მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
ეხლა ყველა კობიაშვილს და სანიოლს აგინებს, მაგრამ დააკვირდით რა რესურსი აქვს სანიოლს? ვინმე რომ ჰყავდეს ნორმალური ყაზაიშვილს გამოიძახებდა კორეადან? შუშის ფეხბურთელები გვყვავს, ყველა თამაშზე 4-5 ძირითადის მოთამაშეს ტრამვა აქვს, გაიხსენეთ ჩვენი ნაკრები როდესაც თამაშობდნენ არველაძეები, ქინქლაძე , ჯამარა, ყაველა, კობი, 90% მატჩებს ატარებდნენ ტრამვების გარეშე, ეხლა ამათ შეხედეთ, კვარა, ჩაკვე, კიტე, შენგელია მუდმივად ტრამვა აქვთ, ამიტომაც უწევს სანიოლს კადრების ძებნა და სხვადასხვა ფეხბურთელების გამოცდა. მოკლედ ვინც გინდა მოიყვანო ნაკრების მწვრთნელად აზრი არ აქვს, სანამ ფეხბურთელები არ განვითარდებიან ფიზიკურად, კუნთის ნასახი არა აქვს არც ერთს, სამაგიეროდ სვირინგები აქვთ, მოკლედ მიმხვედრი მიხვდება რისი თქმაც მინდოდა
მამუკა
05:13 06-09-2021
37
კობიაშვილო, წადი!
სანიოლ, წადი!
ქ. გ.
03:07 06-09-2021
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული