ბელარუსული გამოცემა: ევროპის ჩემპიონატზე მაკედონია უნდა გავიდეს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულ ბელარუსულ სპორტულ საიტ pressball.by-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ავტორი სერგეი აზარკევიჩი წერს, თუ რატომ უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები.

"ბელარუსის ნაკრებმა "წლის მატჩი" თბილისში წააგო და ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ერთმანეთს ქართველები და მაკედონიელები შეხვდებიან. ლოგიკურია ეს შედეგი? თბილისში გამართული შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, პირველი წყვილის ლოგიკის შესახებ საუბარი რთულია. თამაშის ხარისხი, რაც ორივე გუნდმა აჩვენა, ევროპის ჩემპიონატის დონისაგან ძალიან შორსაა, ბელარუსის ნაკრებისა კი - მაქსიმალურად შორს. საქართველოს ნაქები ნაკრები, რომელშიც ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერები მრავლად
არიან, ბელარუსზე უფრო ახლოსაა, თუმცა დიდი შთაბეჭდილება ვერც მათ მოახდინეს.

მეორე წყვილის შეხვედრა კი უფრო ცოცხალი და საინტერესო იყო. თითქმის მეზობლები ხვდებოდნენ ერთმანეთს და მატჩი ტიპური ბალკანური გამოვიდა, სადაც მოგების სურვილი და შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, ეს გუნდები ერთმანეთს D დივიზიონის ფინალში რომ შეხვედროდნენ.

თამაშის შედეგში ლოგიკის პოვნას აზრი არ აქვს, რაც უნდა ვისაუბროთ. გამარჯვებულთა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ 3-მცველიანი სქემა კარგად გამოიყენა. მისი გუნდი გაშლილად უტევს, ისე, რომ ქართულ-ბელარუსული მატჩის ტრანსლაციის თვალყურის მიდევნებისას გეგონებოდა, ტრანსლაცია 0,75 სისწრაფით არისო, ხოლო სკოპიეში 1,25-ზე იყვნენ ასულები. ამ ტემპს 37 წლის გორან პანდევიც უსწრებს, რომლისთვისაც ჰიპოთეტური ევროპის ჩემპიონატი კარიერის ბოლო კი არა, ერთ-ერთი სასიამოვნო ეტაპი იქნება.

როგორც მაკედონია-კოსოვოს მატჩის შედეგში, ისე ბელარუსის ნაკრების თამაშში არ იყო ლოგიკა. ბოლოს ყველაფერი გამართლების ფაქტორზე დადის. კოსოვოელების ავტოგოლს შეხედეთ - ეს ზოლოტოვზე დანიშნულ პენალტზე სასაცილოა. მაკედონიელთა მეკარისა და საყდენის მიერ წყვილში დადგმული წარმოდგენა?! ერთი ბურთის ასაღებად საჯარიმოს გარეთ გავიდა, მეორე ორი დღე ფიქრობდა, გამოეტანა თუ არა ბურთი სახიფათო ზონიდან. ხატკევიჩსა და ბორდაჩევს ასეთი რამ არც კი დაესიზმრებათ!

იმისათვის, რომ ოდესმე მაინც გაგიმართლოს, რაღაც უნდა გააკეთო. მთავარი მიზეზი, რატომაც ჩრდ. მაკედონია-კოსოვო უნდა ყოფილიყო ფინალი, არის ის, რომ ეს გუნდები საუკუნის მატჩს მოედანზე ითამაშებდნენ და მხოლოდ სიტყვებით არ გაალამაზებდნენ მას.

კოსოვოელებს რომ მოეგოთ და ევრო 2020-ზეც გასულიყვნენ, ეს გრანდიოზული ამბავი იქნებოდა. საფეხბურთო რუკაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩენილი გუნდი, რომელიც არსაიდან მოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ ფიფას რეიტინგში.

თუ ფინალურ ეტპაზე მაკედონიელები გავლენ, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. 2-მილიონიანმა ქვეყანამ ფეხბურთელთა თაობა აღზარდა, რომელიც მთელ კონტინენტს მოედო. გორან პანდევის შემცვლელის საკითხი არ დგას, თავად გორანი სერია А-ს დონეზეც კი მაგრად თამაშობს.

მეკარე სტიპე დიმიტრიევსკი სეგუნდას "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავს. სტეფან რისტოვსკი ლისაბონის "სპორტინგის" წევრია, ნახევარმცველი ენეს ბარდი - "ლევანტეს" ერთ-ერთი ლიდერი, ეჟჯან ალიოსკი "ლიდსთან" ერთად პრემიერლიგაში ტრიუმფალურად დაბრუნდა და მარსელო ბიელსას ხელში თამაშობს. "მალიორკა", "უდინეზე", "ჯენოა", ზაგრების "დინამო" - ამ კლუბებში თამაშობენ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელები.

შიდა ჩემპიონატიდან თითქმის არავინაა, ძირითად შემადგენლობაში საერთოდ არავინ. ისიც აღსანიშნავია, რომ მაკედონიის, საქართველოსა და მით უმეტეს, კოსოვოს ჩემპიონატები კონკურენციას ბელარუსულ ლიგას ვერ გაუწევენ. ამ ქვეყნების კლუბები ევროთასებზე მოხვედრაზე ოცნებობენ.

როგორღაც ისე მოხდა, რომ მაკედონიის ნაკრები ბელარუსის გუნდთან შედარებით უფრო ახალგაზრდა და ამავდროულად, უფრო გამოცდილია. მოთამაშეების საშუალოდ ასაკი 26-28 წელი გახლავთ. ფეხბურთელთა უმრავლესობას ნაკრებში 30-40 მატჩი აქვს ჩატარებული, ზოგს - 50-ზე მეტი. როგორც ჩანს, ამ გუნდში თაობათა ცვლის შესახებ არაფერი იციან, რადგან ისე შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რომ გაგეცინება კაცს.

თუმცა, არ გავიცინებ. უბრალოდ, ძალიან გამიხარდება, თუ მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიას ვიხილავ. რადგან, თუ ტოპ-ტურნირისთვის ეს "შავი ხვრელი" მოიგონეს, ეს მათთვისაა, ვისაც იქ თამაში ნამდვილად სურს."

ეს სტატია 10 ოქტომბერს არის დაწერილი, 1 დღით ადრე, ვიდრე მაკედონია გასვლაზე ესტონეთს შეხვდებოდა. საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა სტატიის ავტორი გუნდზე, რომელმაც ესტონეთისაგან 3 გოლი გაუშვა, იმ ესტონეთისგან, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან კარში ვერ დაარტყა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
კარგია ასეთი სტატიები. თავში არ უნდა აგვივარდეს და მაკედონიას სერიოზულად მივუდგეთ.
ქუთაისელი
12:06 13-10-2020
2
მოკლედ ხვალ და 12 ნოემბერს ველი ბაია პატარაიას სტატიებს სათაურით- რა გიხარიათ,რა მოიგეთ)))
ბათუმის ფანი
18:55 13-10-2020
0

სიახლეები პოპულარული