საქართველოს ეროვნული გუნდი ამ სანაკრებო უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს

AutoSharing Option
მაშ ასე, D ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა სამივე სასტარტო მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო; თანაც, მოვლენები ჩვენდა სასიკეთოდ ისე განვითარდა, რომ სხვა გუნდებმა ვერ ივარგეს, მეტოქეებს 7 ქულით გავექეცით და თუ ხვალ რიგაში გავიმარჯვეთ, ვადამდე ვხდებით ჯგუფის გამარჯვებულები.

არადა, ტურნირის დაწყების წინ ყაზახებმა ჩვენი ოპტიმიზმი იწყინეს და თქვეს, რომ "ჯვაროსნები" მათ ეროვნულ გუნდთან შედარებით იმდენად ძლიერები არ არიან, რომ ასეთი თვითდარწმუნებულნი ვყოფილიყავით. მოვლენების განვითარებამ გვაჩვენა, თუ ვინ იყო მართალი და ვინ არა.

ანდორასთან სტუმრად ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ყაზახეთის ეროვნული გუნდის
მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს ფეხი დაუცდებოდა და ამის იმედად იყვნენ. სულ ტყუილი გამოდგა ბულგარელი სპეციალისტის მოლოდინი.

ანდორელთა თავკაცმა კოლდო ალვარესმა კი მიღწეული ორი ფრის შემდეგ თქვა, რომ ყაზახეთს საქართველოზე უკეთესი გუნდი ჰყავს. ეს, ალბათ, ეიფორიაში მყოფი კაცის რეაქცია გახლდათ და თან, იმ მომენტში დაიტრაბახასავით - ნახეთ, რა გუნდებთან რა მაგარ შედეგს მივაღწიეო. თბილისში ნამატჩევს კი ბატონმა ალვარესმა აღიარა, რომ საქართველოს ნაკრები არათუ ჯგუფის, არამედ D ლიგის ფავორიტია.

გამარჯვება კარგია, მაგრამ ამან ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, რამეთუ ეს მეოთხე ლიგაა, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, "ჭ" კლასია. ფსკერია, რომლის იქით აღარაფერია. რატომ ვართ ამ მდგომარეობაში და როგორ აღმოვჩნდით ამ ქვესკნელში, ეს ცალკე საუბრის თემაა და ამ წერილის ფორმატში მისი განხილვა არ შეიძლება.

შეიძლება ზოგმა ანდორასთან მოგება დიდად არაფრად არ ჩააგდო, მაგრამ მთლად ასე შეფასებაც არ ივარგებს, ვინაიდან მიუხედავად ამ გუნდის დაბალი კლასისა, მისი დამარცხება ადვილი საქმე სულაც არაა, რადგან მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოში ჩამდგარი დაცვის გარღვევა საძნელო საქმეა. მაგალითისათვის, გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ ესპანეთთან ჩვენი ნაკრების ორი თამაში.

ანდორის გუნდი საკმაოდ ყისმათიანიცაა. ყაზახეთს შეხვედრის ბოლოს გაუთანაბრა ანგარიში. ჩვენთანაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი, როდესაც მეკარე გიორგი ლორიამ გადაგვარჩინა, თორემ რომ გასულიყო ის ბურთი, შემდეგ გამარჯვების მოპოვება უფრო გაძნელდებოდა. გაძნელდებოდა გუნდთან, რომელიც ფეხბურთს კი არა, არამედ ანტიფეხბურთს თამაშობს. თუმცა, ყველაფერი შედარებითია და "ფურია როხასთან" ჩვენც ანტიფეხბურთი ვითამაშეთ. რას იზამ, ყველა თავისას ცდილობს, როგორც შეუძლია, ისე იბრძვის და როგორც ამბობენ - მიზანი ამართლებს საშუალებას.

მოკლედ, დავამარცხეთ ეს ნახევრად სამოყვარულო გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები. არადა, ორგანიზებულად იცავდნენ თავს, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. ეგაა, ბურთთან ცოტა "თქვენობით" არიან და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ტექნიკაში თვალსაჩინო იყო. ჩვენი გუნდი ვალდებული იყო, მოეგო და მოიგო კიდეც.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ასეთი შეხვედრებით ძნელია ჩვენი გუნდის დონის შეფასება, მით უმეტეს, როდესაც მოულოდნელად თავდასხმაში საკადრო პრობლემები წარმოიშვა და მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს არცთუ საუკეთესო ფორმაში მყოფი ნიკა კაჭარავას ძირითად შემადგენლობაში დაყენება მოუწია, რამაც გულშემატკივრებში გარკვეული ეჭვები დაბადა.

Sportall.Ge

შემადგენლობის, სტრატეგიის და ტაქტიკის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, შედეგზეც ისაა პასუხისმგებელი და მის კომპეტენციაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა, ალბათ, უპრიანი იქნებოდა სხვა ფორვარდების გამოცდაც, მაგრამ ცაიტნოტში ყოფნისას ამის საშუალება ნაკლებად არსებობს. ამისათვის უნდა არსებობდეს მეორე ნაკრები (დავარქვათ, ვთქვათ, ექსპერიმენტული გუნდი), რომელიც ამხანაგურ მატჩებს გამართავს და უახლოეს რეზერვსაც საქმეში ნახავს ბატონი ვლადიმირი, მათ შორის, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს. კიდევ, სლოვაკ სპეციალისტს საქართველოში უფრო ხშირად ყოფნა მართებს და საქართველოს ჩემპიონატების მატჩებზე დასწრება, ლეგიონერების თამაშებზე სიარულიც და ა.შ.

ერთი სიტყვით, ჯერ ჩვენი ნაკრები წინ უდანაკარგოდ მიიწევს. ასე მგონია, ამას სუსტ მეტოქეებთან უფრო თავისი ფეხბურთელების უკეთესი კლასით, ინერციით ახერხებს და ძნელი სათქმელია, უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან როგორ შედეგს მიაღწევს.

ასეა თუ ისეა, გავიმარჯვეთ. კია ნათქვამი, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მაგრამ საქართველოში გამარჯვებულებსაც ასამართლებენ და ჩვენი პრეტენზიები და მაქსიმალიზმი ამ შემთხვევაში სრულიად ობიექტურია - საქართველოს ნაკრები ვალდებულია, მე-4 ლიგაში გაიმარჯვოს და ქართულ ფეხბურთს უბრალოდ არ ეკადრება ამ ფსკერზე ყოფნა.

ამ ფსკერიდან ამოსასვლელად კი კიდევ ერთი ნაბიჯი ხვალ რიგაში უნდა გადაიდგას, შემდეგ პლეი-ოფის ერთმატჩიან ნახევარფინალში და თუ იქაც იმარჯვეს "ჯვაროსნებმა", ერთმატჩიანი ფინალი ელით. რთულია ერთა ლიგიდან გზა ევროპირველობისაკენ. რეგლამენტის მიხედვით, აქ ერთი წაგებით და ფეხის დაცდენით შეიძლება მთელი ნაშრომი წყალში გადაიყაროს და იმედია, ჩვენი გუნდი ამ გზას წარმატებით გაივლის.

გამარჯვება ვუსურვოთ ჩვენს გუნდს!

მკითხველის კომენტარები / 14 /
იმაზეც მადლობა, რომ ვხვდებით სად ვართ - მხოლოდ "ჭ" კლასის ხსენება ასახავს რეალურ სურათს, ხოლო დანარჩენი არის ბლა-ბლა-ბლა...
goga
13:19 16-10-2018
0
კაჭარავას მამამამ არ უნდა გაუშვას შვილი ნაკრებში!
ქუთაისელი-2
12:36 16-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული