საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ყაზახური "ორდაბასის" მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ნაკრების მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"მაკედონიას კი ვერცერთი მატჩი მოვუგეთ, თუმცა ვფიქრობ, საშინაო მატჩში აგრესია გვაკლდა, მეორე თამაშში კი მაკედონიელებს უბრალოდ გაუმართლათ.
სანახაობრივ თამაშს არავინ ელოდება, მთავარი შედეგია. მნიშვნელოვანია, ნაკლები შეცდომა დავუშვათ და მათი შეცდომები კი გამოვიყენოთ.
ვაისი სანაკრებო დონეზე ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. დარწმუნებული ვარ, მოწინააღმდეგეს კარგად გააანალიზებდა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სათამაშო სქემას სწორად შეარჩევს.
ძალიან მძიმე შეხვედრა გველოდება. ისევ და ისევ,
მთავარი დაცვაში საიმედო თამაშია, შეტევაში კი დიდი პოტენციალი გვაქვს.
ჯაბასა და ნიკას შევხვდი ცოტა ხნის წინ. მათ 8 ნოემბერს უწევთ თამაში და არ ვიცი, შეიძლება გუნდმა არ გამოუშვას ისინი. "ტობოლი" მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძვის და ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თან კანკავაზე გუნდში ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის, ყოველ 4 დღეში თამაშობს და მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო მატჩს დასვენებული შეხვდეს.
ამ საკითხის მოგვარებაში არა მხოლოდ ფედერაცია, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ეს სახელმწიფოებრივი საკითხია. მითხრა ჯაბამ, რომ წერილი გამოიგზავნა, თუმცა ეს არაა საკმარისი. თუ საჭიროა, პრემიერ-მინისტრის დონეზეც უნდა მოგვარდეს ეს თემა, რათა ეს ფეხბურთელები ნაკრებში დროზე ჩამოვიდნენ.
რაც შემეხება მე, უკვე შეთანხმებული გვაქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან, რომ 1 თვეში კონტრაქტი დასრულდება და აღარ გავაგრძელებ. ჩამოვალ თბილისში და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ხვიჩა კვარაცხელიას კი შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს. თუ მართალია და "დორტმუნდს" აინტერესებს, დაუფიქრებლად გადავიდოდი ამ კლუბში. იქ იციან, როგორ შექმნან ნიჭიერი ახალგაზრდისაგან ვარსკვლავი", - განაცხადა ცხადაძემ.