პირველი ტაიმის შემდეგ 0:0 - "ჯვაროსნების" თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს

AutoSharing Option
რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

რუმინეთი „ჯვაროსნებისთვის“ მუდამ რთული მოწინააღმდეგე იყო, ვინაიდან კარგად კეტავენ ზონებს და მეტოქეს სამოქმედო არეალს მაქსიმალურად უზღუდავენ. ბოლო შეხვედრის შემდეგ 5 წელი გავიდა. ვლახებს აღარ ჰყავთ ვარსკვლავური შემადგენლობა, მაგრამ მათი სათამაშო სისტემა არ შეცვლილა. საქართველოს ნაკრები დღევანდელ მატჩში მოედანზე შეტევის ხაზში გამოკვეთილი ლიდერის გარეშე გავიდა და საინტერესო იყო, რა სტრატეგიასა და ტაქტიკას აირჩევდა მისი მწვრთნელი ვილი სანიოლი. აღსანიშნავია, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ფრანგს ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად და სათამაშო გეგმის შესამუშავებლად ამჯერად მეტი დრო
ჰქონდა.

შეხვედრა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, ორმხრივი იერიშებით დაიწყო. დებიუტში ოქრიაშვილმა სცადა თავისი საფირმო მაკრატელათი გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. თამაში დაბალ ტემპში მიდინარეობდა და ლამაზი სანახავი ვერ იყო. პირველი შანსი რუმინელებს 28-ე წუთზე შეექმნათ, როდესაც ჰაჯიმ ბურთი კარს ააცილა. მერე კუპატაძემ ორჯერ გადაგვარჩინა - ჰაჯისა და ნედელცეარუს არ დაანება გატანა. 41-ე წუთზე კი ტანასე ჩაბრაძეს ეუხეშა და გააძევეს.

საქართველოს ნაკრები მწვავედ ვერ უტევდა და მიქაუტაძე, პრაქტიკულად, „მშრალ ულუფაზე“ იმყოფებოდა. უკეთეს მეორე ტაიმს ველით.

პლოიეშტი. „ილიე იონა“
რუმინეთი - საქართველო
გაძევება: ტანასე (41)

რუმინეთი: ვლადი, სორესკუ, ნედელცეარუ, კირიკეში, განეა, ოლარუ, მარინი, მაქსიმი, ჰაჯი, ალიბეკი, ტანასე

საქართველო: კუპატაძე, აზაროვი, კვირკველია, ხოჭოლავა, ჩაბრაძე, დაუშვილი, აბურჯანია, კვეკვესკირი, ოქრიაშვილი, შენგელია, მიქაუტაძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული