობთ გაქმოქვეყნებამდე რას წერთ საინტერესოა, რანდგან ამდენი შეცდომები როგორ შეიძლება? თან ცვენ რომ მიგინიშნებთ ისიც არ მოგწონთ და მერე კომენტარს არ აქვეყნებთ.
niko
23:52 04-09-2018
2

სიახლეები პოპულარული