ვილი სანიოლი: ქულებით თავს ვერ მოვიწონებთ, თუმცა სწორ გზაზე ვდგავართ

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ სამ ჩატარებულ მატჩზე საუბრით დავიწყოთ. ცხადია, იმედგაცრუებულები დავრჩით, რადგან კარგი შედეგებისაგან შორს ნამდვილად არ ვიყავით. შრომა გავაგრძელოთ უნდა და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში უკეთესი შედეგები გვქნება. ცხადია, იმ კოლექტივთან ერთად, რომელიც აქამდე მყავდა, რადგან ეს ფეხბურთელები ძალიან მომეწონა.

ჩემზე ძალიან დიდი და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ბათუმში ვნახე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება და ფეხბურთელები ამას კოსოვოსთან მატჩისას იგრძნობენ. თუმცა
იქამდე ორი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. ასე რომ, ახლა რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე ვფიქრობთ.

როცა მოვედი, კუხიანიძის თამაში ნანახი არ მქონდა. ამ წელს კი ვნახე ის, რაც მომეწონა. განსხვავებული და საინტერესო ფეხბურთელია, გოლის გატანაზეა ორიენტირებული. ეს ამხანაგური თამაშია და მნიშვნელოვანია ფეხბურთელების გამოცდა, იგივე კუხიანიძეს პროგრესშიც დაეხმარება. ეროვნული ნაკრების კარი დაკეტილი არავისთვისაა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ თამაშობდი ბოლო 5 წლის განმავლობაში; მთავარია, რას აკეთებს მოთამაშე ახლა და რისი გაკეთება შეუძლია მომავალში. მე ყოველთვის მზად ვარ, შანსი ახალ ფეხბურთელებს მივცე.

ჩემთვის დიდი პლუსია, რომ ამ ორი მატჩის წინ ფეხბურთელებთან დიდ დროს გავატარებ. მწვრთნელისთვის მოთამაშეების პიროვნების გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის შანსიც მომეცემა.

ქვილითაია ადრე ბევრს თამაშობდა ნაკრებში, კლუბშიც გაჰქონდა გოლები. მას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მე მის გამომჟღავნებას ველოდები. როცა ნაკრებში თამაშობ, გუნდისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. გიორგი ამას აკეთებდა, ცდილობდა. კლუბშიც უფრო მეტი უნდა იმუშაოს. მისი ფიზიკური ფორმით მარტის თამაშებში ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი. თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშე დიდი დატვირთვებისთვის უნდა იყოს მზად. იმედია, გიორგის მომავალში ეროვნული ნაკრების ფორმით ვიხილავ, თუმცა იქამდე კუხიანიძის გამოცდა გადავწყვიტე, რომელსაც, გიორგისგან განსხვავებით, არ ვიცნობ. იმედი მაქვს, ამას გაიგებს, ის ჭკვიანი ბიჭია, მას მეტი მუშაობა სჭირდება. გუნდში კონკურენციის ამაღლება გვჭირდება და იმედი მაქვს, რომ ეს კონკურენცია გიორგისაც დაეხმარება.

დიახ, მე თბილისში თანაშემწესთან ერთად ვიცხოვრებ და არა სასტუმროში. როცა უცხო ქვეყანაში ჩადიხარ სამუშაოდ, საჭიროა ამ საზოგადოებას, მის კულტურასა და ადამიანებს უკეთ გაეცნო.

საკმაოდ ბევრი მატჩი ვნახე საქართველოს ჩემპიონატიდან. მაქვს ჩემი აზრები, თუ რა დონეზეა ეს შეჯიბრება, რა არის მის გასაუმჯობესებლად საჭირო. თუმცა ყველაფერზე არ ვილაპარაკებ, ეს სამუშაო პროცესია. რაც ვნახე, ფიზიკურ მომზადებაში გაუმჯობესებაა საჭირო, რათა ფეხბურთელებმა ერთი და იგივე მოქმედების ბევრჯერ გამეორება (სპრინტი და ა.შ. რედ.) შეძლონ. იქნება შესაძლებლობა, ამ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან შეხვედრის შესაძლებლობა მექნება.

ხვიჩაზე დარდი საჭირო არაა, მას ჩვეულებრივი ტრავმა ჰქონდა, კუნთის და სერიოზული არაფერია. ჩაკვეტაძის შემთხვევაში განსხვავებული რეალობაა. დიდი დრო გაუცდა და ორგანიზმის მომჯობინება სჭირდება. გიორგიმ იცის, რომ მომწონს და მის გუნდში ყოფნას ვისურვებდი.

კაპიტნის შეცვლას არ ვაპირებ, რადგან კანკავას მოქმედებებმა დამარწმუნა, რომ ის სამკლავურს იმსახურებს. ჯაბა ახლა ტრავმის გამო გვაკლია. იმედია, კარგად დაისვენებს და სექტემბრის უმნიშვნელოვანეს თამაშებში ჩვენთან იქნება. მისი არყოფნის დროს გუნდს მოედანზე გურამ კაშია გაიყვანს. გუნდს ორი კარგი ლიდერი ჰყავს და მათი არყოფნის შემთხვევაში, კაპიტანი ის იქნება, ვინც დაიმსახურებს.

ქოჩორაშვილი კარგ ლიგაში თამაშობს, თუმცა უმაღლეს დონეზე ბევრი თამაშის ჩატარება არ უწევს. ძირითადად, ახალგაზრდულ გუნდში გამოდის და ვთვლი, რომ "ლევანტეს" მეორე გუნდის დონესა და საქართველოს ნაკრების დონეს შორის დიდი ნაპრალია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ნაკრების წევრი გახდება, იქამდე კი უმაღლეს დონეზე სტაბილურად უნდა ითამაშოს.

მამუჩაშვილი ახალგაზრდაა, ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ გუნდში თამაშობს. მას აქვს თვისებები, რომლებიც ეროვნულ გუნდს გამოადგება. თუმცა, ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე მისი გამოძახება ნაადრევი იყო.

ბერიძემ ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით, შვედეთთან შეხვედრაში. ამხანაგურ მატჩში 15 შემტევს ვერ გამოვიძახებდით, ამ ორი თამაშისთვის დავითაშვილისთვის შანსის მიცემა გადავწყვიტეთ. რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელის საქმეში ხილვა მსურს, რათა მომავალში სწორი გადაწყვეტილებები მივიღო.

ანზორ მექვაბიშვილს რაც შეეხება, ის ახალგაზრდა და საინტერესო მოთამაშეა. რამდენიმე თვეა მისი სახელი მონიშნული მაქვს, კარგი ტექნიკა აქვს და გუნდზე დადებით ზეგავლენას ახდენს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ნაკრებში გამოძახება საკმაოდ ადრეა, ერთი სრული სეზონი მაინც უნდა ჩაატაროს.

მეკარეებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, მაკარიძე ისევ არ გვეყოლება. ის "ალმერიასთან" ერთად პლეი-ოფში ითამაშებს და მესმის მისი, უდიდესი გამოწვევაა, რადგან საუკეთესო ლიგაში თამაშის შანსი აქვს. კუპატაძე ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა და რუმინეთთან 99%-ით ძირითადში ის ითამაშებს. ნიდერლანდებთან მატჩის შესახებ კი ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია.

ყველა ფეხბურთელს ვაკვირდებით, რომლებსაც ნაკრებისთვის რაღაცის მიცემა შეუძლია. თუმცა ახალგაზრდების ნაკრებში გამოძახება ადვილი არაა. შესაძლოა, ეს მათთვის მოტივაცია გახდეს ან პირიქით, ჩათვალონ, რომ ძალიან მაღალ დონეზე არიან. დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ყველა ფეხბურთელი, ვინც ეროვნულ გუნდში თამაშს დაიმსახურებს, აუცილებლად მოხვდება.

გრიგალავამ ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ დატოვა. ჩვენ საუბარი გვქონდა. მან თქვა, რომ უკმაყოფილო იყო უთამაშებლობით, ძირითადში ყოფნა სურდა. ნაკრები ისეთი ორგანიზმია, სადაც თამაში უნდა დაიმსახურო. კლუბში თამაშის დროსაც ნაკრებზე უნდა იფიქრო, რადგან ეს სიამაყეს გაძლევს. გრიგალავასთან საუბრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საკითხებს სხვანაირად ვუყურებდით და მან ნაკრები დატოვა.

ტაქტიკაზე დღეს არ ვისაუბრებ. ამ მატჩებში იმ ფეხბურთელებს მივცემთ შანსს, ვისაც მარტში არ უთამაშია. მატჩს მოსაგებად თამაშობ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ვეცდებით, რომ დისციპლინის ის დონე შევინარჩუნოთ, რაც ნაკრებმა მარტის თამაშებში აჩვენა. სექტემბერში უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის, მიზანი იმ მატჩებისთვის მომზადებაა. ქულებით თავს ვერ მოვიწონებთ, თუმცა ვთვლი, რომ კარგ გზაზე ვდგავართ. თუ ზრდა გვსურს, თამაშზე მეტი კონტროლის აღება უნდა ვცადოთ და მხოლოდ კონტრშეტევის იმედად არ უნდა ვიყოთ.

ტრავმის შემდეგ დაბრუნება ადვილი არაა, თან ისეთი დაზიანების მერე, რაც ჯანო ანანიძეს ჰქონდა. არაერთხელ მითქვამს, კონკურენციას ნებისმიერ პოზიციაზე მივესალმები.

კვარაცხელიაზეა დამოკიდებული, წავა თუ ყაზანში დარჩება. თუ "რუბინიდან" წავა, ისეთ კლუბში უნდა წავიდეს, სადაც ენდობიან და სასწავლად დროს მისცემენ. ჯერ 20 წლისაა და ბევრი რამ აქვს სასწავლი. ჩემი აზრი მას უკვე ვუთხარი. როცა ახალგაზრდა ხარ, თამაშით სწავლობ, ხოლო როცა სათადარიგოთა სკამზე დიდ დროს ატარებ, კარგავ ფორმას, კარგავ დროს. ის დიდი ტალანტია და მას წარმატებები მინდა ვუსურვო."
მკითხველის კომენტარები / 22 /
ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ გახარებული დავრჩი და ოპტიმიზმიც მომემატა, გამოჩნდა, რომ ვილიმ ძალიან სერიოზულად მოჰკიდა ხელი საქმეს, როგორც ვხედავ მას არა მარტო ნაკრების ბედი ანაღვლებს, ზოგადად ქართულ ფეხბურთზეც ზრუნავს და ფიქრობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად და ლაკონურად საუბრობს და რაც მთავარია სამართლიანად. ბერიძეზე ყველას გაგვიკვირდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სანიოლი მას ენდობა და ახლა მისი კონკურენტის გამოცდა სურს. ასე სხვების შემთხვევაში. ყველას უყურებს და ყველას აკვირდება, ამას მოედანზე გასული ფეხბურთელი რომ გრძნობს, ბოლომდე იხარჯება, რამდენი ბიჭი გამოარჩია უკვე ჩვენი ჩემპიონატიდან, ამას ჰქვია მუშაობა და პროფესიონალზმი. საქართველოში ცხოვრობს, აქაურობით სუნთქავს. ეს აუცილებლად შედეგს მოიტანს.იმედია ისეთ შედეგს, რომ მერე სანიოლს სამუდამოდ დავიტოვებთ საქართვლოში.
ბმბ
19 მაისი 2021 17:57
1
მგონი ეშველა ნაკრებს და გვეშველება ჩვენც!
ასეთი გაზრებული ინტერვიუ არ მახსენდება. კაცი გველაპარაკება გულღიად და კარგად ჩანს ის რომ ის არა მხოლოდ მოვალეობას ასრულებს, არამედ საქმის სწორად კეთებისადმია მიდრეკილი.
ალბათ ხიზანასთან იცხოვრებს.
აბა თქვენ იცით, ბიჭებო! წაარმატებებს გისურვებთ!
დადგა ჩვენი დაჩაგრული გულების გახარების დროც!
წინ საქართველო!
₾ადო
19 მაისი 2021 15:38
1
+
100%
19 მაისი 2021 16:33
1
რას ვეღირსეთ ჯერ კიდევ არა მჯერა:აი პრესკომფერენცია და ამომწურავი ინფორმაცია რა არის! Აბა ის იყო ის კურდღელი ერთ სიტყვას ვერ დააცდევინებდი ვითომ დიდი მარჩელო ლიპი მყავდა.99% დარწმუნებული ვარ ამ მწვრთნელის ხელში გვექმება წარმატება.ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს ნაკრები.
Არა და იმ კურდღელის ხელში რო შანსი გვქონდა ვინ იცის კიდევ როდის გვექნება
jordan beli
19 მაისი 2021 15:52
1
ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს ყველა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე. გარდა გუნდური ვარჯიშებისა, როცა პირადად ცალკე მონდომებით ივარჯიშებ, ყველაფერს მიაღწევ. მოკვდა ის დრო როცა ვიღაცა შეუმჩნეველი რჩებოდა. ნაკრებში თამაშით კი ქვეყნის რჩეული და მისი სახე ხართ, ამიტომ თავად იმუშავეთ საკუთარ თავებზე, თავად და თავდაუზოგავად. წარმატებები ყველას ქვეყნისა და საკუთარი თავების წინსვლისთვის, დროა მანქანის ყიდვის იქით გაიხედოს ფეხბურთელმა, რა თქმა უნდა თუ აქვს ამის სურვილი.........
ყველა ფეხბურთელს და არა მარტო........
19 მაისი 2021 16:38
1
არ ვიცი კონტრაქტის ამოწურვის დროს , რა დონეზე იქნება ჩვენი ნაკრები , თუმცა ყველაზე მთავარი იგრძნობა და ჩანს , რაც თითქმის ყველა სფეროში გვაკლია ! პასუხისმგებლობა აღებული ვალდებულებების მიმართ , ენთუზიაზმი , სურვილი უკეთესობისაკენ ზრდის და ჯანსაღი კონკურენცია . მასე გააგრძელე ვილი , შეუპოვრად და საკუთარი ხედვების დაცვით საქმისადმი და მჯერა ერთად ვიამაყებთ მიღწეულით ! წარმატებებიი !
ATP 16
19 მაისი 2021 16:23
1
პელე დღეში 8 საათს ვარჯიშობდა. ივარჯიშებენ ბიჭები - მოხვდებიან ნაკრებში. აგერაა ბურთი და მოედანი. ყიფიანის დროს 300 მანეთი ჰქონდათ ხელფასი, მაგრამ ხალხის უდიდესი სიყვარული ჰქონდათ ყველას. მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში 11-15 კაცი მაინც გვეყოლება ძალიან მაგარი
კანტონა
19 მაისი 2021 16:44
1
ვანის სულორის ფეხბურთელებს მაგ დროს 500 მანეთი ჰქონდათ. ჰერეთის ფეხბურთელებს 400.

დინამოს ფეხბურთელებს ოფიციალურად კი ჰქონდათ 300, მაგრამ ისინი სხვადასხვა ცეხავიკებთან იყვნენ მიმაგრებულნი და ფულსაც უხდიდნენ.

ასე იყო საქართველოს პირველობაზე მოთამაშე თითქმის ყველა გუნდში :)
თამაზი
19 მაისი 2021 18:01
1
გრიგალავა ტახივით რომ მოსუქდა აბა რა ეგონა.
Ivan
19 მაისი 2021 16:01
4
გრიგალავას რა აქვს საწუწუნო ტალანტია და ჩაგრავენ?რა უნდა საერთოდ მაგას ნაკრებში?
ბექა
19 მაისი 2021 15:58
6
გრიგალავას დამცველი არ ვარ და არც მისი ძმაკაცი ან ნათესავი ვარ და საერთოდ არ ვიიცნობ მარა მაგ ბიჯმა საქარტველოს ნაკრებში რო ეთამაშა კარიერა დაინგრია ,,,,გაანადგურეს რუსებმა და მოდით გვახსოვდეს რაც გააკეთა მაგ კაცმა და არ გვინდა დამცინავი ლაპარაკი ტახივათა და რაუნდა ნაკრებში და ესეთები ,,,,,,ამ ეტაპზე არა კარგ ფორმაში და არცაა ნაკრების დონის მარა მომავალ სეზონ|ში შეიძლება საუკეთესო იყოს ქართველებს შორის არავინ იცის
qutaiseli
19 მაისი 2021 16:46
1
რას ერჩით გრიგალავას? მიხვდა, რომ ასეთი ღიპით ნაკრებში თამაში არ შეიძლება და წავიდა. ახლა მთავარია სწორი დასკვნები გააკეთოს.
ჟორა
19 მაისი 2021 16:48
3
გრიგალავას ადგილი ახლა უკვე რეგბიშია:) დაბალი პასადკიანია? თანაც ძლიერია და წონაც უწყობს ხელს :)
რობი
19 მაისი 2021 16:45
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული