როგორ მოევლინა თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს მხსნელად

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს, თავისი არსებობის ისტორიაში, მარტში გასამართი მატჩის (იმედია, მატჩების) მნიშვნელობის შეხვედრა არ ჰქონია. ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან პირველად ვართ და თითოეული ფეხბურთელის სათამაშო ფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

იმ ფონზე, როცა ნაკრების ფეხბურთელებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად აქვთ, თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ გუნდს მხსნელად მოევლინა. მისი ფორმაციის "ანორთოსისში" ექვსი ქართველი ფეხბურთელია, მათგან ხუთი ნაკრების წევრი გახლავთ. ხშირად ხდება, რომ ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში უფრო მეტი ქართველი თამაშობს, ვიდრე კვიპროსელი.

ჯანო ანანიძე

ჯანო ანანიძეს წარუმატებელი კარიერა ჰქონდა. მას ძალიან ბევრი გაუცდა ტრავმების
გამო, ხშირ შემთხვევაში ძირითადში ადგილს ვერ იმკვიდრებდა და იჯარით ორჯერ იყო განათხოვრებული. ჯანო "სპარტაკში" რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა, ხოლო "როსტოვის" შემადგენლობაში თასი მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ანანიძეს ძირითადში მოხვედრის, სათამაშო დროის და ტრავმების მუდმივი პრობლემები ჰქონდა, ქართველს მოსკოვურ კლუბში კარგი ანაზღაურება ჰქონდა, რაც ფეხბურთელისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჯანო ფორმაში არაა და თამაში სწყურია.

აღსანიშნავია, რომ ჯანო ანანიძისთვის საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა უპირველესი პრიორიტეტი იყო. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ მან თავის დროზე რუსეთის ნაკრებზე, დიდ თანხასა და მოსკოვის ცენტრში ბინაზე საქართველოს სახელით თამაშის გამო თქვა უარი. ჯანო იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში დაბევებული ადგილის მიუხედავად, რთულ პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშსაც არ თაკილობდა და საბოლოოდ "ანორთოსისში" თამაში პირდაპირ უკავშირდება ნაკრებში თამაშის მტკიცე სურვილს.

თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ანანიძეს კვიპროსში თავის დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს და დიდი ალბათობით, სათამაშო წუთებიც საკმარისად ექნება. თუ ტრავმებმა არ შეაწუხა, ჯანო ანანიძე მარტის მატჩს (ისევ, იმედია, მატჩებს) ფორმაში შეხვდება.

ჯანოს "სპარტაკში", რუსული მედიის ცნობით, ხელფასი წელიწადში 1.7 მლნ ევრო ჰქონდა, "ანორთოსისში" კი გაცილებით დაბალი ხელფასი ექნება, რადგან ფამაგუსტური გუნდი "სპარტაკთან" შედარებით გაცილებით ღარიბია და ნიკა კაჭარავას ანაზღაურებას მიიჩნევდნენ მაღალ ხელფასად (კვიპროსული წყაროების მიხედვით, კაჭარავას წლიური ხელფასი 200 000 ევროა). ბუნებრივია, ჯანოს  მაღალ ხელფასზე რომელიმე რუსულ კლუბში დარჩენა შეეძლო; ალბათ, არც ყაზახეთში იტყოდნენ უარს მასზე ან სხვა ქვეყანაში, სადაც ფეხბურთელებს მაღალი ხელფასით ანებივრებენ, თუმცა ანანიძემ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე წინ ისევ ეროვნულ ნაკრებში თამაში დააყენა.

თორნიკე ოქრიაშვილი

რომ არა თემურ ქეცბაია, ოქრიაშვილს შეიძლება "ასტანას" რიგებში ეთამაშა და არავინ იცის, რა როლი ექნებოდა მას ყაზახურ კლუბში. ქართველი მწვრთნელის პირობებში კი "ოქრის" მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და გააჩნია საშუალება, 27 წლის ასაკში მაინც წარმოაჩინოს თავისი რეალური შესაძლებლობები.

ოქრიაშვილი, ისევე, როგორც ანანიძე, საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია და მისგან ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი გვახსოვს. თუმცა ნაკრების ბოლო თამაშებში მოედანზე თორნიკეს აჩრდილი დარბოდა და ვერ აჩვენებდა იმას, რასაც მისგან მიჩვეულები ვიყავით. დროა, დარჩენილ თვეებში ქართველმა ფეხბურთელმა თავი გადადოს და ეროვნულ გუნდს საუკეთესო ფორმაში დაუბრუნდეს.

საქართველოს ნაკრებს მარტში სჭირდება თორნიკე ოქრიაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილს კი - საქართველოს ნაკრები.

გიორგი ლორია

საქართველოს ნაკრების მეკარეს კარიერა ვერცერთ უცხოურ კლუბში ვერ აეწყო, ნამდვილად არ იმსახურებდა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერ გუნდში ყოფნას. იმის მიუხედავად, რომ კვიპროსის ჩემპიონატი ევროპაში მე-15-ა, იქ ბევრი კარგი გუნდი თამაშობს, რომელთათვის ევროტურნირები უცხო არ არის. ლორიას კარს ხშირად აწუხებენ და ეს ნაკრების პირველ მეკარეს ფორმიდან ამოვარდნის საშუალებას არ აძლევს.

კითხვის დასმაც კი ზედმეტია ლორიას როლის შესახებ საქართველოს ნაკრებში. მან ჩვენი ეროვნული გუნდი ბევრჯერ იხსნა და მარტში გიორგისგან კარიერის "სეივებს" მოველით. კვიპროსში კი იდეალურ ფორმაში ყოფნისათვის ყველაფერი აქვს.

მურთაზ დაუშვილი

პირდაპირ რომ ვთქვათ, მურთაზ დაუშვილის ნაკრებში გამოძახებაზე დავა შეიძლებოდა. უკრაინიდან წამოსვლის შემდეგ მისი კარიერა კატასტროფულად ცუდი იყო: უნგრეთის ჩემპიონატის ცუდი კლუბები, უგუნდობა და ძალიან ცუდი "სამტრედია". კვიპროსში გადასვლის შემდეგ ჯერ სათადარიგო ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი თემურ ქეცბაიას ხელში ისე ათამაშდა, რომ ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში "დურასელის ელემენტივით ენერგიული" უწოდეს.

ნაკრებში ჯაბა კანკავა რომ შეუცვლელია, ამას ზედმეტი საუბარი არ უნდა. თუმცა ამ ეტაპზე მურთაზ დაუშვილი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელიც სათადარიგო უნდა იყოს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ჯაბა.

ნიკა კაჭარავა

ნიკა ქეცბაიას ფამაგუსტაში დახვდა და მისი გუნდიდან წასვლაზეც იყო საუბარი. თუმცა საბოლოოდ ის "ანორთოსისში" დარჩა და სწორადაც მოიქცა. თუ წინა სეზონში "კაჭომ" 24 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 11 მატჩში 5 გოლია.

ნიკას ძალიან ცუდი პერიოდი ჰქონდა, როგორც ნაკრებში, ამავდროულად კლუბებში და ფორმაში შესვლა სჭირდება. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მომენტების რეალიზება და გოლების გატანაა. კარგი იქნება, თუ კაჭარავა კვიპროსში უფრო მეტ გოლს გაიტანს და მარტში სანაკრებო სიაში იქნება.

დაბოლოს...

იმის მიუხედავად, რომ თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა ნაკრებში ვერ აეწყო, დღეს ის დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე და ეს დასაფასებელია. მას გუნდში ნაკრების ხუთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც არა მხოლოდ სათამაშო დროს აძლევს, არამედ მათ პროგრესირებასაც ახერხებს. პასუხად თემურს კვიპროსის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება შეგვიძლია ვუსურვოთ.

წარმატებული თემურ ქეცბაია ქართულ ფეხბურთს სჭირდება!

altჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია [VIDEO]

altქართველების "ანორთოსისმა" ჩემპიონს სძლია და ლიდერობა გაიმყარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
ევროპაზე ნაკრები თემურ ქეცბაიამ უნდა მოამზადოს.რა სამუშაოც ეხლა ტარდება ვფიქრობ ფედერაციასთან სრულ კავშირშია.მადლობა ბ-ნ თემურს!
ნიკო
20:53 24-01-2020
1
გასაგებია, რომ ანორთოსისი არ არის ევროპული საკლუბო გრანდი, მაგრამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების წინ, უმნიშვნელოვანესია ნაკრების ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკა და თემურ ქეცბაიაც თავისი და კლუბის საქმესთან ერთად მიზანმიმართულად თუ უნებლიეთ საქართველოს ნაკრების და შესაბამისად, ქართულ საქმესაც აკეთებს ყოველგვარი ზედმეტი აფიშირების გარეშე რისთვისაც მას დიდი მადლობა. დროა ყველამ ახლა მაინც გვერდზე გადადოს პირადი აეგოიზმი, ამბიციები და ამ უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე თავის საქმეს მიხედოს. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად იქნება მიღწეული შედეგი!!! სავსე სტადიონს (თბილისში!!!) ვუსურვებ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს და ორ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ჯერ ნახევარფინალში და მერე ფინალში!!!
!!!!!
17:12 24-01-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული