საქართველოს ნაკრების ტრაგიკომიკური "ფილმი" 27 წელია გრძელდება - ზოგიერთმა ფეხბურთელმა თავად უნდა თქვას ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა. ამაში გასაკვირი არც არაფერია: ეს ტრაგიკომიკური "ფილმი" ხომ 27 წელია გრძელდება, ათასჯერ ნანახი გვაქვს, ზეპირად ვიცით და მაინც ვიშლით ნერვებს. დანიშნავენ ახალ მწვრთნელს, გაიცემა ავანსები, მერე ისევ წავაგებთ, დაიწყება კრიტიკა და ეს ერთი და იგივე დაუსრულებლივ გრძელდება. შეიძლება რაღაც უფრო უკეთესი შედეგის, ლოკალური წარმატების მიღწევა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - გლობალურის.

ვთქვათ, გვესარგებლა უეფას ძღვენით, დაგვემარცხებინა ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთი მაკედონია და გავსულიყავით დაუმსახურებლად ევროპის ჩემპიონატზე. იქ ხომ ჩრდილომაკედონიელებზე უფრო დიდ სირცხვილს ვჭამდით. გადის წლები, იცვლებიან ფეხბურთელთა
თაობები, რომელთაგან ზოგიერთებს ლეგენდარულებად მოვიხსენიებთ და გვავიწყდება, რომ ვერც ერთმა მათგანმა საქართველოს ნაკრებს დიდი გამარჯვება ვერ მოუპოვა. მთავარი მიზეზი ქართული ფეხბურთის სისტემაშია. ის ისეთია, როგორიც არის და თაობიდან თაობას ჯაჭვურ რეაქციასავით გადაეცემა - უნაყოფო ხემ არ შეიძლება ნაყოფი გამოიღოს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი.

ვიდრე ეროვნულ გუნდზე მოგახსენებდეთ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას, ორიოდ სიტყვით ეროვნულ ლიგაზე გეტყვით - ახალს ვერაფერს. ეს ძალიან დაბალი დონის ტურნირია და არსებულ პირობებში არც შეიძლება იყოს უკეთესი. ამიტომ არ დადის მატჩებზე არავინ, სტადიონები ცარიელია, ვინაიდან თამაშების ყურება ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგგვრით. დაბალი დაფინანსების გამო ყველა ფეხბურთელის ოცნება საზღვარგარეთ წასვლაა და აქ ისინი დარჩნენ, რომლებიც ვერ წავიდნენ; რომლებიც წავიდნენ, იქ ვერ დამკვიდრდნენ და უკან დაბრუნდნენ და რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ უცხოეთში გადაბარგების იმედი. გუნდების დონე სამოყვარულო ან ნახევრად სამოყვარულოა და ამიტომ ვერ ახერხებენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე გაღწევას. ახლა რაღაც კონფერენს ლიგა მოიგონეს, რომელიც მკვდრადშობილ ინტერტოტოს თასს ჩამოჰგავს. ის ისეა მოწყობილი, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი რომელიმე კლუბი მოხვდება, რაც უდიდეს წარმატებად მოინათლება, რომლის მწვრთნელს, ალბათ, ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადებენ და მის ნაკრების თავკაცად დანიშვნას მოითხოვენ. თუმცა ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა არც რაიმე დიდი წარმატებაა და ბუნებრივია, ქართული ფეხბურთის განვითარებას განსაკუთრებულად ხელს ვერ შეუწყობს. გავიმეორებ - ასეთ პირობებში და ასეთი მწირი დაფინანსებით ჩვენს კლუბებს პროგრესირების არანირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. აბსოლუტურად.

რაც შეეხება ნაკრებს: კონტინგენტი უმეტესწილად სუსტია. ძალიან სუსტი. ლეგიონერთა დიდი ნაწილი ისეთ ლიგებში თამაშობს (ზოგიერთი უმეტესად თადარიგშია), რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დიდად ვერაფრით აღემატებიან. უბრალოდ, ის ლიგები, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, "უკეთესად შეფუთულია". ამიტომ ვერ ასრულებენ ჩვენი ფეხბურთელები საჭირო მოცულობის სამუშაოს, მეტოქეები უმეტეს შემთხვევაში ბურთზე ბრძოლისას ასწრებენ და სავალალო შედეგს ვიღებთ.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელი ვილი სანიოლი კი გაუგებრობაშია მოხვედრილი. მან მთელი საფეხბურთო კარიერა საფრანგეთსა და გერმანიაში გაატარა, სრულიად სხვა საფეხბურთო სამყაროში და მისთვის საქართველოს დარ ქვეყანაში მუშაობა უცხოა. აქ სხვა პირობებია, გაცილებით უარესი და რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის მიღწევა ძნელია, თუმცა, გარკვეულწილად, შესაძლებელი. მხოლოდ გარკვეულწილად. ალბათ, დამეთანხმებით, არც საბერძნეთის ეროვნული გუნდი წყვეტს ამჟამად ციდან ვარსკვლავებს და უკეთ თამაში შეიძლებოდა, მაგრამ მისმა თავკაცმა ჯონ ვან ტ'სხიპმა სანიოლს პირადი დუელი მოუგო. აი, რა თქვა ნიდერლანდელმა მატჩის წინ: "ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია გვაქვს გეგმა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, წარმატება არ უნდა გაგვიჭირდეს". მოკლედ, კარგად შეისწავლა ჩვენი გუნდი და 3 ქულაც მოიპოვეს. მართალია, კომპენსირებულ დროში, მაგრამ ვაღიაროთ სიმართლე, დამსახურებულად გაიმარჯვეს.

არადა, სანიოლს წინა შეხვედრებთან შედარებით უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა. კვარაცხელია განეიტრალებული იყო, ჩაკვეტაძეც, ლობჟანიძეც, მიქაუტაძე "მშრალ ულუფაზე" იმყოფებოდა, განაპირა მცველები უკან ჩამოსვლას ვერ ასწრებდნენ (ვერც წინ ვარგობდნენ) და სწრაფი კონტრიერიშებისას მოწინააღმდეგის შემტევები განივ გადაცემებს აკეთებდნენ, სადაც ჩვენი ცენტრალური მცველები საუკეთესოდ ნამდვილად ვერ ირჯებოდნენ. "ჯვაროსნების" ტანმაღალი ცენტრბეკები სტანდარტულებისას ხშირად ჩადიოდნენ ბერძენთა საჯარიმოში, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს ბურთის კარში დარტყმა. ფრანგი სპეციალისტი კი დაგვპირდა, რომ მისი შეგირდები ოქტომბერში თამაშის ხარისხს გამოასწორებდნენ, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა. მოგვწონს თუ არა, ფაქტია, სანიოლის წინამორბედი ვლადიმირ ვაისი უკეთ უძღვებოდა საქმეს, ბევრ მატჩში ძლიერ გუნდებს ბრძოლა გაუმართა. შესაძლოა, ეს იმით იყო გამოწვეული, რომ აღმოსავლეთევროპელია, უკეთ გაერკვა სიტუაციაში და შეგირდებს უფრო ფრთხილ ფეხბურთს ათამაშებდა, უფრო დაცვაზე ორიენტირებულს; სათამაშო დისციპლინის დამყარებასაც მიაღწია, შედეგს - ვერა.

წაგებების სერია კი გრძელდება და პასუხისმგებელი არავინაა. სტადიონზე მაყურებლების არყოფნაც მოქმედებს, რადგან ნაკრებს ვერ ეხმარებიან და ზომიერად საჭირო ობსტრუქციასაც არ აქვს ადგილი, რათა საზოგადოების დამოკიდებულება სრულად დაინახონ და შეიგრძნონ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რაღაც მაღალი მიზნების მიღწევაზე, თუმცა გვყავს რამდენიმე ნორმალური ფეხბურთელი, რომელთა გარშემო საშუალო კლასის, მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება მაინც შეიძლება.

და კიდევ: იქნებ ის ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზად, როგორმე თავად მიხვდნენ ამას და დროებით უარი თქვან ნაკრებში ასპარეზობაზე.

მკითხველის კომენტარები / 34 /
სანამ საქართველოში ნაცნობობით და ფულის სანაცვლოდ გუნდებში მოთამაშეების აყვანა არ მორჩება მანამდე არაფერი გვეშველება, ნამდვილი ტალანტები იკარგებიან !!!!
ქომაგი
01:21 15-10-2021
0
მეგობრებო, გასაგებია რომ რთულია, ემოციურია, განვიცდით, ვნერვიულობთ და ჩვენც გვინდა ჩვენმა ეროვნულ ნაკრებად წოდებულმა სრულმა გაუგებრობამ რაღაცას მიაღწიოს მაგრამ ერთი რაღაც ნუ გვავიწყდება და საკუთარ ჯანმრთელობას და ნერვებს გავუფრთხილდეთ.... არ შეუძლიათ მეტი არააააა!!! რაც არის ეგ არის და ეხლა რამდენიც არ უნდა ვუძახოთ და რაც არ უნდა ვუძახოთ თავზე მაღლა ვერ ახტებიან ვერაა, სამწუხაროდ!!! P.S. რაში დაიხარჯა ფახბურთის განვითარებისთვის გამოყოფილი ხალხის-ბიუჯეტის მილიონები, რა უნდა მიგვეღო შედეგი და რა მივიღეთ?! აგებს თუ არა ვინმე პასუხს ხალხი-ბიუჯეტის თანხების უშედეგოდ ხარჯვაზე?! ოღონდ ისე არა ვიღაცეები რომ გამოდიან ხოლმე და პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემ თავზე იტყვიან და არაფერი არ იცვლება ყველა თავის ადგილზე ისევ ბედნიერია!!!
?????
15:00 12-10-2021
0

სიახლეები პოპულარული