დღეს, 15 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45-ზე, საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
შეხვედრა ქალაქ სენტ-გალენის 19 694-იან სტადიონზე გაიმართება, სადაც ყველა ბილეთი გაყიდულია და ანშლაგს ელოდებიან.
შვეიცარიის ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე 11 ქულით იმყოფება. მათ საქართველოს ნაკრებთან წარმატების ვერმიღწევის შემთხვევაში შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგონ. ისე, სხვისი საქმის გაფუჭება ხშირად გვჩვევია...
საქართველოს ნაკრებს კი ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ დარჩა. ჩვენი გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება და მინიმალურია შანსი იმისა, რომ მესამე ადგილი მოიპოვოს.
ჯგუფურ
ეტაპზე შვეიცარიასთან პირველი მატჩი თბილისში 0:2 დავთმეთ. მაშინ გოლები მეორე ტაიმში სტივენ ზუბერისაგან და დენის ზაკარიასგან მივიღეთ.
როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა?
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ნაკრებში ბევრი ცვლილებაა. მაგალითად, არ იქნებიან: ჯიმი ტაბიძე, ჯანო ანანიძე, საბა კვირკველია, საბა ლობჟანიძე, ნიკა კაჭარავა, ვატო არველაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლაშა პარუნაშვილი.
მეკარეებს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, არ ცვლიან, გიორგი ლორია კი შესანიშნავ ფორმაშია და სლოვაკი კვლავ მას გამოუცხადებს ნდობას.
დაცვაში ცვლილებები იქნება. შვეიცარელთა წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ოთარ კაკაბაძის, გურამ კაშიას, გია გრიგალავას და გიორგი ნავალოვსკის ოთხეული გაირჯება. მათგან ყველაზე სარისკო პოზიცია დაცვის მარცხენა ფლანგი იქნება.
საყრდენ ზონაში კარგი ასპარეზობიდან გამომდინარე, კვლავ ჯაბა კანკავა - ოთარ კიტეიშვილის წყვილი იქნება.
რაც შეეხება შეტევას, წინასწარვე ცნობილია, რომ ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება. უბრალოდ, უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს. ფლანგზე ვაისი კიდევ მისცემს შანსს ზურიკო დავითაშვილს, რომელიც კარგ ფორმაშია. აი, მთავარი კითხვა იქნება - ვინ შეუწყვილდება დავითაშვილს?
მთავარი სიურპრიზი თავდასხმაში გველის. სლოვაკის პრესკონფერენციიდან გამომდინარე, გიორგი ქვილითაიას ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ველოდოთ. ნაკლებად სავარაუდოა, ვაისმა ბაჩანა არაბული ათამაშოს. ჩვენი პროგნოზით, კვლავ ელგუჯა ლობჯანიძეს მიეცემა შანსი. თუ რამდენად გამართლებული იქნება, ამას შეხვედრა გვაჩვენებს.
მეტოქე
ურთიერთშეხვედრებში მეტოქესთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს. პირველად 2002 წელს დავუპირისპირდით და სტუმრად 1:4 დავმარცხდით; 2003 წელს თბილისში მივიღეთ და ფრედ, 0:0 ვეთამაშეთ; ბოლო შეხვედრა, როგორც მოგახსენეთ, ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა და 0:2 წავაგეთ.
შვეიცარიელთა ნაკრები ფიფას რეიტინგში მეცამეტე ადგილზე იმყოფება, "ტრანსფერმარკეტი" კი მას 275 მილიონად აფასებს.
შვეიცარიის ნაკრებს ძალიან დიდი დანაკლისი აქვს, მაგრამ როგორც ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა, მათ სრულყოფილი შემცვლელები მაინც ჰყავთ, ჩვენგან განსხვავებით. მეტოქეს ვერ დაეხმარებიან: ტიმ კლოზე, შერდან შაჩირი, სტივენ ცუბერი, ფაბიან შარი, ბრეელ ემბოლო, ადმირ მეჰმედი, იროზიპ დრმიჩი და მარიო გავრანოვიჩი.
შვეიცარიელები წერდნენ, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩი 5-მცველიან ტაქტიკას აირჩევდა, თუმცა პეტკოვიჩმა ეს პრესკონფერენციაზე უარყო და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა: "ხუთი მცველით ნამდვილად არ ვითამაშებთ, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხუთმცველიანი ტაქტიკა არ მომწონს. როცა საჭიროა, ექვსი მცველითაც უნდა ითამაშო.
სტუმრად გამართული მატჩის წინაც ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები სუსტი არ არის. ჩვენი მეტოქე საკმაოდ სახიფათოა კონტრშეტევებზე. თბილისური მატჩის წინ ჩვენთან ბევრი ფიქრობდა, რომ ადვილად მოვიგებდით, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ასე არ იყო. ეს არ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ადვილად მოუგებ.
მათ დანიასთან და ირლანდიასთან ქულები მოიპოვეს. ადვილი მატჩები არ არსებობს, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ორივე თამაშის მოგება გვინდა და საქართველოსთან 120%-ით უნდა დავიხარჯოთ".
სტუმრად გამართული მატჩის წინაც ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები სუსტი არ არის. ჩვენი მეტოქე საკმაოდ სახიფათოა კონტრშეტევებზე. თბილისური მატჩის წინ ჩვენთან ბევრი ფიქრობდა, რომ ადვილად მოვიგებდით, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ასე არ იყო. ეს არ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ადვილად მოუგებ.
მათ დანიასთან და ირლანდიასთან ქულები მოიპოვეს. ადვილი მატჩები არ არსებობს, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ორივე თამაშის მოგება გვინდა და საქართველოსთან 120%-ით უნდა დავიხარჯოთ".
მოლოდინი
ჩვენთვის ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებელ ეტაპს უფრო წარმოადგენს და სულ სხვა მიდგომა სჭირდება. გუშინ, კოსოვოს ჩეხეთთან მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენ აუცილებლად ბელორუსს შევხვდებით.
ვლადიმირ ვაისმა სასურველია, მაქსიმალურად ბევრ ექსპერიმენტს მიმართოს, თუმცა, თუ ის ამ შეხვედრაშიც - ამ შემადგენლობით ფრის მიღწევას შეძლებს, მისგან ნამდვილად სერიოზული განაცხადი იქნება.
შვეიცარია საქართველოს ნაკრებთან 5 ნომინალური მცველით ითამაშებს - შემადგენლობა თითქმის ცნობილია
P.S. ყოველივე აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული როგორც პესიმიზმის საფუძველი. პირიქით, ხანდახან ძალიან ძნელია, მაგრამ რაც უფრო ადრე გავუსწორებთ რეალობას თვალს და გამოვალთ უსაფუძვლო ილუზიებიდან მით უკეთესი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩებია მოწინააღმდეგის კარში დარტყმა და შესაბამისად გოლის გატანა გვიჭირს კი არა ფაქტიურად არ შეგვიძლია, ჩვენ ნაკრებს დიდი წარმატებები, იქნებ გავხდეთ ერთდროულად რამოდენიმე სასწაულის მომსწრე (შვეიცარიასთანაც, ხორვატიასთანაც, ბელორუსთანაც, კოსოვოსთანაც და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ).