ვინ როგორ ფორმაში იქნება? - რა პერსპექტივა გვაქვს ბელარუსთან მატჩამდე ორი თვით ადრე

AutoSharing Option
საქართველო-ბელარუსის ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩამდე ორი თვე რჩება.

საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. რა მდგომარეობაა ქართველი ფეხბურთელების მხრივ, ვინ როგორ ფორმაშია და ვინ როდის იწყებს ჩემპიონატს, ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.

მეკარეები

გიორგი ლორია - საქართველოს ნაკრების 33 წლის მეკარეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და მარტს იდეალურად შეხვდება, თუ რამე სასწაული არ მოხდა. 22 თებერვალს "ანორთოსისი" ჩემპიონატის რეგულარულ სეზონს ასრულებს და შემდეგ ჩემპიონთა რაუნდში გადაერთვება, სადაც გადამწყვეტი თამაშები ელის ევროტურნირების საგზურებისთვის.

გიორგი მაკარიძე - 29 წლის მეკარეს პორტუგალიაში საქმე კარგად მისდის, ჩემპიონატში
ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა და ადგილობრივი გრანდების ყურადღებას იქცევს. პორტუგალიის ჩემპიონატი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და თბილისში გამომგზავრებამდე ოთხი დღით ადრეც ელის მატჩი.

ეროვნული ლიგა 29 თებერვალს განახლდება და საჭიროების შემთხვევაში, მარტისთვის ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მეკარეებიც მზად იქნებიან.

დაცვა

საბა კვირკველია - ჯერ კიდევ გაურკვეველია საბას მომავალი. ის "ლოკომოტივში" რჩება, თუმცა ექნება სათამაშო პრაქტიკა თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. მას იური სიომინი ნაკლებად ენდობა და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე შეიძლება სათადარიგოდაც დარჩეს. "ლოკომოტივი" ესპანეთში გადის შეკრებას, ჩემპიონატს კი 29 თებერვალს იწყებს.

გურამ კაშია - "სან ხოსეს" 3 თებერვალს აქვს პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩანიშნული, ჩემპიონატს კი 1-ლი მარტიდან იწყებს. ქართველ მცველს ექნება იმის პერიოდი, რომ ფორმაში შევიდეს. ერთადერთი რამ, რაც პრობლემურია, ის არის, რომ "სან ხოსეს" 22 მარტს აქვს მატჩი "სპორტინგთან", ამერიკიდან ხანგრძლივი ფრენის შემდეგ კი როგორ შეძლებენ ის და ვაკო ყაზაიშვილი ძალების აღდგენას, საკითხავია.

გია გრიგალავა - ტულის "არსენალი" ბელეკში აქტიურად ემზადება, გუნდი თითქმის ყოველდღე ამხანაგურ მატჩებს მართავს. გრიგალავა გუნდის უცვლელი წევრია. მისი კლუბი ჩემპიონატს პირველ მარტს იწყებს და ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

ოთარ კაკაბაძე - საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ფეხბურთელია, რომელსაც შემცვლელი არ ჰყავს. მის გარეშე ნაკრები ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავარდება. ხორვატიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ ის მოედანს კვლავ არ დაბრუნებია.

ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს და მალე შეძლებს გუნდში დაბრუნებას, თუმცა, რამდენად სრულყოფილ ფორმაში იქნება და როგორ შეძლებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას, ამას დრო გვაჩვენებს. "ლუცერნმა" ჩემპიონატში თამაში განაახლა.

ჯიმი ტაბიძე - 23 წლის ფეხბურთელმა "უფასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია მარცხენა ფლანგზე დაცვაში სათამაშოდ. "უფაც" ჩემპიონატს პირველ მარტს განაახლებს.

ლევან ხარაბაძე - 20 წლის მცველი ექვსი თვეა ვერ თამაშობს, მას საზარდულის ტრავმა აწუხებს და ვარჯიში კვლავ არ დაუწყია. ის შეიძლება მარტისთვის სრულყოფილად მზად არც იყოს. ვიმედოვნებთ, რომ ლევანი მალე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

ლაშა დვალი - "ფერენცვაროშის" მცველს ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა. როგორც უნგრული გამოცემები წერენ, დიდი ალბათობით, ის მოედანს მალე დაუბრუნდება. უნგრულმა კლუბმა ჩემპიონატი განაახლა და 24 წლის მცველს მწვრთნელის ნდობა აქვს. როგორც კი სრულყოფილ ფორმას აღიდგენს, მას ძირითადში დააბრუნებენ.

ნახევარდაცვა

ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი - კუსტანაიის "ტობოლი" ჩემპიონატს 3 მარტს იწყებს. ყაზახურმა კლუბმა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა. კლუბი ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ემზადება. ორივე ქართველი ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია და ტრავმები არ აწუხებთ.

ოთარ კიტეიშვილი - 23 წლის ნახევარმცველი კლუბთან ერთად თურქეთში ემზადება და მისი კლუბი "შტურმი" 8 თებერვალს თასის მატჩით განაახლებს ასპარეზობას.

გიორგი ჩაკვეტაძე - ფეხბურთელს, რომლის დაბრუნებასაც დიდი იმედით ველოდით, ჯერჯერობით მოედანზე მოხვედრას ვერ ახერხებს. ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი არათუ ძირითად შემადგენლობაში, არამედ ქართველს რამდენიმე წუთსაც არ აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩაკვეტაძე მარტს არასასურველ ფორმაში შეხვდეს.

ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი - პირველ ორ ფეხბურთელს 26 იანვრის მატჩში "ომონიის" წინააღმდეგ არ უთამაშია, თუმცა შემდეგ შეხვედრაში "დოქსას" წინააღმდეგ მათ განაცხადში უნდა ველოდოთ. როგორც გიორგი ლორიას შემთხვევაში მოგახსენეთ, "ანორთოსისს" წინ საკმაოდ დატვირთული სეზონი ელის და თუ ამ ფეხბურთელებს ტრავმა არ შეაწუხებთ, იდეალური შანსი ეძლევათ ფორმაში შესასვლელად.

ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია - ოთხი ქართველისგან ეს ორი ფეხბურთელი დარჩა "რუბინში". ლეონიდ სლუცკი ჯერჯერობით ორივეს ენდობა და თუ ისინი თავს გამოიჩენენ, პრაქტიკაც არ მოაკლდებათ. "რუბინი" ამჟამად თურქეთში ემზადება და ჩემპიონატს პირველ მარტს იწყებს.

ვაკო გვილია - ვარშავის "ლეგია" თურქეთში ემზადება და ამხანაგურ მატჩებს მართავს. ქართველ ფეხბურთელს პერიოდულად აძლევენ შანსს, თუმცა ბოლო შეხვედრაში "ქაირათთან" ძირითად შემადგენლობაში არ იყო. ბოლო პერიოდში 25 წლის ფეხბურთელს მთავარი მწვრთნელის ნდობა არა აქვს და მისი სათამაშო ფორმა მარტში როგორი იქნება, რთული სათქმელია. დედაქალაქური კლუბი 9 თებერვალს განაახლებს ჩემპიონატს.

გიორგი ხარაიშვილი - შვედეთის ჩემპიონატი 5 აპრილს იწყება და ხარაიშვილის ფორმა რამდენად სანაკრებო იქნება, ეს საკითხავია. როგორც "გიოტებორგის" განრიგშია, 7 მარტს აქვთ სათასო მატჩი და შემდეგ ჩემპიონატის განახლებამდე ისვენებენ.

საბა ლობჟანიძე - "რანდერსი" ჩემპიონატს 16 თებერვალს იწყებს და ფეხბურთელს სრულყოფილ ფორმაში ყოფნის საშუალება მიეცემა.

გიორგი აბურჯანია - ჰოლანდიის ჩემპიონატი ამჟამადაც მიმდინარეობს. გუშინ, 26 იანვარს "ტვენტე" პსვ-ს დაუპირისპირდა და აბურჯანია სათადარიგო იყო. ფეხბურთელმა ჰოლანდიურ გუნდში ძირითად შემადგენლობაში ვერა და ვერ მოიპოვა ადგილი.

გიორგი პაპუნაშვილი - გიორგიმ სათამაშო დროის მისაღებად კლუბის შეიცვალა და "რასინგში" გადავიდა. ფეხბურთელმა კლუბში გადასვლიდან მალევე დაიბევა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და წესით, მარტამდე სათამაშო დროის პრობლემა არ ექნება.

ლევან შენგელია - გუშინ, 26 იანვარს "ქონიასპორი" "გალათასარაისთან" 0:3 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. ლევანი ჯერჯერობით თურქეთის სუპერლიგას იდეალურად ვერ მოერგო და ქონიაში სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება.

თავდასხმა

ვაკო ყაზაიშვილი - გურამ კაშიას მსგავსად, ისიც "სან ხოსეს" ფეხბურთელია და პირველ მარტს ერთად განაახლებენ ჩემპიონატს.

გიორგი ქვილითაია - იარემჩუკის ტრავმის ფონზე ქართველ ფეხბურთელს "გენტის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მიეცა, თუმცა მთავარი მწვრთნელი ტორუპი მასაც ნაკლებად ენდობა და ძირითადად, შეხვედრის მეორე ნაწილში უხმობს მოედანზე. "გენტის" ქართველების ბედი დანიელ იეს ტორუპზეა დამოკიდებული.

ელგუჟა ლობჯანიძე - "ქაისარი" ჩემპიონატს 7 მარტს განაახლებს, მანამდე კი, 29 თებერვალს, "ასტანას" სუპერთასზე დაუპირისპირდება. ლობჟანიძე კლუბის ახალი წევრია და სათამაშო დრო როგორ ექნება, უცნობია.

ნიკა კაჭარავა - კაჭარავას თემურ ქეცბაიას გუნდში სათამაშო დრო ეძლევა. დაიმსახურებს თუ არა ის ნაკრებში დაბრუნებას, ეს მის მარგი ქმედების კოეფიციენტზე იქნება დამოკიდებული.

ბაჩანა არაბული - 26 წლის ფორვარდი საბერძნეთის უმაღლესი ლიგის ყველაზე სუსტ გუნდ "პანიონისში" თამაშობს, აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, 20 შეხვედრაში კი 6 გოლი გაიტანა. საბერძნეთის ჩემპიონატი ამჟამადაც მიმდინარეობს.

ბუდუ ზივზივაძე - უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუს გუნდი ევროტურნირებისთვის იბრძვის. ქართველ ფეხბურთელს 16 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. "მეზოკოვეშმა" 25 რიცხვში განაახლა ჩემპიონატი და ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მკითხველის კომენტარები / 15 /
გენაცვალეთ ქართველებო, რა საყვარლები ხართ როცა ერთმანეთს არ ჭამთ.
ლევანი
09:00 28-01-2020
0
პადობნი რამე არ გამიგია,თამაში 27 მარტსაა--2თვეში და რა იცით ეხლა ვინ როგორ ფორმაში ან საერთოდ რა იქნება. ცოტა ... .. ....... თქვენ.
კახა ქ.
01:30 28-01-2020
6

სიახლეები პოპულარული