ვინა ვართ და საით მივდივართ? - რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები

AutoSharing Option
ნაკრები სახეა ქვეყნის ფეხბურთისა, მისი აისბერგია, ზურგს ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი უნდა უმაგრებდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არაა და მაინც, ქართული ფეხბურთი თავისი ნიჭით საკუთარ თვითმყოფადობას არ კარგავს.

ვინა ვართ, რანი ვართ ან საით მივდივართ? ნუ ჩამომართმევთ "ურა-პატრიოტიზმში", მაგრამ უსასრულობიდან უსასრულობაში მივდივართ. საქართველო მარადიულია, მარადიულია ქართული ფეხბურთიც. ეს შეიძლება მავანს და მავანს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მისი უდიდებულესობა ქართული ფეხბურთი ძველ სიმაღლეებს დაიბრუნებს. რითი? თავისი ნიჭით, გენეტიკური ნიჭით.

ამას წინათ თავისი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობით გაღიზიანებული ყაზახი ჟურნალისტის სტატია ვთარგმნე (უფრო სწორად, გადმოვაქართულე),
რომელიც მიიჩნევს, რომ რადგან ჩვენზე მდიდარი სახელმწიფო აქვთ, რამდენიმე წელიწადში ფეხბურთში მათთან შედარებით ჯუჯები გავხდებით. ერთი ოღონდ არის აქ და ეს "ოღონდ" ძალზე მნიშვნელოვანია - ისევე, როგორც ყველაფერში, ფეხბურთშიც ყველაფერი ნიჭზეა დამოკიდებული. ეს ნიჭი კი, მაპატიოს პატივცემულმა ჰალიმჟან ერჟანოვმა და, ქართველებს სხვებზე მეტად მომადლებული გვაქვს. ეს ფაქტია, ჯიუტი ფაქტი. ნიჭს ვერ შეიძენ, შრომით ვერ მოიპოვებ, საბედნიეროდ, ძალიან დიდი ფულითაც ვერ იყიდი.

ისტორიულად ასე იყო: აბა, სად იყო ძველ დროში "კაირატი" და სად იყო თბილისის "დინამო"?
ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ გამარჯვებად ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგება მიიჩნევა, თუმცა გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თბილისში "ლივერპულის" გაბითურება (3:0) გაცილებით დიდი მიღწევა გახლდათ. მაშინდელი "ლივერპული", ფაქტობრივად, "ბრიტანეთის ნაკრები" იყო (მინუს კევინ კიგანი) და ეს გუნდი "დინამოზე" შერცხვა. თან, წმინდა ბრიტანულ ამინდში (მატჩს 100 ათასი მაყურებელი დაესწრო).

რა თქმა უნდა, არ ვიქნები სწორი პარალელის გავლებაში, მაგრამ რატომღაც მიმაჩნია, რომ ის და ყაზახეთთან მოგებული თამაში რაღაც კავშირშია. კავშირშია პერსპექტივასა და პოტენციალში, ქართული ფეხბურთის უკვდავებაში. აქ მარტო გამარჯვებაზე არაა საუბარი - მხოლოდ ერთ რამედ ღირდა გიორგი ჩაკვეტაძის გაკეთებული ფინტი. ჰოდა, თუ ბიჭი ხარ, მიდი და ფულით იყიდე ეს ნიჭი.


Sportall.Ge

ახლა ზოგიერთი მეტყვის, რა საჭიროა ეს იწილო-ბიწილოო და შესაძლოა, მართალიც იყოს, მაგრამ შევახსენებ, წარსულის გარეშე არ არსებობს აწმყო, აწმყოს გარეშე კი არ არსებობს მომავალი. წარსული კი ქართულ ფეხბურთს დიდი და სახელოვანი აქვს. არანაკლებ სახელოვანი მომავალი გველის. რატომ? გეტყვით, ბატონი ბრძანდებით.

უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ როგორც იქნა, საქართველოს ნაკრები გუნდს დაემსგავსა. არაერთხელ მითქვამს, ამათზე გაცილებით ნიჭიერი თაობები გვყოლია, მაგრამ შედეგი ვერ მიგვიღია. ეს ბიჭები უფრო მოტივირებულნი არიან ნაკრებში და ბოლომდე იხარჯებიან. რაღაცნაირად სხვა მენტალიტეტი აქვთ. ბოლომდე იბრძოლებენ და მიზნის მიღზევისთვის არც თავს დაზოგავენ და არც ფეხებს.

დიახ, ფეხებია ის, რითაც მათ საკუთარი კარიერა უნდა მოიწყონ და მომავალი უზრუნველყონ, რამეთუ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და ერთმა ტრავმამ შეიძლება ყველაფერი გაუფუჭოს. ამდენად, ანდორაში ჩაგდებული მატჩი საპატიებლად მიმაჩნია. რატომ?

სწორი შეკითხვაა: იმ საშინელ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ნორმალურად თამაში შეუძლებელი იყო, სადაც ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა. ცდილობდა ანტიფეხბურთით, დაუნდობლად. სულ კოჭ-წვივში ურტყამდნენ გამიზნულად ჩაკვეტაძეს და კიდევ კარგი, სერიოზული ტრავმა არ მიიღო. მოხდა მათთვის სასწაული და ფრეს მიაღწიეს. თუმცა, მგონია, უფრო მოტივირებულნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენი ფეხბურთელები გაიმარჯვებდნენ.

რა ღვაწლი მიუძღვის ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრების წარმატებაში?
ძალიან დიდი. როგორც აღვნიშნე, მისი ხელმძღვანელობით, გუნდი, როგორც ასეთი, გუნდს დაემსგავსა. ჩვენს ნაკრებს მასზე გაცილებით სახელოვანი დამრიგებლები ჰყოლია, მაგრამ შედეგი არ მიღწეულა. მაგალითად, ექტორ კუპერმა დაინახა, რომ პერსპექტივა არ არსებობდა, თავისი გასამრჯელო აიღო და წავიდა.

პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას: ვაისი არაა ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ის საუკეთესოა. და კიდევ, ისმის მორიგი ლოგიკური კითხვა, რატომ? ვაისი სლოვაკია, სლავია, ყოველთვის მუშაობდა სლოვაკეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, მისთვის ეს გარემო უცხო არაა. ამიტომ არა აქვს პრობლემები. ის არაა ჩვენი გუნდისთვის იდეალური მწვრთნელი, მაგრამ რაა ამ სამყაროში იდეალური?

Sportall.Ge

მისი უარყოფითი მხარეები? რამდენიც გინდათ. ძალიან უჭირს თამაშისას რეაგირება, სტრატეგიული და ტაქტიკური ცვლილებების განხორციელება. ის არ დადის ქართველი ლეგიონერების თამაშებზე და იშვიათად ესწრება ეროვნული ლიგის მატჩებს. მოკლედ, შორეული ნათესავივითაა, რომელიც ხანდახან მოგინახულებს ხოლმე.

და გვაწყობს კი ჩვენ ასეთი "შორეული ნათესავი"? პარადოქსია და გვაწყობს. ეგაა, ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია, უფრო მეტი მოსთხოვოს და დაავალოს.

ვაისის კიდევ ერთი "ნაკლი" - არაბიძე
ალბათ, ყველა ქომაგის სათქმელს ვიტყვი, ძალიან სჭირდება ჩვენს გუნდს ეს ფეხბურთელი. ახალგაზრდულ ნაკრებში მის ბოლო თამაშს ვუყურე და აღფრთოვანებული დავრჩი. როგორ შეიძლება ასეთი მოთამაშე გყავდეს და არ გამოიყენო? ნუ, ვთქვათ და რთული ხასიათისაა, არაა პირფერი, მაგრამ ხომ ვიცით, როგორი რთული ხასიათის მქონენი იყვნენ დიდი ქართველი ვარსკვლავები. შენ იმიტომ განდეს ამხელა საქმე, რომ "ოქროს შუალედი" მოძებნო და სიტუაცია საქმის სასარგებლოდ გამოიყენო.

Sportall.Ge

რას ერჩის ვაისი ზარანდიას?
ვინც ლუკა ზარანდიას თავის გუნდში თამაშს აკვირდება, არ შეიძლება არ გაუკვირდეს, რომ ნაკრებში არ ათამაშებენ. ყაზახეთთან მატჩის დასასრულს შეიყვანა მხოლოდ ვაისმა და გვინდა ვკითხოთ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს - ეგ პოლონეთი ხომ შენს სამეზობლოშია, ნუ დაიზარებ, ჩაირბინე და ნახე, ეს 22 წლის ბიჭი როგორ ირჯება.

Sportall.Ge

სხვა მხრივ, რა შეიძლება ითქვას, წინსვლა აშკარაა. მართალია, ჩვენმა გუნდმა სუსტი მეტოქეები დაჯაბნა, მაგრამ ადრე ასეთ გუნდებთან მოგება სანატრელი გვქონდა.

მალე უფრო ძლიერებსაც შევხვდებით და გამოჩნდება "ჯვაროსანთა" გუნდის შნო და მარიფათი.

და მაინც მგონია, ეს გუნდი ვაისმა გუნდს დაამსგავსა და მასთან ორთაბრძოლა უკვე ყველას გაუჭირდება.

P.S. შენ როგორ თვლი, ჩვენო მკითხველო?

altყაზახები აღიარებენ, რომ გოლი თამაშგარედან გაგვიტანეს, ჩაკვეტაძეს კი ბრილიანტის ფეხი აქვს

altყაზახი ჟურნალისტი: ახლა დაგვცინიან - 3-4 წელიწადში კი საქართველო ჩვენთვის ჯუჯა იქნება

altრა მოეწონათ, რა არა? - ქართველი ჟურნალისტები ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს აფასებენ

alt8 ქართველი ჯგუფის სიმბოლურში - გიორგი ჩაკვეტაძე აქაც საუკეთესოა

მკითხველის კომენტარები / 20 /
ფეხბურთი ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია,საქართველოს ნაკრები კი კიდევ უფრო მეტი.ამ საიტზე დადებულ თითქმის ყველა სტატიას გულდაგულ ვეცნობი რაც ფეხბურთს ეხება,განსაკუთრებით კი ნაკრებს.ნიჭი ისეთი რამეა რასაც ვერც გასწავლიან და ბერც ფულით იყიდი,ქართველებს ფეხბურთის თამაშის ნიჭი გამჩენმა მოგვანიჭა.ეხლა გამოდის ვიღაც ყაზახი ჟურნალისტი და იძახის, რომ მათ ფული ბევრი აქვთ და სულ მალე, მათთან შედარებით ჩვენი ნაკრები ჯუჯა იქნება.დღეს ფული ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად წარმატების მისაღწევად მაგრამ არა გადამწყვეტი,ფულით რომ ნაკრები ფეხბურთს თამაშობდეს და წარმატებას აღწევდეს საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა.ეხლა რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს:გუნდი აშკარად გაიზარდა,გაიზარდა კონკურენცია რაც წარმატების ერთ-ერთ მთავარ პირობათ მიმაჩნია და რაც შეეხება მწვრთნელს,მე პირადად ვაისის მომხრე ვარ,იმიტომ რომ მან საკმაოდ კარგათ აუღო ალღო ქართულ მენტალიტეტს და არ მახსენდება ასე ერთ მუშტად შეკრული ეროვნული გუნდი,ერთიანობა და ერთსულოვნება კი წარმატების საწინდარია.
ქობულეთელი
27 ნოემბერი 2018 16:02
0
ამ ნიჭს რომ მეტი შრომა,დისციპლინა და ურთიერთპატივისცემა მივაშველოთ ყაზახებს კი არა ბევრ ვეროპულ ნაკრებს დავწყვიტავთ გულს.
მემგონი ამ კუთხით დაიძრა ყინული, აქ მარტო მწრთვნელის დამსახურება არ არის.
ვფიქრობ, რომ თვითონ ბიჭებიც ბევრ რამეს მიხვდენენ და მაქსიმალურად ცდილობენ ყველაფერს.
მე ესეთი მოტივირებული,შეკრული და შინაგანად უტეხი ნაკრები ბოლო 15-20 წელია არ მახსოვს.
WTF
27 ნოემბერი 2018 17:41
0
გაგახარებს ღმერთი, სხვა თაობაა, თითქოს სხვა მენტალიტეტით და მიხვდნენ რო ბლატაობით არაფერი საქმე არ კეთდება... ჭანტურიას გასაგონად და იმედია იგივეს არ ვიტყვი არაბიძის გასაგონადაც
ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი აზრით ამაში, უკაპიტნესს და უვიცეკაპიტნესს...
რა მაფიაა?
27 ნოემბერი 2018 21:27
0
ჩვენი ნაკლი ისეთი სისტემის უქონლობაა,რომელიც გამორიცხავს
ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშის
დაკარგვას. ჩვენ ყველა თაობაში გვყავდა 11 მსოფლიო დონის შემსრულებელი და ახლაც არ გადაშენებულან,უბრალოდ ბევრი იკარგება.
ვეტერანი
27 ნოემბერი 2018 17:56
2
არაბიძე თავის გუნდში განაცხადშიც ვერ ხვდება ხშირად.სად თან ნასიონალში რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა.ზარანდია მართლა სათამაშოა
Buxrika
27 ნოემბერი 2018 15:51
4
ძალიან ცდები მეგობარო შენი მსჯელობის 80 % - ში, ამჩატდი ამ პატარა წარმატებით და ვერ აცნობიერებ, რომ ასეთი ცხვრის აღტკინება ღუპავს საქმეს. მე აქ დიდად ნიჭიერი ვერავინ დავინახე ჩაკვეტაძის გარდა და მასაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი, მას ხომ დიდ ფეხბურთშიც კი არ შეუბიჯებია ჯერ. არ მითხრა ახლა, რომ ნახევრად სამოყვარულო D - ლიგა და თუნდაც გენტი დიდი ფეხბურთია. ერთი ციცქნა კოსოვოც (მეორე ალბანეთი) გავიდა, მაკედონიაც და ბელორუსიც, ეგენიც ძალიან ნიჭიერები არიან? ობიექტურები ვიყოთ და ყაზახეთიც არ არის ბევრად უარესი გუნდი და გასვლაზე მაგრად გაგვიმართლა კიდეც და პლიუს ამას ისევ ამ პატარა ბიჭის ფაქტორი, თორემ იქ წაგების შემთხვევაში ხომ არ გგონიათ მოვლენები ასე განვითარდებოდა? არ მითხრათ ახლა მთავარი შედეგიაო, ძლიერებს უმართლებთო და ასეთი რაღაცები, ასეთებს გრანდებზე ამბობენ, როცა კლასია ხანდახან მართლა გიმართლებს კიდეც. თუმცა უბრალო ერთჯერადი შემთხვევითობები ხდება ჩვენ დონეზე ასეთ დროს და ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას. ღმერთმა არ ქნას და მართლა ფეხი, რომ დაუცდეთ ამათთან, მერე სად წავა შენი აღტკინება? ერთადერთი შრომას და ორგანიზებულობას ვერ დაუკარგავ ამ ბიჭებს, რაშიც გეთანხმები, მაგრამ 2-3 ფეხბურთელის გარდა ამათი მონაცემები C დივიზიონის დონეს თუ აკმაყოფილებს და იქაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდება ამ გუნდით ადგილის შესანარჩუნებლად. ბოდიში თუ ვერ ვიზიარებ საერთო აღტკინებას...
ავტორ ვაჟას,
27 ნოემბერი 2018 19:54
12
მეც ვერ დაგეთანხმებით ბოლომდე, ამ გუნდმა თუნდაც ჩაკვეტაძის გარეშე, უელს, ავსტრიას ერთი ტაიმი ძალიან დალაგებული და აზრიანი ფეხბურთი ვეთამაშეთ, და ნელ-ნელა 1 ტაიმი მთლიან თამაშად იქცევა კარგ გუნდებთანაც, ნელ-ნელა ხდება ყველაფერი. მეგობრებთან ფეხბურთი ვისაც უთამაშიათ, დამეთანხმება, რომ ხშირად რა "სასტავიც" თამაშობს შეთამაშება მოდის დროთა განმავლობაში და გუნდში მეგობრული ურთიერთობა ძალიან ბევრს ნიშნავს...
ამ თაობას თან სხვანაერი მენტალიტეტი აქვს და საქმისადმი მიდგომაც სხვაა და ესაა გუნდის "ნიჭი"
ძლიერ გუნდებთან სტაბილური თამაში მოდის სუსტებთან გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბების მერე... თუ გახსოვთ ადრე სუსტ გუმდებთანაც ძალიან გვიჭირდა არანაკლები შემადგებლობით...
რა მაფიაა?
27 ნოემბერი 2018 20:59
1
სწორია ჩაკვეტაძე არაბიძე და ზარანდია უნდა იყვნენ საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვაში
ტოტტი
27 ნოემბერი 2018 15:25
4
სტატიაში ჩემი ნააზრევი წავიკითხე თითქმის. მეც არ მომწონს ვაისის უდროო შეცვლები, ხან შემადგენლობის არასწორი შერჩევაც, მეც და ყველაც არ ვთვლით მას მაღალ კვალიფიკაციის მწვრთნელად. მაგრამ პირადად მე მომხრე ვარ რომ ის ნაკრებში დარჩეს, მითუმეტეს იმ ჩაგდებული სეზონისა რომელიც სრულფასოვან საკვალიფაკციო ჯგუფში ვერ მოგება გვქონდა. ერთა ლიგამ ნაკრებს შესძინა თავდაჯერებულობა,ჩვენ ასეთ სუსტ გუბდებთანაც გვიჭირდა მოგება. მჯერა რომ ნაკრები უფრო მოუმატებს, მჯერა რომ გვეღირსა და ნაკრებს ლიდერი მოევლინა, რაც ასე სანატრელი გვქონდა. ჩაკვეტაძე პროგრესირებს და თუ ამ ბიჭმა ასე გააგრძელა, მჯერა ევროპაზეც აუვცილებლად გავალთ და იქაც გაგვახარებენ ჩვენი ბიჭები. გაუმარჯოს საქართველოს.
Geo_Dinamo
27 ნოემბერი 2018 17:35
0
ვაისი არ არის კარგი მწვრთნელი! ახლა რა თაობაც გვყავს,ამ თაობით ქართველი მწვრთნელიც მშვენიერ გუნდს შექმნის,ვაისს ბევრი ნაკლი აქვს და ეს ძლიერ გუნდებთან გამოჩდება,ქართველების მთავარი ნაკლი ფიზიკური მომზადებაა და არავინ ცდილობს ამის გამოსწორებას.
გელა
27 ნოემბერი 2018 17:35
7
მოკლე დასკვნა: ძალიან ცუდი ჟურნალისტი ხართ ბატონო ვაჟა, უკაცრავად, მაპატიეთ
Superman
27 ნოემბერი 2018 17:10
8
იმ ყაზახ ჩინოვნიკს ისევ თავისიანებმა მიასვარეს კომენტარებში.
დომენტი
27 ნოემბერი 2018 15:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული