ფოტო: fcsaburtalo.ge
თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ ევროპა ლიგის შესარჩევ რაუნდზე გადაერთო.
შესაბამისად, თუ სასწაული არ მოხდა, "საბურთალომ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხაც გადაეცემა.
ამ დროისთვის "საბურთალოს" 660 000 ევრო აქვს გამომუშავებული, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის კი 280 000 ევროა განკუთვნილი. შესაბამისად, "საბურთალოს" უეფასგან უკვე 940 000 აქვს, რაც დღევანდელი კურსით 3 053 622 ლარია.
ეს ჯერჯერობით ყველაზე მეტია მიმდინარე სეზონში ქართულ კლუბებს შორის.
- ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000 ევრო
- ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 380 000
- ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000
- ჯამში: 940 000
იმ თანხას, რასაც კლუბი გამოიმუშავებს, ის ევროთასების სეზონის ბოლოს მიიღებს. იმის გათვალისწინებით, რომ "საბურთალო" ასევე მიიღებს თანხას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისგან, მას დაახლოებით 5 000 000 ლარი მაინც ექნება.
უხეშად რომ დავთვალოთ, ეს თანხა საფეხბურთო კლუბის სარჩენად სამყოფი არაა, მაგრამ სწორი განკარგვის პირობებში შესაძლოა კლუბმა თავი მაინც შეინახოს.
აქ ყურადღებას მხოლოდ ფონდისა და უეფასგან მოცემულ თანხებზე ვაკეთებთ. ამის გარდა, კლუბს სხვა შემოსავალიც ექნება, როგორიც არის ტრანსლაციიდან შემოსავალი, გაყიდული ბილეთებიდან, ტრანსფერებიდან და სპონსორებისგან. მართალია, მცირე, მაგრამ მაინც.
შეგახსენებთ, რომ მესამე ეტაპზე "საბურთალო" "არარატ-არმენიას" შეხვდება.