"კვარაცხელია ადმინისტრატორებს ჩანთების ატანაშიც ეხმარებოდა" - ინტევიუ გურამ კაშიასთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამოცდილ წევრ გურამ კაშიას ეროვნულ ლიგაში იღბლიანი დაბრუნება გამოუვიდა და უკვე ორი გოლის ავტორიცაა. 33 წლის მცველს საკლუბო და სანაკრებო თემებზე ვესაუბრეთ...

-სამშობლოში 11 წლის შემდეგ ასპარეზობთ. რა ცვლილებებს ამჩნევთ ჩემპიონატში?
-პირველ რიგში, დაბრუნებით გახარებული ვარ. "ლოკომოტივში" ძალიან კარგი გარემო დამხვდა. გუნდში ფორმის აღსადგენად მოვედი, მაგრამ იმდენად დადებითი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, კონტრაქტის გაფორმება გადავწყვიტე... უნდა ვთქვა, რომ წლების შემდეგ დიდ განსხვავებას ვერ ვამჩნევ. გუნდების გააზალგაზრდავება კი თვალში საცემია. ნიჭიერ მომავალ თაობაში ინვესტირება სწორი გადაწყვეტილებაა. ამ ინვესტიციით ეროვნული ნაკრები ახალი კადრებით
უნდა მომარაგდეს.

-ქართული კლუბების ერთერთი პრობლემა ისაა, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავდივართ. საკლუბო ფეხბურთში დიდი გამოცდილება გაქვთ და როგორ ხედავთ ამ სიტუაციის გამოსწორების გზას?

-მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ევროტურნირებზე სერიოზულ წარმატების მიღწევა რთულია. გამოცდილი და ახალბედა მოთამაშეების სწორი ნაზავია საჭირო. როცა გამოცდილება გაკლია, ევროტურნირების თამაშისას ზედმეტად ნერვიულოდ და ეს შენს გამოსვლაზეც აისახება.

ეროვნულ ლიგაში სახელოვანი ვეტერანები საჭიროა, რათა მომავალ თაობას საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ. თავის დროზე, თბილისის "დინამოში" მოთამაშე ავსტრალიელი ნედ ზელიჩისგან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ჩვენ უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს... პრობლემა ისიც გახლავთ, რომ ქართულ ფეხბურთში დიდი ფინანსები არაა, ხელშესახები წარმატებისათვის კლუბებს უფრო დიდი ბიუჯეტი სჭირდებათ...

-კიდევ ერთი პრობლემური საკითხი ფეხბურთელების გადინებაა. თქვენს დღევანდელ კლუბს ნაკლებად ეხება, თუმცა საქართველოში გუნდები სტაბილურობით ვერ გამოირჩევიან. ერთერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ თითქმის ყველა ფეხბურთელი პირველივე შესაძლებლობისთანავე საზღვარგარეთ მიდის.

-ახალგაზრდა და ნიჭიერმა ფეხბურთელმა ევროპაში თამაშზე არ უნდა თქვას. რომელიმე გუნდს რომ ვხელმძღვანელობდე, ახალგაზრდებს კარგ ჩემპიონატებსა და კლუბებში გადასვლაში ხელს აუცლებლად შევუწყობდი! რა თქმა უნდა, როცა ნაადრევად კარგავ ტალანტებს, კლუბებისათვის ცუდია, თუმცა ესაა ჩვენი რეალობა და ვერაფერს შევცვლით.

-რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ივნისში საინტერესო ამხანაგური შეხვედრები დაიგეგმა, მათ შორის, ნიდერლანდებთან. რა მნიშვნელობა აქვს ამ დონის მეტოქეებთან თამაშს და მომავალმა მატჩებმა ვილი სანიოლს რა უნდა დაანახოს?
-სანიოლს ყველა ფეხბურთელის გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონდა და ჩემი აზრით, ამხანაგურ შეხვედრებში, ვინც ახლა გვაკლდა, მათ მეტად დაეყრდნობა... ფრანგ სპეციალისტს საქმეში ყველას ნახვა სურს... ცხადია, შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებს ფეხბურთელების გამოცდის მიზანიც აქვს...

-თითქმის ვერ ვიხსენებ საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციას, სადაც არ ეთქვას, რომ კაშია და კანკავა გუნდისთვის დიდი ძალაა, ხაზი არ გაესვა თქვენი გამოცდილებისა და ხასიათის მნიშვნელობაზე. გაამახვილა თუ არა ამაზე სანიოლმაც ყურადღება და ზოგადად, როგორი გარემოა გუნდში?
-მე და ჯაბას მოედანზე მსგავსი თვისება გვაქვს - ორივე ბოლომდე ვიბრძვით. ვაისიც ამას გულისხმობდა, თუმცა საქართველოს ნაკრები ცალკეულ ინდივიდებზე არაა დამოკიდებული, ჩვენ გარეშეც ძლიერი გუნდი იქნება. ზოგადი სიტუაცია, კი ძალიან კარგია.

-აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ხვიჩა კვარაცხელიაზე. ჩვენ ვხედავთ მას მოედანზე, მაგრამ კიდევ არაერთი დეტალია,რომლებიც შიდა სამზარეულოდან უკეთ ჩანს. ხშირად ამხელა აჟიოტაჟი ახალგაზრდებზე დადებითად არ მოქმედებს, ამ შემთხვევაში როგორაა?

-ხვიჩა ძალიან თავმდაბალია. ამას უამრავი დეტალი მოწმობს. ის ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება. არა მგონია, ამ აჟიოტაჟს დიდ ყურადღებას აქცევდეს. მიზანდასახულია, ამბიციური. დავინახეთ, რომ წაგებას ვერ ეგუება. ადმინისტრატორებს ჩანთების ავტობუსში ატანაშიც კი ეხმარებოდა.

-დაცვის ცენტრში არაერთი პარტნიორის გვერდით გიასპარეზიათ. ბოლო შეხვედრებში თქვენი მეწყვილე ლაშა დვალი იყო. როგორ შეაფასებდით მის თამაშს? იგივე კვირკველიასა და ხოჭოლავას დაბრუნების შემდეგ, რამდენად შეუძლია ძირითადი შემადგენლობისათვის იბრძოლოს?
-ფაქტია, ამ პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, მინიმუმ ექვსი ცენტრალური მცველი ვართ. დვალს რაც შეეხება, კარგი თამაშები ჰქონდა, დიდი გამოცდილება დააგროვა... მწვრთნელს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს, მით უმეტეს, ჩვენს კლასს შორის დიდი განსხვავება არაა. კონკრეტულ მომენტში ვინ როგორ ფორმაში ვიქნებით, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები უახლოეს წლებში, აქტიური კარიერის განმავლობაში? რაც შეეხება ამის შემდეგ, გულშემატკივრების უმრავლესობას გურამ კაშია მწვრთნელად წარმოუდგენია...

-ფეხბურთის გარეშე ერთი დღეც არ წარმომიდგენია. მას მივეცი ყველაფერი, რაც შემეძლო და ფეხბურთიც ამას უკან მიბრუნებს...

ისევ პატარა ბავშვივით მიხარია გოლის გატანა, მაქვს ემოციები, ვეკამათები მსაჯს - ეს გრძნობები თუ გაქრება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ უნდა წავიდე. ახლა კი თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, სპორტის ამ სახეობაში დავრჩები...

 

alt"კვარაცხელია 120კმ/სთ სიჩქარით დარბის; სანიოლი გვეუბნება, შეუტიეთო!" - ინტერვიუ გურამ კაშიასთან

alt"რომელი ჰოლანდიური კლუბის ლეგენდაა ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია? სახალისო ბლიცი გიორგი მიქაუტაძესთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამივე შეხვედრაში ნაკრების ლიდერი იყო
კახა ქ.
17:00 14-04-2021
0
სამივე შეხვედრაში ნაკრებს ვგულისხმობ, შესანიშნავად ითამაშა
aleksandre
15:40 14-04-2021
0

სიახლეები პოპულარული