საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2019 წლის ბოლო შეხვედრაში ხორვატიას დაუპირისპირდება.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან ამხანაგურ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ქალაქ პულაში მდებარე საფეხბურთო კლუბ "ისტრას" სტადიონზე გამართა.
საწვრთნელ პროცესში, რომელიც კვლავ ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა, 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ხორვატიაში გამართულ ვარჯიშზე ფეხის ტრავმა მიიღო და მომდევნო ამხანაგურ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვაკო გვილიამ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
"პირველ რიგში, მსურს, რომ ხორვატიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთმანეთს ევრო 2020-ზე შევხვდეთ. ამის შანსი მარტში მოგვეცემა, როდესაც ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელორუსს დავუპირისპირდებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უნიკალური შანსი იქნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად.
ხვალ წლის ბოლო შეხვედრას გავმართავთ. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ხორვატია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ არ გვეშინია და გვსურს, რომ ჩვენი ხარისხი და ხასიათი ვაჩვენოთ. იმედი მაქვს, რომ წელს წარმატებული თამაშით დავასრულებთ და გულშემატკივარს გავახარებთ".
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ლევან შენგელიამ და ოთარ კიტეიშვილმა ხორვატიასთან მატჩის შესახებ ისაუბრეს.
ლევან შენგელია: "ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოვემზადოთ. ხორვატიასთან მატჩს სწორედ ბელორუსის წინააღმდეგ მოსამზადებლად გამოვიყენებთ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შეტევასა და დაცვაში კარგად ვიმოქმედოთ. ხორვატიის დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ".
ოთარ კიტეიშვილი: "შვეიცარიის წინააღმდეგ ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ვთვლი, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ერთ მომენტში შეუთანხმებელი თამაშის გამო გოლი მივიღეთ. ხორვატიის წინააღმდეგ მარტის თამაშებამდე ბოლო მატჩს გავმართავთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად გამოვიყენოთ".
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ხორვატიის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)
ხორვატიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩი ქალაქ პულაში, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს "საქართველოს პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით