Postv-ზე გეგი კიკაბიძის გადაცემის სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც ესპანეთთან მატჩის წინა დაპირისპირების საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.
"ძალიან სასიხარულოა და მინდა ყველა იმ უწყებას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ გადაწყვეტილებაში წვლილი შეიტანა და ქართველ გულშემატკივარს მატჩზე დასწრების საშუალება მისცა.
ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ესპანეთთან შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე. არსებობს უეფას მიერ შედგენილი პროტოკოლი და ასევე ჩვენს ქვეყანაში არსებული რეგულაციები და შეზღუდვები, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს.
ამის პირობას ვიძლევი, რომ გულშემატკივარი, რომელიც მატჩზე მოხვდება, მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული, თუ რა
წესები უნდა დაიცვან მათ.
ყველამ კარგად იცის, რომ შეხვედრა კომენდანტის საათის დროს დასრულდება და რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ამ ადამიანებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ და ოჯახებს ჯარიმის გარეშე დაუბრუნდნენ.
სავარაუდოდ, ბილეთები 24 მარტს გაიყიდება და უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით ეს ონლაინ მოხდება.
16 000-მდე გულშემატკივარს ველოდებით, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა შესასვლელს გავაღებთ, რადგან ერთ ადგილას არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა და მათ ბილეთების მიხედვით თავისი ადგილი ეცოდინებათ.
დიდი ალბათობით, ბილეთები იქნება სახელობითი და იქნება იმ პიროვნებაზე, რომელიც მას ონლაინ შეიძენს. შეზღუდული იქნება ერთი ადამიანის მიერ რამდენიმე ბილეთის შეძენა და ეს ბილეთი გულშემატკივარისთვის იქნება ერთგვარი საშვი", - ამბობს მუჯირი.