საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
მოდით რა ნაღდი ვთქვათ! ვინც არ უნდა მოსულიყო, რაგინდ დიდი სპეცი-ჩვენი მოსაწონი მაინც არ იქნებიდა.
ლაშა
17:10 16-02-2021
2
შენ მაინც გამომიძახე
ბუდუ
16:52 16-02-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული