3 ფეხბურთელი, რომელთა ნაკრებში დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორიგ ოფიციალურ მატჩამდე სამი კვირაც არ არის დარჩენილი. 13 ოქტომბერს თბილისში "ჯვაროსნები" ანდორას შეხვდებიან, ხოლო 16 ოქტომბერს ლატვიას ვესტუმრებით.

ბოლო პერიოდში გამოიკვეთა სამი ისეთი ფეხბურთელი, რომელთა ნაკრებში დაბრუნებაც შეიძლება. რა თქმა უნდა, ამ სტატიით არ ვამტკიცებთ, რომ ისინი უპირობოდ უნდა მოხვდნენ შემადგენლობაში, თუმცა ნაკრების თავკაცს, ვლადიმირ ვაისს მათზე ფიქრი და დაკვირვება მართებს.

3. ავთო ებრალიძე - 26 წლის ფეხბურთელი პირველად ნაკრებში თემურ ქეცბაიას დროს გამოჩნდა. მას, ძირითადად, სათადარიგო შემადგენლობაში უწევდა ყოფნა, თუმცა რამდენიმე შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა მოედანზე, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატის
შესარჩევში, როცა ესპანეთთან 0:2 დავმარცხდით.

ებრალიძემ თავისი კარიერა მთლიანად პორტუგალიას მიუძღვნა. არ ეთაკილებოდა არც მეორე ლიგაში თამაში და ქვეყნიდან არ მიდიოდა. ამჟამად უმაღლეს დივიზიონში "ჩავესის" ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პრაქტიკასაც არ უჩივის.

მისი ძირითადი პოზიცია მარცხენა ფლანგია, თუმცა კლუბში პერიოდულად მარჯვნივაც და ცენტრშიც ათამაშებენ. ნაკრებისთვის უნივერსალური ვინგერის სათადარიგო სკამზე ყოფნა არ იქნებოდა ურიგო გადაწყვეტილება.


2. გია გრიგალავა - არ გვაქვს ფუფუნება, პრაქტიკის მქონე ფლანგის მცველებზე უარი ვთქვათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ის კარგი მცველია, თუმცა მისი მთავარი მინუსი შეტევებში პასიურობაა.

იმ ფონზე, როცა ნაკრებში გიორგი ნავალოვსკის შემცვლელი არ გყავს და საჭიროების შემთხვევაშიც სათადარიგო შემადგენლობაში არავინ იმყოფება, გრიგალავას ნამდვილად ძალუძს მარცხენა ფლანგის გაძლიერება.

29 წლის ქართველი ფეხბურთელი ტულის "არსენალის" მცველია. გუნდში ხშირად ცენტრალურ მცველად თამაშობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მარცხნივაც გვევლინება და ეს მისთვის უცხო პოზიცია სულაც არ არის.

მიმდინარე სეზონში მან 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სრული სათამაშო პრაქტიკა აქვს, თუ არ ჩავთვლით ტრავმის გამო გამოტოვებულ რამდენიმე შეხვედრას. გრიგალავას საქართველოს ნაკრების 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი დებიუტი ნაკრებში 2011 წელს, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობის დროს შედგა, როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ხორვატიის ნაკრებთან გასვლაზე 1:2 დავმარცხდით.

1. სანდრო კობახიძე - 31 წლის შემტევს, სათამაშო თვალსაზრისით, რაღაც პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ახლა საკმაოდ მოუმატა და პოლტავის "ვორსკლას" ძირითადი შემადგენლობის წევრია. "ვორსკლა" ადრე უკრაინაში აუტსაიდერი გუნდი იყო. ამჯერად ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემპიონატში და ევროპა ლიგაზეც თამაშობს.

ბევრ ქართველ ფეხბურთელს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ "ემირეითსზე" "არსენალის" წინააღმდეგ ითამაშოს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. გადამწყვეტი ისაა, რომ უკრაინის ჩემპიონატში კობახიძეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ამას ევროპა ლიგაც დაემატა. მართალია, კობახიძემ ბოლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შესაძლოა, 3 კვირა ვერ ითამაშოს, მაგრამ მომავლისთვის ის კარგი სარეზერვო ვარიანტი იქნება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მარჯვენა ფლანგზე კარგად თამაშობს და სანაკრებო თამაშების დროს ნამდვილად გვაკლდა ამ ფლანგზე იდეალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი. ამას მისი სანაკრებო გამოცდილებაც ემატება, 35 ჩატარებული შეხვედრა ნაკრებში.

მისი დებიუტი ნაკრებში 2008 წელს, ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, როდესაც 1:3 წავაგეთ. მაშინ ნაკრებს კლაუს ტოპმიულერი უძღვებოდა. ლევან მჭედლიძემ 41-ე წუთზე ტრავმა მიიღო და კობახიძე მის ნაცვლად შევიდა მოედანზე.

altსანდრო კობახიძე: "არსენალთან" თამაშზე შვილიშვილებს მოვუყვებით

P.S. მთავარია, ზემოთ ნახსენები ფეხბურთელები ვლადიმირ ვაისის ყურადღების ქვეშ იყვნენ და სლოვაკი სპეციალისტი მათ აკვირდებოდეს. ჩვენს ნაკრებს ხელიდან გასაშვები ფეხბურთელები არ ჰყავს და მათი უყურადღებოდ დატოვება ნაკრებისთვის კარგი არ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
საბა ლობჟანიძე აუცილებლად უნდა გამოიძახოს
beqa
07:57 26-09-2018
1
26 წლის ებრალიძე თუ ვეტერანია და კობახიძე და გრიგალავა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ყოფილან
ზვიადი
13:47 25-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული