საქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხებით (0:2). თანაც, საკუთარ მოედანზე.

ერთა ლიგაზე ჯგუფში გამარჯვების შემდეგ რაღაცის იმედი მოგვეცა, ოპტიმისტურად დავიმუხტეთ, დითირამბებიც მივუძღვენით ჩვენს ეროვნულ გუნდს. შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, მაგრამ ეს უფრო ავანსად გაცემული გახლდათ და წაგებისგან უცბად ლამის ტრაგედია შევქმენით. იყო თუ არა ეს ტრაგედია? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში.

მოდით, მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ჯგუფში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეს D ჯგუფი იყო, ანუ
მე-4 დივიზიონი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. წაიწიეს წინ? უთუოდ. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და გამოდის, პროგრესი არის.

ამ დროს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველივე მატჩში ყველაზე უხერხული მეტოქე შეგვხვდა - შვეიცარია. ჟარგონზე ვიტყვი და ასეთ მურტალ ნაკრებთან თამაშს ისევ გრანდთან დაპირისპირება სჯობდა. ნუ, ვთქვათ, ესპანეთთან, რომელიც თავადაც ითამაშებს და შენც მოგცემს თამაშის საშუალებას.


ვლადიმირ პეტკოვიჩის კრებული კი სულ სხვა სტილისაა, სხვა ყაიდის, ულამაზოდ ბურთაობს, გასაქანს არ მისცემს მოწინააღმდეგეს და როდესაც ნაპრალს იპოვის მოწინააღმდეგის დაცვაში, უმალ გამოიყენებს. თქვა კიდევაც მან, მე არ მყავს რონალდო, მაგრამ მყავს არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლიაო.

ერთ პარალელს გავავლებ. ძველ თბილისის "დინამოს" თავის ბრწყინვალების წლებშიც კი უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. რაღაცნაირად ძალისმიერია მათი ფეხბურთი, ავტომატიზმამდე დაყვანილი და შესაძლოა, ამ შვეიცარიის ნაკრების მასთან შედარება მთლად ზუსტი არაა, თუმცა მსგავსება რომ არსებობს, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი - "ნეიტრალთა" გუნდის არაერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უცბად გატყდა ჩვენი გუნდი, ვეღარ გაუძლო წნეხს და უშანსოდ დამარცხდა. იყო თუ არა შესაძლებლობა ამ მატჩის თუნდაც ფრედ დასრულებისა? რა თქმა უნდა, იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს ვაკო ყაზაიშვილს რომ ის გოლი გაეტანა, მეორე ტაიმში ალბათ, უკვე სულ სხვა თამაში წავიდოდა (თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეზაა). ვერ გაიტანა. არადა, გაცილებით უფრო რთული სიტუაციიდან გაუტანია. საერთოდაც, რაღაცნაირად საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილი ჩანდა. აღარაფერს ვამბობ ჯანო ანანიძეზე. ის უბრალოდ მორიგი ტრავმის მიღების შიშით თამაშობდა, პირველ ბურთზე ყველა ბრძოლას აგებდა და თითქოს, ბრძოლას გაურბოდა კიდეც.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, ქართულად ვითამაშებთო და ვერ გავიგე, ეს ქართულად თამაში რას ნიშნავს. მე პირადად ასეთი თამაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს და ამ დალოცვილმა ნეტა სად ნახა? რომ თქვა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრიერიშებზე ააგებენ თამაშსო, ისიც ვიწყინეთ. პეტკოვიჩმა ბრძანა, რუსულ სტილში ასპარეზობენ და ცოტა ბრაზილიურსაც ურევენო და არც ეგ გვესიამოვნა.

მაინც რა ითამაშა ჩვენმა გუნდმა? ტაქტიკა, ფაქტობრივად, 4-2-3-1 იყო, უფრო ხშირად 4-3-2-1 და კიდევ უფრო ხშირად 7-2-1. სიტუაციის მიხედვით ტრანსფორმირდებოდა, უფრო სწორად, ვითარება აიძულებდა ტრანსფორმირებას.

არანაირი ფანტაზია, არანაირი დრიბლინგი. მეტოქის კარზე იერიშის მიტანის ერთადერთი ვარიანტი წინ ეულად მყოფი ტანმაღალი გიორგი ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება იყო, რომელსაც კარისაკენ ზურგით მყოფს უნდა მიეღო ეს ბურთი, თანაგუნდელისთვის დაეგორებინა და როგორმე შეტევა წამოწყებულიყო. ის ტარანული ტიპის ფორვარდია და ღრმა სივრციდან ვერ გაიქცევა, კარისაკენ გზად ვერ მოატყუებს რამდენიმე მცველს და ვერ გაიტანს ასე გოლს.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა მოედანზე ლიდერი, რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა, უდირიჟორებდა, ბურთს დაიჭერდა, თუნდაც ბურთს "აწვალებდა", თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევის საშუალებას მისცემდა და ხანდახან ცოტას ამოასუნთქებდა კიდეც.

არ გვყავს ელემენტარულად ასეთი ფეხბურთელი და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არაა ანანიძე ამისათვის მზად და არც ვიცით, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში. აღნიშნულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვაისს? მის ხელთ არსებული რესურსით ამის თქმა ძალიან ძნელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია. სულაც არ ვაპირებ მის ადვოკატობას, არ ვთვლი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად, მაგრამ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ლიგაში? რომელიმე თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში ან თუნდაც ევროპა ლიგაში?

გავუსწოროთ თვალი მწარე რეალობას, ჩვენი გუნდი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უკეთესი გუნდის ფეხბურთელი იმით გჯობნის, რომ უკეთ და უფრო სწრაფად კითხულობს თამაშს, სხვა სისწრაფე აქვს, სხვა ბრძოლისუნარიანობა, სხვა გამძლეობა და ა.შ.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: შვეიცარიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 7 კარს ასცდა, 10 კი დაიბლოკა, 7 კარში წავიდა. ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენ კი კარისკენ 6-ჯერ დავარტყით და აქედან ერთი წავიდა კარში.

შვეიცარიელებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი პასი გააკეთეს - 619:352 და სიზუსტეც 87-პროცენტიანი ჰქონდათ, როცა ჩვენ 76 პროცენტი გვქონდა.


აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბა კვირკველიას დააყენებდა დაცვაში თუ დავით ხოჭოლავას, რადგან ამ უკანასკნელმა ურიგოდ არ ითამაშა. ასეთ გუნდთან გასამკლავებლად 10 ჯიმი ტაბიძე უნდა გყოლოდა. სხვადასხვა ამპლუის ტაბიძე. ერთადერთი, შეიძლებოდა, როდესაც დაინახა ვაისმა ანანიძის პასიურობა, ოთარ კიტეიშვილი შეეშვა მის ნაცვლად და რაღაცის შეცვლა ეცადა, მაგრამ როგორც სჩვევია, ცვლილებებს გვიან მიმართა, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო.

ნათქვამია, მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავსო. იმ შეხვედრაში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა ნახევარდაცვა.

და მაინც, მგონია, პროგრესი არის, ოღონდ გარკვეულ დონეზე. ეს არცაა გასაკვირი, ამხელა ნახტომს ასეთი კადრებით D ლიგიდან A ლიგაში ვერ მოახერხებ. 26 მარტს, ირლანდიასთან მატჩში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. ეს უკვე შვეიცარია აღარაა და წესით, "ჯვაროსნებმა" უფრო ლაღად და თავისუფლად უნდა ითამაშონ.


ყველაფერი კი მაინც საბოლოოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ჯოხის მუდამ მწვრთნელებზე გადატეხვა: კალათბურთელები წააგებენ, ილიას ზუროსის გაგდებას ვითხოვთ; მორაგბეები წააგებენ, მილტონ ჰეიგს მივდგებით. რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს: ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე - ყველას გადაყენებას ვითხოვდით.

უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ და ყოველთვის რეალობიდან გამოვიდეთ და არა ემოციებიდან.

დაველოდოთ დუბლინის მატჩს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
დასაკარგი არაფერი არ გვაქვს ელემენტარული ეს ევრო შესარჩევი გამოიყენონ სავარჯიშო მოედნად და გახსნილად თამაში ისწავლონ თორე ესე დაცვითი თამაში ვიცით უკვე ამიტომ ჯობია ძლიერ გუნდებთან ვითამაშოთ სანახაობრივად დასაკარგი არაფერი მაინც არ გვაქვს
jei777
25 მარტი 2019 16:42
0
გამეორებაზე დაკვირვებით ნახვისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ II ტაიმის დასაწყისში ქვილითაიამ სუფთა გოლი გაიტანა. სულ მინიმუმ პენალტი მაინც უნდა დაენიშნა მსაჯს, და მცველი გაეძევებინა ხელით განზრახ თამაშისთვის და უკანასკნელი იმედის "ფოლისთვის". სამწუხაროა, რომ მსაჯმა ეს ვერ "შეამჩნია" და ქვილითაიაზე "გამოიგონა" ჯარიმა...
tngh
25 მარტი 2019 12:27
3
ჩვენ ეგრე ვიცით,მოიგებენ გმირები არიან, წააგებენ და მიწასთან ვასწორებთ.განსაკუთრებით ის ხალხი ვინც თემაში ვერ ერკვევიან.ის რატომ არ გამოიძახა,ეს რატომ დააყენა,ის რატომ შეცვალა.ყველა პროფესორია და საქმეში არავინ არ ვარგა.ამიტომაა ქვეყანაც ესეთ დღეში,ოპოზიციაში,რომ არიან ყველაფერი მაგრად იციან,მოვლენ ხელისუფლებაში და თურმე გარტყმაში არ ყოფილან არაფრის.ამიტომ ყველამ ჩვენ საქმეს მივხედოთ და ერთმანეთს მეტად მივუტეოთ და გავამხნევოთ აჯობებს.ესე მგონია მე.წარმატებები ქართველებო!ყველაფერი კარგად იქნება თუ ერთად ვიქნებით!
1
25 მარტი 2019 11:50
3
არ მაქვს მე ამ თაობის იმედი, ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები. შემოსაყვანია ახალგაზრდები ერთი 6-7 კაცი. ანანიძე და ყაზაიშვილი ძალიან მალე დაბერდნენ, ძლივს დარბიან, ვერც ჩქარა აზროვნებენ.საერთოდ მწვრთნელებს ახასიათებთ გვიან შეცვლები, 10-15 წუთი რომ დარჩება მერე იწყებენ შეცვლას. როცა ვერ თამაშობს ადექი და გამოცვალე , მეორე ტაიმის დასაწყისში მაინც ,სხვას რომ მისცე თამაშში ჩართვის საშუალება. საერთოდ კარგი მწვრთნელი იშვიათია და ისეთი გადასარევი, მსოფლიო დონის აქ არავინ არ ჩამოვა, იგიც იტყვის ფეხბურთელები არ გივარგათო და აქეთ დაგვდებს ბრალს. მე მაგალითად ცხადაძეში დავინახე პოტენციალი, კარგად დაიწყო, რაღაცნაირი ინტერესი გაჩნდა და იმავე მომენტში დაასამარა იმედი ფედერაციამ, ახლა წლები რომ იკარგება ,ამაზე პასუხს არავინ არ აგებს, რა თქმა უნდა.ერთს დავამატებ, სწრაფად თამაში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს
თამაზი
25 მარტი 2019 20:00
3
ტრაგედია იყო აბა რა იყო, ყველა ასპექტში მოგვიგეს, ყველა... ანგარიშით ხომ მოგვიგეს, ფიზიკურად, ძალისმიერში ხომ მოგვიგეს, სირბილში ხომ მოგვიგეს, მეორე სართულზეც მოგვიგეს... რაღა დარჩა, ჩვენ რაში ვაჯობეთ, დარჩა რამე რომ ვთქვათ სამაგიეროდ რაში ვაჯობეთ?... პროფესიონალები ეთამაშა უბნის გუნდს, დაახლოებით ესეთი თამაში იყო... რატომ იცით? იმიტომ რომ, პირველ რიგში ხომ არაფერში არავინ პასუხისმგებელი არ არის, მეორე რიგში, არავინ საკმარისად, პროფესიონალურად არ ვარჯიშობს, თუ ვინმე ვარჯიშობს და გეტრში სიგარეტი უდევთ და ისე თამაშობენ, ზოგი კაიფობს, ზოგი მუცელს ყვება, ზოგიც პახმელიაზეა, ზოგსაც ეზარება სირბილი და ასე შემდეგ და შემდეგ... მთლიანობაში საქართველოში ყველგან და ყველაფერში ქაოსია, განუკითხაობაა, დედა არა ჰყავს ქვეყანას!....
Zaza
25 მარტი 2019 14:38
0
ტრაგედიაა თავად ვაისი!!!
ბასკი
25 მარტი 2019 20:01
9
წაგება ტრაგედია არ იყო. მე ვაისის დაბრმავება უფრო მიმაჩნია ტრაგედიათ. ულვე მერამდენეთ ვერ აკეთებს შეცვლას? აგერ ჯანო თვითონ დაბრუნდა გუნდში, მიხვდა რომ სანაკრებოთ მზად არ არის. რა ყაზაიშვილიც თვითონ ხომ ვერ გავიდოდა მოედნიდან? ბრმა არის ეს კაცი და უკვე აღარ ეშველება ვაისს არაფერი. კი ნაკრებს წინსვლა აქვს, მარა არც ისეთი დიდი ამაში ვაისის ღვაწლი. მწვრთნელი უნდა შეიცვალოს იმდენჯერ რამდენიც შედეგი არ მოგვეწონება. აბა მთელი ცხოვრება ვაისს ხომ არ უყორებთ?
la.))
25 მარტი 2019 14:56
1
საქართველოს ნაკრებს ყავდა ორი ღირსეული მწვრთნელი
ეს იყო შუშაკი და ცხადაძე.
შუშაკი 2 თამაშის მერე მოხსნეს და ჟორდანიამ თვითონ დაინიშნა თავი ტრენერად რუსეთან თამაში რომ ჩაეწყო. რადგან შუშაკი არ იკადრებდა ამას
და ცახაძე რომელიც მოხსნეს 2 თვეში. კაცმა რომელმაც რადიკალურად გარდაქმნა ნაკრები, დაიწყო სწრაფი კომბინაციური ფეხბურთის თამაში, და მოხსნეს, ისევ ფულის გამო და მოიყვანეს ვაისი ერთად რომ აკეთონ ფული
lashamax
25 მარტი 2019 14:06
4
რუსეთთან თამაშზე შუშაკი იყო მწვრთნელი!!!
tngh
25 მარტი 2019 14:56
0
ეგ პირველ თამაშზე, მეორეზე მოსკოვში თამაშის წინ მოხსნეს
lashamax
25 მარტი 2019 15:24
0
ტრაგედია არა იხვი,ეს იგივეა რაგბის ნაკრებმა ირლანდიასთან ან უელსთან რომ წააგოს და ტრაგედიად შერაცხო,მე უფრო იმაზე მწყდება გული რომ რაღაც უჯიგროდ ითამაშეს,განწირულებივით
fc1923db
25 მარტი 2019 13:26
2
მეორე ტაიმში, შესვენების შემდეგ, ჯანო და ვაკო, და გვილია უნდა გაეყვანა. მარა ვერაა ეგ კაცი და გაუშვით ბოლობოლო.
ლევანი
25 მარტი 2019 12:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული