16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
2002 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები "ლოკომოტივის" (მიხეილ მესხის სახელობის) სტადიონზე რუსეთის ნაკრებს მასპინძლობდა.

შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში იმართებოდა. მაგრამ მე-40 წუთზე "ლოკომოტივის" სტადიონზე შუქი ჩაქრა, შემდეგ მოვიდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი გადაიდო. გადადებული შეხვედრა კი 2003 წლის 30 აპრილს ჩაინიშნა.

30 აპრილს, იმავე მოედანზე საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი შეხვედრაში მე-12 წუთზე მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა მალხაზ ასათიანმა გაიტანა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მეორე შეხვედრას ატარებდა.

მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორვატმა ივო შუშაკმა თქვა:

"დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ვფიქრობ, ეს მოგება უმნიშვნელოვანესია არამარტო ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვის, დღეს ამ გამარჯვებით ჩვენ გავაბედნიერეთ ქართველი ხალხი".

2003 წლის 30 აპრილი. საქართველო - რუსეთი 1:0
საინტერესო გახლავთ ის ფაქტი, რომ რუსეთის ნაკრების მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ვალერი გაზაევი სტადიონიდან უსიტყვოდ "გაიქცა". არამხოლოდ ეს, რუსეთის ნაკრებმა პრესკონფერენციის დაწყებამდე დატოვა "ლოკომოტივის" მოედანი და არცერთ ოფიციალურ პირს კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრას წინაპოლიტიკური ციებ-ცხელება ახლდა, რისი მიზეზიც თამაშზე დასწრების საკითხი გახლდათ. საქმე იმაშია, რომ უეფას გადაწყვეტილებით, თამაშს გულშემატკივრები 2002 წელს ნაყიდი ბილეთების მიხედვით დაესწრებოდნენ, თუმცა ძალიან ბევრ ადამიანს ბილეთები გადაყრილი ჰქონდა, ბევრს დაკარგული და ამ ყველაფერმა უკმაყოფილება გამოიწვია. ვაკის პარკში კი დიდი ეკრანი დააყენეს, სადაც ის გულშემატკივრები შეძლებდნენ თამაშის ხილვას, ვინც სტადიონზე ვერ მოხვდებოდა. ამის საპასუხოდ, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მატჩის დღეს ვაკის პარკში დიდი შეკრება დააანანონსა.

ყურადღების გარეშე არც ხელისუფლებას დაუტოვებია აღნიშნული მოქმედება. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. სხდომას სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და თბილისის მერი ივანე ზოდელავა ესწრებოდნენ.

შემდგომ, "პირველი არხის" საშუალებით განცხადება გააკეთა თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილემ, მიხეილ სოლაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის პოლიციის თითქმის სრული გარნიზონი (დაახლოებით 3000 პოლიციელი) იქნებოდა მობილიზებული სტადიონთან წესრიგის უზრუნველსაყოფად. მათი იქ ყოფნის მიზანი იყო, რომ არ დაეშვათ 10 000-ზე მეტი გულშემატკივრის სტადიონზე შეჭრა.

მატჩს, სხვათა შორის, საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

კიდევ ერთი საკითხი იყო დროშის თემა. მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებთან ერთად სტადიონზე ხუთჯვრიანი დროშა გამოკიდა, რომელიც მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო იყო. შევარდნაძემ დროშის ჩამოხსნა მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ხუთჯვრიანი დროშის გვერდით საქართველოს ეროვნული დროშაც იქნებოდა.

მატჩი, როგორც კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. არა მხოლოდ გამარჯვებით, არამედ დიდი სათამაშო უპირატესობით და საქართველოს ნაკრებს უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგო.

აღნიშნულ შეხვედრაზე "სპორტ ექსპრესში" დაწერეს:

"მას შემდეგ, რაც შეხვედრის მთავარი არბიტრის ვაკის საფინალო სასტვენმა სენსაციის, თუმცა ამავე დროს, საქართველოს ნაკრების დამსახურებული გამარჯვების შესახებ გვამცნო, უნებურად გავიფიქრეთ: ნეტა კიდევ ჩამქრალიყო შუქი... ამ შემთხვევაში ჩვენ "ლოკომოტივის" სტადიონზე მომხდარი სირცხვილის მომსწრეები არ გავხდებოდით. სირცხვილისა, რომელსაც, სრული უფლება გვაქვს, ნაციონალური სირცხვილი ვუწოდოთ."

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო პირველი მატჩისა, როდესაც შუქი ჩაქრა:

საქართველო-რუსეთი (ჩამქრალი სტადიონი)
მიუხედავად იმისა, რომ იმ ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავეთ და რუსეთი პლეი-ოფის სტადიიდან მაინც მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, ეს გამარჯვება მაინც უდიდესი მნიშვნელობის იყო. როგორც წაიკითხეთ, რუსებმა ამ მარცხს "ნაციონალური სირცხვილი" უწოდეს.

ისტორიაში სულ სამი თამაში გვაქვს რუსეთთან გამართული. პირველი 1998 წლის 30 მაისს შედგა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე. მაშინ ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ამხანაგური ანგარიშითვე დასრულდა - 1:1. მე-9 წუთზე სიმუტენკოვის გატანილ გოლს, მე-17 წუთზე ზაზა ჯანაშიამ უპასუხა.

მომდევნო შეხვედრა უკვე 16 წლის წინ გამართული თამაში იყო. საპასუხო მატჩში კი 1:3 დავმარცხდით მოსკოვში. ანგარიში მე-3 წუთზე ალექსანდრე იაშვილმა გახსნა. 29-ე წუთზე დიმიტრი ბულიკინმა გაათანაბრა. პირველი ტაიმის პირველ დამატებით წუთზე იგორ ტიტოვმა რუსეთის ნაკრები წინ გაიყვანა - 2:1. საბოლოო ანგარიში კი დიმიტრი სიჩოვმა დასვა შეხვედრის 73-ე წუთზე - 3:1.

1998, 30 მაისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული არენა, ამხანაგური მატჩი, 75 000 მაყურებელი
საქართველო-რუსეთი 1:1
გოლები: სიმუტენკოვი(9) 0:1, ჯანაშია(17) 1:1
გაფრთხილება: დიდავა(23), ონოპკო(88), ჩუგაინოვი(19), სემაკი(79), სიმუტენკოვი(32)
მთავარი მსაჯი: ტაჰირ სულეიმანოვი(აზერბაიჯანი)

საქართველო: ნიკოლოზ „ნიკა“ ტოგონიძე, ლევან კობიაშვილი, ლევან სილაგაძე, კახაბერ ცხადაძე, გელა შეყილაძე, გოგა გახოკიძე (არჩილ არველაძე, 78), გიორგი ნემსაძე (გიგი დიდავა, 13), გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე (ლევან ცქიტიშვილი, 84), შოთა არველაძე, ზაზა ჯანაშია (დავით ჩალაძე, 71)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

რუსეთი: სერგეი ოვჩინიკოვი, დმიტრი ხლესტოვი, ვიქტორ ონოპკო, იური კოვტუნი (ალბერტ ბორჟენკოვი, 61), იგორ ჩუგაინოვი, ევგენი ვარლამოვი (ვიაჩესლავ რადიონოვი, 46), სერგეი სემაკი (ალეკსანდრ გორშკოვი, 89), ანდრეი ტიხონოვი (არტურ პაგაევი, 79), დმიტრი ალენიჩევი, ვლადიმირ ბესშასნიხი (ილია ციმბალარი, 57), იგორ სიმუტენკოვი (დენის ზუბკო, 46)

მთავარი მწვრთნელი: ბორის იგნატიევი

30 აპრილი, 2003. ევრო 2004 - შესარჩევი მატჩი. თბილისი, ლოკომოტივი. 11000
საქართველო-რუსეთი 1:0
გოლი: 1:0 მალხაზ ასათიანი (12)
გაფრთხილება: გიორგი ნემსაძე(71), მიხეილ აშვეთია(81), გენადი ნიჟეგოროდოვი(60).
მსაჯები: ფრანც-ქსავიერ ვაკი; სონკე გლინდემანი, პეტერ ჰენესი (გერმანია)

საქართველო: გიორგი ლომაია, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახი კალაძე, დავით კვირკველია, ლადო ბურდული (გიორგი შაშიაშვილი 80), ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), გიორგი დემეტრაძე, მიხეილ აშვეთია (რატი ალექსიძე 85), მალხაზ ასათიანი (გივი დიდავა 75)

მთავარი მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)

რუსეთი: ვენიამინ მანდრიკინი, გენადი ნიჟეგოროდოვი, სერგეი იგნაშევიჩი (დენის ევსიკოვი 14), ალექსეი სმერტინი, სერგეი სემაკი, ევგენი ალდონინი (დმიტრი სიჩოვი 79), ვიკტორ ონოპკო, დმიტრი ალენიჩევი, ეგორ ტიტოვი (კაპ), მარატ იზმაილოვი (ალექსანდრ კერჟაკოვი 46), ანდრეი კარიაკა

მთავარი მწვრთნელი: ვალერი გაზაევი

11 ოქტომბერი, 2003. ევრო 2004 - შესარჩევი მატჩი. მოსკოვი, რუსეთს რკინიგზის არენა. 30 000 მაყურებელი
რუსეთი-საქართველო 3:1
გოლები: 0:1 ალექსანდრე იაშვილი (3), 1:1 დმიტრი ბულიკინი (29), 2:1 იგორ ტიტოვი (45), 3:1 დმიტრი სიჩოვი (73)
გაფრთხილება: გიორგი დემეტრაძე, რევაზ ქემოკლიძე, დმიტრი სიჩოვი, გიორგი ნემსაძე
მსაჯები: კონრად პლაუცი; ეგონ ბერაიტერი, მარკუს მაირი (ავსტრია)

რუსეთი: სერგეი ოვჩინიკოვი, ვიკტორ ონოპკო (კაპ), სერგეი იგნაშევიჩი, დმიტრი სენნიკოვი, ვადიმ ევსეევი, ალექსანდრ მოსტოვოი, იგორ ტიტოვი, როლან გუსევი (ევგენი ალდონინი, 63), ანდრეი კარიაკა (მარატ იზმაილოვი, 46), დმიტრი ბულიკინი, ალექსანდრ კერჟაკოვი (დმიტრი სიჩოვი, 56)

მწვრთნელი: გიორგი იარცევი

საქართველო: გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, რევაზ ქემოკლიძე, გიორგი დემეტრაძე, დავით კვირკველია, ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), ალექსანდრე იაშვილი, გოჩა ჯამარაული (ლადო ბურდული, 46), მიხეილ აშვეთია (ვიტალი დარასელია, 58), ლევან ცქიტიშვილი (მალხაზ ასათიანი, 54)

მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: მერაბ ჟორდანია

როგორც ხედავთ, ჩვენსა და რუსეთის ნაკრებებს შორის თანაფარდობაა. ორივე გუნდმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა ერთმანეთის წინააღმდეგ და ერთი შეხვედრაც ფრედ დამთავრდა. რუსები მხოლოდ 1 ბურთით გვჯობნიან - 4:3.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ყველა ფეხბურტელი საბჭოთა კავშირის დროს დაბადებული და აღზრდილი იყო და იმიტომ იგებდნენ თქვენ ახლა დაუპირისპირეთ და ნახეთ რა მოხდება,და მერე იტრაბახეთ.
maxo
12:44 10-12-2019
6
აშკარად ჯობდა იმდროინდელი ნაკრები, სამწუხაროდ, რაც მეტი დრო გადის, ჩვენი მოთამაშეების კლასი ეცემა.
მერაბი
10:20 01-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული