ვინ როგორ ფორმაში ხვდება მოსალოდნელ შეკრებას და ვისი დამატება შეიძლება საქართველოს ნაკრებში?

AutoSharing Option
15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიას ესტუმრება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებს. ოთხი დღის შემდეგ კი ამხანაგურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს, ხორვატიას დაუპირისპირდება.

რა შეიცვალა წინა შეკრებიდან? როგორ ფორმაში არიან ნაკრების ფეხბურთელები და გამოჩნდა თუ არა ახალი ვარიანტები, ამას სტატიაში გაეცნობით.

მეკარე

საქართველოს ნაკრების პირველ მეკარეს, გიორგი ლორიას, ოქტომბრის შეკრების შემდეგ "ანორთოსისში" გოლი არ გაუშვია. ფამაგუსტელთა მეკარე ძალიან კარგ ფორმაშია.

გიორგი მაკარიძემ კლუბში სამ ჩატარებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაუშვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "სეტუბალი" მისი წყალობით ინარჩუნებს ქულებს. "ბოავიშტასთან" შეხვედრაში მატჩის
საუკეთესო მოთამაშეც კი გახდა.

რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, "საბურთალოს" მაისურით სამი შეხვედრა ჩაატარა, ორი მშრალად შეინახა და ორი გოლი კი გორის "დილასგან" მიიღო.

დაცვა

საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე "როდეზში" სათამაშო პრაქტიკა აქვს მარცხენა  მცველ ამირან სანაიას. იმ ფონზე, როცა ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს, შეიძლება 10-წლიანი განშორების შემდეგ მისთვის შანსის მიცემა.

წინა შეკრების შემდეგ სათამაშო დროს არ უჩიოდნენ: ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა, ჯიმი ტაბიძე. თუმცა ეს უკანასკნელი "უფას" ბოლო შეხვედრაში სათადარიგოც არ იყო.

რაც შეეხება დანარჩენებს, გურამ კაშიას სეზონი ამერიკაში დასრულდა და "დინამოში" ვარჯიშობს, საბა კვირკველიას კლუბში სათამაშო დროს არ აძლევენ, დავით ხოჭოლავას ტრავმის შემდეგ წუთები მიეცა, ხოლო ლაშა დვალი ტრავმის შემდეგ სრულყოფილად ვერ მომჯობინდა.

ნახევარდაცვა

საყრდენ ზონაში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ჯაბა კანკავა "ტობოლის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისმა მეწყვილემ, ნიკა კვეკვესკირმა ტრავმა მოიშუშა და თამაშებში სათადარიგოდან ერთვებოდა.

მოედანს დაუბრუნდა ვაკო გვილიაც, მაგრამ იდეალურ ფორმაში ჯერ კიდევ არ არის. გიორგი აბურჯანიას კვლავ სათამაშო დროის პრობლემა აქვს, თუმცა მას ჰოლანდიის თასზე ერთი შეხვედრა სრულად ჩაატარებინეს. "ანორთოსისში" კვლავ სათადარიგოა მურთაზ დაუშვილი, თუმცა შეცვლაზე შედის მოედანზე.

ბოლო პერიოდში ნაკრების მთავარი ძალა ოთარ კიტეიშვილი კლუბშიც გამორჩეულია და "შტურმში" ძალიან ბევრ "შავ საქმეს" აკეთებს. ეგ არის, რომ თანაგუნდელები ხშირად მის სათამაშო დონეს მხარს ვერ უბამენ.

რაც შეეხება შემტევებს, ჯანო ანანიძეს ახალი მწვრთნელის ხელში სათამაშო დრო აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მისი ჩრდილი დარბის მოედანზე. ლევან შენგელია გიბრალტართან შეხვედრაში გარემარბის პოზიციაზე არცთუ ისე ურიგო იყო, მაგრამ კლუბში შედეგიანობის მხრივ, არც მას ულხინს, თურქებისგან კი ნდობა აქვს.

ვაკო ყაზაიშვილი, კაშიას მსგავსად, "დინამოში" ვარჯიშობს, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამერიკაშიც და საქართველოშიც არცთუ ისე მაღალი იყო. ვახტანგ ჭანტურიშვილმა ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა.

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, გიბრალტართან შეხვედრაში გოლით გამოიჩინა თავი. ვაისის მხრიდან სასურველია ცოტა მეტი ნდობა იყოს ამ ფეხბურთელის მიმართ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის დროს.

დიდი ალბათობით, ნაკრებს დააკლდებიან საბა ლობჟანიძე, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ფამაგუსტელთა რიგებში არ ჩანდა.

თავდასხმა

გიორგი ქვილითაიას "გენტში" ნაკლებად ენდობიან. შესაბამისად, მისი გოლების გრაფაში 0 წერია. არადა, ამ ეტაპზე გიორგი ნაკრების მთავარი ფორვარდია.

ელგუჯა ლობჯანიძეს სანაკრებო შეკრების შემდეგ ყაზახეთში გოლი არ გაუტანია, თუმცა პრემიერლიგის 31-ე ტურში ყველა ყაზახური გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გოლები გააქვს ნიკა კაჭარავას, რომელმაც ქეცბაიას ნდობა მოიპოვა და ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, ამავდროულად, საგოლე პასებიც დაარიგა.

შედეგიანობის მხრივ, მატება აქვს ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონატში 5 გოლი დააგროვა და მათგან ორი ბოლო ორ შეხვედრაში გაიტანა. ამავდროულად, უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

altლეგიონის უქმეები: სამი ფორვარდის სამი გოლი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჟურნალისტები რატომ ხართ ასე გაჩუმებული, რატომ არ ეკითხებით ვაისს რისთვის გამოიყენა ეს შესარჩევი და ვინ გამოსცადა ახალი ნაკრებში, ნავალოვსკი, დაუშვილი თუ ანანიძე? ვერ ხედავთ რომ სულ იძახებს ნაკრებს ისეთს რომ რამენაირად არ წააგოს, მარა მაინც აგებს და პერსპექტივა ხვალისათვის 0, ვაისს სულ კიდია ნაკრები და მისი ხვალინდელი დღე. ნაკრებისთვის შეიძლებოდა რომ ხვალინდელი დღე ყოფილიყვნენ ლაკვეხელიანი, ზარანდია, ნინუა, კვარაცხელია და სხვა ახალგაზდები ვისაც შანსი უნდა მისცემოდათ, რომ ახალი და უკეთესი მიგვეღო მარტისათვის. რა გამოვიდა? ისევ არცერთი მოგება (გიბრალტარის გარდა) და ნავალოვკის, დაუშვილი,ლობჟანიძე, ანანიძეს იმედად დარჩენ. ნუთუ ეს იყო მიზანი ამ შესარჩევისა, რატომ არ ეკითხებით ჟUრნალისტები ვაისს რაში გამოიყენა ეს შესარჩევი და რატომ არ გამოიყენა ახალგაზდა მოთამაშეები ნაკრებში?
G.LA
10:38 07-11-2019
0
გამოძახებულთა ნახევარს კლუბშიც არ ათამაშებენ , ვუნც თამაშიბს იმათ არ იძახებს
მაქს
07:52 07-11-2019
0

სიახლეები პოპულარული