"იზვესტიამ" ინტერვიუ გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან, ვლადიმირ ვაისთან, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.
- ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა კვირკველიას შეიძლებოდა კარიერა ინგლისში გაეგრძელებინა. "ლოკომოტივში" რომ დარჩა, სწორი არჩევანი გააკეთა?
- ვიცოდი, "ლესტერი" იწვევდა, ამ თემაზე ვესაუბრე. ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს კარიერის ინგლისში ან ესპანეთში გაგრძელებაზე, მაგრამ რუსეთში თამაშის მსურველებიც არიან. კვირკველია ერთ-ერთი მათგანია. მან რთული გზა გაიარა: ჰქონდა მძიმე მომენტი "რუბინში", როდესაც ყოველთვის არ ათამაშებდნენ. ახლა "ლოკომოტივშია" და ჩემი აზრით, გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო.
მისით ძალიან კმაყოფილი ვარ: კვირკველია
კარგი ბიჭი და შესანიშნავი ფეხბურთელია. მითხრა, რომ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ "ლოკომოტივში" პატივს სცემენ და აფასებენ. ეს მახარებს, ხოლო ის, რომ "ლესტერი" ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობდა, მისთვის კარგი რეკლამაა.
- დაიწერა, რომ "ლესტერი" მზად იყო, საბას ტრანსფერში 17 მილიონი ევრო გადაეხადა. თვლით, რომ ის ინგლისის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზადაა?
- ვფიქრობ, კი. მას ინგლისში საასპარეზოდ ყველა მონაცემი აქვს: კარგად თამაშობს თავით და თავისი გაბარიტების გათვალისწინებით სწრაფიცაა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უელსს შევხვდით და გარეთ ბეილმა ვერაფრით ვერ მოატყუა საბა. ეს მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება და მრავლისმთქმელია.
- კმაყოფილი ხართ, რომ ანანიძე "სპარტაკიდან" "კრილიაში" გადავიდა, სადაც უფრო ხშირად ითამაშებს?
- ამ თემაზე კარგა ხანს ვესაუბრე ჯანოს. გასაგებია, მეტხანს სჭირდება თამაში, "კრილიაში" კი ამის საშუალება მისცეს. სამარულ გუნდს ჩემი კარგი მეგობარი მიოდრაგ ბოჟოვიჩი წვრთნის. ის ანანიძეს "როსტოვში" წვრთნიდა და ჩინებულად იცნობს. იმედია, იქ სისტემატურად ითამაშებს. ეს მასაც წაადგება და ნაკრებსაც.
- აღარ იტანჯებით იმის გამო, რომ გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებს რუსეთის ნაკრები ამჯობინა?
- ყველა ადამიანს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. ქართველია, მაგრამ რუსეთის ნაკრები აირჩია. უკვე ვეღარაფერს ვერ შეცვლი. გიორგის ველაპარაკე. ყველა თავად წყვეტს თავის ბედს. იმედია, თავისი არჩევანით კმაყოფილია. რუსეთის ნაკრებში წარმატებებს ვუსურვებ.
- ეცადეთ გადაგერწმუნებინათ და საქართველოს ნაკრებში ეასპარეზა?
- რა თქმა უნდა, ჯიქიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა. პირადადაც შევხვდი, მაგრამ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა.
- გაგიკვირდათ, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა ზამთარში "კრასნოდარი" დატოვა და აქამდე თავისუფალი აგენტია?
- თორნიკე ფანტასტიკური ფეხბურთელია. მას შეუძლია რუსეთის წამყვან გუნდში ითამაშოს. ესპანეთის ჩემპიონატიც მოუხდებოდა. თუმცა, ტრავმები ჰქონდა. შედეგად, თვითონ გადაწყვიტა "კრასნოდარის" დატოვება, მიზეზი კი არ ვიცი. ვესაუბრე, გუნდს ეძებს, მაგრამ ეს ადვილი მოსახერხებელი არაა, მით უმეტეს, ტრავმების შემდეგ.
- ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე შვეიცარიას, დანიას, ირლანდიასა და გიბრალტარს ხვდებით. როგორია ფინალში გასასვლელად თქვენი შანსები?
- უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ ერთა ლიგაზე ჯგუფში გავიმარჯვეთ. ეს ევროპირველობაზე მოსახვედრად დამატებითი შესაძლებლობა იქნება. ახლა ძალიან რთულ ჯგუფში ვართ. ძალიან შორს არ ვიყურებით, მატჩიდან მატჩამდე წავიწევთ წინ. პირველად შვეიცარიას ვხვდებით. ძალიან რთული მატჩი გველის. ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ გამარჯვება გვსურს.