ყაზახური მედია ვაისს მისტირის - საქართველომ მეტოქეები მოლეკულებად დაშალა!

AutoSharing Option
ყაზახურმა vesti.kz-მა ერთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობა გაიხსენა და დანანებით აღნიშნა, რომ შეიძლებოდა მათ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი ჩადგომოდა სათავეში, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელი გახდა და მისი ევროპის ჩემპიონატზე გაყვანის კარგი შანსი აქვს. წერილს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

როგორ არ ჩაიბარა ვაისმა ყაზახეთის ნაკრები და რატომ გახდა ეს უდიდესი შეცდომა
ახლა მას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია

ოთხი წლის წინ ვაისი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო და პოტენციურად ის პერიოდი შეიძლებოდა გუნდისთვის ყველაზე წარმატებული ყოფილიყო.

2015 წელს ვაისმა
"კაირატთან" ერთად საჩემპიონო ბრძოლა წააგო და მალე გამოაცხადეს, რომ ალმათის ტოვებდა. ამავე პერიოდში იური კრასნოჟანის ხელმძღვნელობით ნაკრებმა 2016 წლის ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 ქულა მოაგროვა და ხანდახან საკმაოდ კარგ ფეხბურთსაც აჩვენებდა, რომელსაც სამწუხაროდ ხშირად შედეგი არ მოჰქონდა. მას კონტრაქტი არ გაუგრძელეს და გუნდი მწვრთნელის გარეშე დარჩა. სხვადასხვა საკმაოდ საინტერესო კანდიდატები განიხილებოდა. მაგალითად, ფრანგი ერვე რენანი, რომელიც წარმტებულად მუშაობდა აფრიკულ ნაკრებებში ან ჯენარო გატუზო. "ასტანას" ყოფილი გენერალური მენეჯერი მარკო ტრაბუკი იტყობინებოდა, რომ "მილანის" ლეგენდასთან ყველაფერი შეთანხმებული იყო, ისიც კი, თუ ყაზახეთის დედაქალაქში რომელ სკოლაში ისწავლიდნენ მისი შვილები. გატუზომ ყაზახეთის ნაკრების ათზე მეტი მატჩი შეისწავლა და ყველა ფეხბურთელი იცოდა, მაგრამ საბოლოო კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. როგორც ტრაბუკიმ ახსნა, მან "პიზას" დატოვება გადაიფიქრა.

მაშინ ყველაზე მოთხოვნადი და ცხადი ვარიანტი ნაკრებისთვის ვაისი იყო. სლოვაკს ნაკრების მწვრთნელობა უნდოდა. რაც არ უნდა თქვა, მან ყველაზე დიდ წარმატებებს ნაკრების დონეზე მიაღწია (სლოვაკეთი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში გაიყვანა). ის ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელების შესაძლებლობებს შესანიშნავად იცნობდა, ესმოდა, როგორ უნდა მოეხდინა ისეთი ბიჭების მოტივირება, როგორებიც ისლამხანი და კუატი არიან.

მწვრთნელი ფედერაციისგან გადამწყვეტ მოქმედებებს ელოდა, მაგრამ მას არავინ არ დაუკავშირდა. დრო გადიოდა, რომელიც აშკარად ყაზახეთის ნაკრების სასარგებლოდ არ მუშაობდა. 2016 წლის მარტში კი მან საქართველოს ეროვნული გუნდი ჩაიბარა.

მაშ რას მიაღწია საქართველოს ნაკრებმა ვაისის თავკაცობით და რას მიაღწია ყაზახეთმა სხვადასხვა მწვრთნელების ხელმძღვანელობით თითქმის 4 წლის განმავლობაში? შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ვაისის ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად არდანიშვნა შეცდომა იყო?

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ვაისმა მაშინვე დაიწყო გეგმაზომიერი, გააზრებული მუშაობა საქართველოში, უამრავი ფეხბურთელის კანდიდატურა შეისწავლა, მათი თამაშები ნახა, გაესაუბრა და იცოდა, მათ მისგან რა უნდოდათ.

საქართველო უმძიმეს ჯგუფში იმყოფებოდა, სადაც სერბეთი, ავსტრია, ირლანდია და უელსი შეიკრიბნენ. ვაისის გუნდმა ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა და მოლდოვასთან ორი შეხვედრის ფრედ დასრულება "მოახერხა". თუმცა, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ორი ბურთის სხვაობით ანუ ყველა ფავორიტს თითქმის ტოლ-სწორი ბრძოლა გაუმართა. ამას გარდა, საქართველო 2016 წლის ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორ უელსს სტუმრად დაუზავდა. გუნდის პოტენციალი ცხადი გახლდათ. ვაისს უყვარს შემოქმედებითი ფეხბურთი (რაც ქართველებს საკმაოდ გააჩნიათ), მაგრამ მისთვის ასევე მნიშვნელოვანია დისციპლინა (ეს გუნდს აშკარად აკლდა). საბოლოოდ საქართველო 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.

ყაზახეთმა იმავე პერიოდში უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ციკლი ჩაატარა. ბისუფინოვი შუა ციკლისას მოხსნეს, ბოროდიუკი კი - მისი დასრულების შემდეგ. ახალი მწვრთნელი, ახალი ტურნირი, ახალი იმედები. გუნდს სათავეში სტანიმირ სტოილოვი ჩაუდგა, უეფამ კი ერთა ლიგის ტურნირი შემოიღო (პატარა ნაკრებებისთვის სერიოზულ ტურნირზე მოხვედრის შანსი) და ქვეყანაში ალაპარაკდნენ - აი, ჩვენი შესაძლებლობა. "ასტანაში" ჩატარებული გრანდიოზული სამუშაოდან გამომდინარე, სტოილოვისგან ყველა სასწაულს ელოდა. ერთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა და მეტოქეებიც გაირკვა - საქართველო, ლატვია და ანდორა. აი, სტოილოვისა და ვაისის მორიგი დუელი.

Sportall.Ge

სტოილოვმა ამხანაგურ შეხვედრებში უნგრეთის და აზერბაიჯანის ძლევით შესანიშნავ შედეგს მიაღწია, მაგრამ ერთა ლიგაზე პირველივე ოფიციალურმა მატჩმა ციდან მიწაზე დაანარცხა. დიახ, მომენტებში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ საქართველო უფრო ცივსისხლიანი და ამბიციური იყო. 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ სხვაობა შექმნა და ყაზახი გულშემატკივრების მხრიდან სტოილოვისადმი აღფრთოვანების გრადუსი არსებითად შეამცირა.

ვიდრე ყაზახეთი ანდორასთან და ლატვიასთან ცოდვილობდა, ვაისის საქართველო თანმიმდევრობით მოლეკულებად შლიდა ყველას და ის პერიოდი პირველ ადგილზე დამაჯერებლად დაასრულა - 18 შესაძლებლიდან 16 ქულა. ვაისმა ორჯერ დადო ბეჭებზე სტოილოვი და შეიძლება ითქვას, ყაზახეთში განცდილი მარცხისათვის რევანში აიღო.

უშუალოდ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციოზე საქართველოსა და ყაზახეთს დაახლოებით თანაბარი მაჩვენებლები აქვთ. ყაზახეთმა მიხალ ბალაკის ხელმძღვანელობით ურიგო ციკლი როდი ჩაატარა, 10 ქულა აიღო, აქედან 6 სან-მარინოსთან, 3 შოტლანდიასთან შესანიშნვი გამარჯვებით და პლუს 1 გასვლაზე კვიპროსში.

საქართველო სრულიად სხვა სიტუაციაში იყო, ხუთგუნდიან ჯგუფში, სადაც როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ვაისის კოლექტივი ორჯერ გაუსწორდა გიბრალტარს და უფრო მაღალი სტატუსის მქონე დანიასა და ირლანდიას ქულები წაართვა.

მთავარი ის როდია, რომ ამ პერიოდში ვაისის საქართველო ყაზახეთზე უფრო წარმატებული იყო, არამედ ის, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძე მთელი ამ 4 წლის განმავლობაში პერსპექტიულ, ამბიციურ გუნდს აშენებდა. მას შეუძლია პირველად გაიყვანოს გუნდი დიდ ტურნირზე (ევროპის ჩემპიონატზე) და ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდეს. საქართველო მიზნამდე მხოლოდ ორ ნაბიჯშია - მათ ელით ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან და შესაძლოა, ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს შორის გამარჯვებულთან. ქართველები ვაისის მუშაობის შედეგით აღფრთოვანებულნი არიან. მისი ხომ ყველა გამოცდილ მოთამაშეს სჯეროდა - კანკავას, კაშიას, ლორიას და გახსნილ ახალგაზრდებს - ზემოთნახსენებ ჩაკვეტაძეს და "რუბინის" ტალანტებს - ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ რას მიაღწევდა ვაისი, 2016 წელს ყაზახეთის ნაკრები რომ ჩაებარებინა, მაგრამ არის მყარი შეგრძნება, რომ ასეთი მწვრთნელის იმ ვითარებაში არმიწვევა უზარმაზარი შეცდომა იყო.

altვლადიმირ ვაისის კონტრაქტი მარტის ბოლოს სრულდება, პაატა ღუდუშაურის საქმე - ფედერაციის პასუხები გულშემატკივარს

altჯგუფში ჩატოვებული მსოფლიო ჩემპიონი - 10 საინტერესო ფაქტი ვლადიმირ ვაისის შესახებ

altვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ბელარუსთან მატჩზე ვკონცენტრირდეთ

altვლადიმირ ვაისს სერბი დესპოტოვიჩი აქებს: ის შესანიშნავი მწვრთნელია

altვლადიმირ ვაისი ერთა ლიგის წილისყრაზე: ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვაისი კი არა, ყაზახები მაშინ შეცდნენ ჩაკვეტაძე რომ არ მიიწვიეს ნაკრებში, სანამ საქართველოს ნაკრებში გამოიძახებდნენ.
შერლოკი
03:31 27-04-2020
4
ქართველები ვაისის მუშაობის შედეგით აღფრთოვანებულნი არიან...რეებს იგონებენ ესენი?
fsiuuu
18:23 26-04-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული