დამაფიქრებელი გამარჯვება - რატომ არ შეგვიძლია სტაბილურად?!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გულშემატკივრებს ასე მონატრებული, აუცილებელი პოზიტიური ემოციები და ენერგია დაუბრუნა. რა თქმა უნდა, ისევ გვეფიქრება იმაზე, თუკი ასეთი თამაში შეგვიძლია, მას სტაბილური სახე რატომ არ აქვს. ასევე, თუ როგორ ახერხებენ ეს ფეხბურთელები ისე უემოციოდ თამაშს, როგორც ეს თუნდაც სექტემბერში, კოსოვოსთან ვნახეთ. თუმცა ახლა მთავარი მაინც რწმენის გაღვივება იყო - ყურების ჩამოყრა არაფრით შეიძლებოდა.

ერთი წლის შემდეგ...

ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აქამდე არსებული საუკეთესო შანსი ხელიდან გავუშვით. ეს ნეგატიური ფაქტი სადღაც აუცილებლად დადებითად
უნდა გარდაისახოს და ის კოშმარული საღამო დავიწყებას მიეცეს. ამისთვის ერთი აგური შესაძლოა, ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვებით დადებულიყო. მაშინ მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა, შვედები კი მუნდიალზე პირდაპირ გასვლის გზაზე შევაჩერეთ.

დიდი მიზნებისკენ სწრაფვა ასეთი გამარჯვებისა და საკუთარი შესაძლებლობების გააზრებით უნდა დაიწყოს. მთავარია, გადამწყვეტ და იმ შეხვედრებს, სადაც გულშემატკივრები გამარჯვებას ითხოვენ, ფსიქოლოგიურად მყარად შევხვდეთ და პასუხისმგებლობის ზრდა ფეხებს არ გვიკანკალებდეს.

Sportall.Ge

პარალელები შოტლანდიასთან

ამ შეხვედრამ, პირველ რიგში, 2007 წელს შოტლანდიასთან ასეთივე ანგარიშით (2:0) მოგებული მატჩი ამოატივტივა. ეს პარალელი მხოლოდ ანგარიშის ან იმის გამო არაა, რომ მეტოქეებს ორივე შემთხვევაში საქმე გავურთულეთ. ყურადღების გამახვილება სხვა ფაქტორზეც შეიძლება.

მაშინ ჩვენს ნაკრებში ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია და მეკარე გიორგი მაკარიძე გამოირჩეოდნენ. გაჩნდა რწმენა, რომ კლაუს ტოპმიოლერმა იდეალურ შემადგენლობასა და სქემას მიაგნო. სამწუხაროდ, გაგრძელება შესაბამისი არ იყო. ფაქტია, რაღაც არასწორად გაკეთდა. თუკი წარსულ და სხვის შეცდომებზე უფრო მეტს ვისწავლით, ვიდრე მას საკუთარ ტყავზე გამოვცდით, სასურველი შედეგი უფრო სწრაფად დადგება.

ამ გუნდისა და თაობის პოტენციალი აღარ უნდა დაიკარგოს და ამაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს - მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული, საფეხბურთო აგენტებით გაგრძელებული და ნებისმიერი გულშემატკივრითა თუ ჟურნალისტით დასრულებული.

სანიოლის კოზირები

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი სექტემბერში რომ ექსპერიმენტებში აიხლართა, თანაც ოფიციალურ შეხვედრებში, ამას ვერსად გავექცევით. საბოლოოდ, სანიოლმა ოპტიმალურ სათამაშო განლაგებას მიაგნო და თავისი ხელწერა ნაკრებსაც დაატყო.

წარსულში საკმაოდ ხშირად ყოფილა საუბრები, რომ 3 მცველით თამაში ნაკლებად გამოგვდის, რადგან გვიჭირს ისეთ ფეხბურთელებს დავეყრდნოთ, რომლებსაც მთელი ფლანგის კონტროლისთვის საჭირო უნარები და გამუდმებული მოძრაობისთვის საკმარისი ენერგია აქვთ. გარდა ამისა, ორგანიზება ცენტრალურ მცველებსაც უჭირდათ. ფაქტია, სანიოლმა ამ ყველაფრის განხორციელება მოახერხა.

Sportall.Ge

იკვეთება, რომ საბა ლობჟანიძე მწვრთნელს ზუსტად იმ დავალებებს უსრულებს, რაც სანიოლს ჩაფიქრებული აქვს. შვედებთან შეხვედრაში მოწონებას იმსახურებდა ირაკლი აზაროვის ტაქტიკური განსწავლულობა, რომელიც უკანასკნელ თვეებში თვალსაჩინოდ გაიზარდა. ბათუმის "დინამოელმა" ზუსტად იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა ისე, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მეტი სივრცე გასჩენოდა და ირგვლივ უფრო ნაკლები მოთამაშე დახვეოდა.

საკმაოდ ხშირად დაგვიწერია, რომ ჩვენს მოთამაშეებს უბურთოდ მოძრაობისა და ზონების სწორად ათვისების უნარების დეფიციტი ჰქონდათ და როგორც ჩანს, სანიოლი იმ რამდენიმე დღეში ამ თემებზეც კარგად მუშაობდა. რაც პრობლემად რჩება, ეს ხშირი და აქტიური პრესინგის შეუძლებლობაა.

ფრანგმა სპეციალისტმა თამაშამდე აღნიშნა, რომ გვილია-კვეკვესკირის წყვილი როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში მოსწონს. ვილიმ მინდვრის ცენტრში თამაშის სხვადასხვაგვარად დალაგება და წარმართვა სცადა. როგორც ჩანს, ის საკადრო საკითხებშიც ჩამოყალიბდა და მოთამაშეებმაც მისი შეხედულებები და დამოკიდებულება ბოლომდე გაიაზრეს.

სანიოლმა დაცვის სტაბილურობასაც მიაღწია, გუნდი გაცილებით შეკრული გახადა და ცვლილებები მხოლოდ ახალი ფეხბურთელის თამაშში ჩართვისთვის არ ხორციელდება.

გასაგებია ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი. როცა "რუბინის" ფეხბურთელი თამაშობს, ის წინ უბრალოდ მთავარი მოქმედი პირია, თუმცა, რასაც უკანასკნელი ორი შეხვედრაა ვხედავთ - შეტევის წარმართვა მხოლოდ ტანმაღალი ფორვარდის საჰაერო ორთაბრძოლების გავლით აღარ წარმოგვიდგენია. როგორც ჩანს, ის რაც საბერძნეთის ნაკრებთან ბათუმურ დაპირისპირებაში ვნახეთ, როცა გიორგი მიქაუტაძე უბრალოდ ჩაიკარგა, სანიოლისთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა.

და მაინც, მესი...

სამწუხაროდ, ისე ხდება, როცა გუნდი წარმატებას ვერ აღწევს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ხელს ლეგიონერების სუსტ კლუბებზე, სათამაშო დროის დეფიციტსა თუ მეტოქეთა რიგებში უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებისკენ იშვერენ. ყბადაღებული ტერმინი "მესი არ გვყავს" - სამწუხაროდ, სანიოლისგანაც მოვისმინეთ.

ფაქტია, შევძელით და საკმაოდ კარგად აწყობილი, დაბალანსებული და ვარსკვლავებით მოთამაშე შვედეთის ნაკრები დავამარცხეთ. ასე რომ, წაგების მიზეზების სხვებში ძიება არასდროს უნდა მოხდეს. თუმცა, გასაგებია, ზოგჯერ ემოციები გვჯობნიან. საკუთარი გუნდი შეგიძლია გააკრიტიკო, თუმცა, თუკი მისი რწმენა არ გაქვს, სხვა დეტალებზე მსჯელობა აზრს კარგავს.

Sportall.Ge

"ჩასაფრებულები"

ის ადამიანები, თანამედროვე ფეხბურთში მართლაც კარგად რომ ერკვევიან და ამ ფონზე ის თანხა, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობისთვის იხარჯება, "ბევრი და წყალში გადაყრილი" ჰგონიათ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდნენ, გამარჯვებას რამხელა სიხარულის გამოწვევა და საკმაოდ რთული საერთო ყოფის შემსუბუქება შეუძლია.

შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს უკეთ, თუმცა ჯერ შევთანხმდეთ, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო. სოციალურ ქსელებში სტადიონის სხვა ფუნქციებით დატვირთვის შესახებ რომ აღარ ისაუბრონ, ესა თუ ის გამარჯვება ამად ღირს, თორემ ისიც კარგად ვიცით, ამ მოგებით მნიშვნელოვან ფორუმზე რომ არ გავსულვართ და შვედეთის ნაკრებმაც იქნებ დასახული მიზნები პლეი-ოფით მაინც აისრულოს.

altხვიჩას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა! [VIDEO]

altსანიოლი: გაგვიმართლა? - ეს მაგათ გაუმართლათ პირველ მატჩში

altკვარაცხელია: მეტს ვიმსახურებთ და უფრო დიდი მიზნები გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 27 /
ლორიას მაგივრად მამარდაშვილი რომ მდგარიყო დიდი ანგარიშით წავაგებდით
გენა
20:53 13-11-2021
1
პრობლემა ის არის რო რატომღაც წარმატებად ფასდება, ნახევრადტყიურ ვიკინგებთან გამარჯვება, ბოლო 50-100 წელია რომ გაიხადეს ტყაპუჭები და ბოლო ადგილიდან თავის დაღწევა. ცოტა მეტი ამბიცია რა ხალხო, რა დამდაბლებულები ხართ. სანამ ამბიციები არ გაგვეზრდება მანამდე ამ წრეზე ვიტრიალებთ. რაც მოთხოვნაა ის მიწოდებაა, ესაა კაპიტალიზმის კანონი. რა ზეიმი იყო სამარცხვინო ბათუმის სტადიონზე სირცხვილით ვიწვოდი. რა გვაზეიმებდა ძაან მაინტერესებს. დინჯად, დარბაისლურად, ქართულად გამოდი ხელები აწიე, მადლობა გადაუხადე გულშემატკივარს, რა გაკუნტრუშებს 30-40 წლის ხალხს? რა გააკეთე მაგის საფასო?
sul2
13:52 13-11-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული