ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელის, ჯოვინო ფლამარიონის გაქართველებაზე, რომელიც საქართველოში მესამე წელს ატარებს. მოგეხსენებათ, ხუთი წელია საჭირო, რათა ფეხბურთელმა ქართული პასპორტის აღება შეძლოს.
ჯოვინო არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი. გვახსოვს, ალბათ, აბაიომი ოვონიკოკო, თუ როგორი ზარ-ზეიმით გადავეცით ნიგერიელს საქართველოს პასპორტი. თუმცა ოვონიკოკომ "გაგრაში" კარგი ასპარეზობის შემდეგ ვერც "ზესტაფონში" ითამაშა, შემდეგ უცხოეთშიც ვერ ააწყო კარიერა, ბოლოს პორტუგალიის ქვედალიგელ "მირანდელაში" იყო და მას შემდეგ მისი საფეხბურთო კვალი იკარგება...
ცოტა დააკლდა გაქართველებამდე თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" ყოფილ მცველ რენე ფერეირა დოს სანტოსს. ბრაზილიელ ფეხბურთელს საქართველოში ყოფნა კიდევ ნახევარი წელი ესაჭიროებოდა, რომ მოქალაქეობა მიეღო. მის ნაკრებში თამაშზე აქტიურად საუბრობდა მაშინდელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე და გულშემატკივართა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მას საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშა.
რენემ საქართველოს შემდეგ ბრაზილიის ჩემპიონატში დიდი პერიოდი დაჰყო და ამჟამად პორტუგალიის ჩემპიონატის კლუბ "მარიტიმუში" გამოდის, ოღონდ შეცვლილი ამპლუით, ის საყრდენი ნახევარმცველია.
მკითხველთა უმრავლესობის აზრით, რენე ფერეირამ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს
30 წლის იყო ჩისკო მუნიოსი, როდესაც თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა. მალევე დაიწყო მის ნატურალიზებაზე საუბარი. თვითონ ფეხბურთელიც ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა, თუმცა 30 წლისა და 35 წლის ჩისკო - ეს სხვადასხვა მოცემულობა უნდა ყოფილიყო, თანაც ოთხ წელიწადში საქართველო დატოვა და 35 წლისამ კარიერა დაასრულა.
მაშინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამაც ამ აზრს დასცინა:
"კარგით რა, ხალხნო. რა ჩისკო... გადახედეთ ქართული ფეხბურთის ისტორიას, როგორი ფეხბურთელები გვყავდა. რომელ ჩისკოზეა ლაპარაკი. თანაც, წესებით, უცხოელი 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ქვეყანაში, ნაკრებში გამოსვლის უფლება რომ დართონ. ეს დრო რომ გავა, ჩისკო თითქმის ჩემი ტოლი იქნება...".
გვინდა თუ არა ჯოვინო ნაკრებში?
23 წლის ბრაზილიელი საქართველოს ჩემპიონატში კარგად თამაშობს, თუმცა ვერ ვიტყვით, საუკეთესოაო. მაგრამ მისი ასაკიდან და მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე, შეიძლება ამაზე ფიქრიც. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელები ჭირს, არავინ იცის, მომავალში ეს ფეხბურთელი როგორ ითამაშებს. შეიძლება ოვონიკოკოს გზა გააგრძელოს ან კარგი კარიერა აიწყოს.თანაც, რას ვკარგავთ? არაფერს. უბრალოდ საკითხავია, რამდენად შეძლებენ ბათუმელები დანარჩენი ორი წელი მის შენარჩუნებას? მოგეხსენებათ, ბრაზილიელს ამ ზაფხულსაც სურდა აჭარიდან აბარგება, მას ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე პრაღის "სლავია" ეპატიჟებოდა. ხოლო ბათუმელებმა მისი შეჩერება კონტრაქტით შეძლეს.
ბრაზილიელს "დინამოსთან" 2021 წლის ბოლომდე აკავშირებს კონტრაქტი, 5 წელი კი ორი თვის შემდეგ უსრულდება, 2022 წლის თებერვალში.
"ვინმემ იცის, ზუსტად ვის ვეთამაშებით ფინალში?! კიმპემბე - კონგო, დემბელე - მავრიტანია, სიდიბე - მალი, უმტიტი - კამერუნი, პოგბა - გვინეა, ტოლისო - ტოგო, მატუიდი - ანგოლა, კანტე - მალი, ნ'ზონზი - კონგო, მბაპე - კამერუნი, მენდი - სენეგალი, მანდანდა - კონგო, ფეკირი - ალჟირი..." - განაცხადა შტიმაცმა.
ასეთი საქართველოს ნაკრები გინდათ?! ასეთი ნაკრები თუ რამეს მოიგებს ის საქართველოს ნაკრების გამარჯვება იქნება?!