კანკავას გარეშე
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ოფიციალურ მატჩებში ჯაბა კანკავას გარეშე ვასპარეზობდით, მისი დანაკლისი ნაკრებისთვის უდიდესია და ჩანაცვლება ასე მარტივი არ იქნება.
ნაკრების ყოფილი კაპიტანი საოცრი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა. ასაკის მატებასთან ერთად, ჯაბა შეტევის წამოწყების ფაზაში ნაკლებად აქტიური იყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მას საქართველოს ნაკრების მაისურით 10 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
კანკავას არყოფნა მომავალი ტურნირის წინ მთავარი საკადრო ცვლილებაა.
ვინ შეცვლის ჯაბას?
უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში შანსი თბილისის "დინამოელ" ანზორ მექვაბიშვილს მიეცა და ოფიციალურ შეხვედრებში კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოცდა ნაკლებად მოსალოდნელია.
სანიოლი ბათუმის "დინამოს" ნახევარცველებსაც ხშირად ეყრდნობა. თუკი კანკავას ფუნქციების მატარებელ ნახევარმცველზე ვსაუბრობთ, უფრო სანდრო ალთუნაშვილი გვახსენდება, ვიდრე ლადო მამუჩაშვილი და მით უმეტეს, ჯაბა ჯიღაური...
სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი
მოედნის ცენტრში საქართველოს ნაკრებში 3 ფეხბურთელი სტაბილურად ასპარეზობს და მთავარი აქცენტები ახლაც მათზე გაკეთდება - ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია. სამწუხარო ისაა, რომ ისინი სეზონის განმავლობაში დიდი სათამაშო პრაქტიკით არ გამოირჩევიან.
მარტის ამხანაგურ შეხვედრებში აბურჯანია დამაჯერებლად გამოიყურებოდა და პრესინგის ნაწილშიც საკმაოდ კარგი იყო. დაცვისა და შეტევის ხაზის დაკავშირება, დიდწილად, მაინც კვეკვესკირზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, მწვრთნელის დავალებებს დიდი მნიშვნელობა ექნება, მათ შორის, ტემპის განსაზღვრის თვალსაზრისით. მაინც მოსალოდნელია, რომ ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიასთან გასვლით მატჩებში დაახლოებით ის სცენარი და ხასიათი ვიხილოთ, ბოსნიისა და ალბანეთის წინააღმდეგ რომ ვნახეთ და უპირველესი ამოცანა მაინც ის იყოს, არ დავმარცხდეთ და შანსები უფრო კონტრშეტევებზე ვეძებოთ...
ახლად მომჯობინებული ოთარ კიტეიშვილის ფორმაში შესვლა და უპრაქტიკობის მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში ჩვენს შუა ხაზს ძალიან სჭირდება. მათ ბევრი რამის შექმნა შეუძლიათ.
ზურიკოს ახალი როლი
ბოლო სანაკრებო შეხვედრებში ზურიკო დავითაშვილმა განსხვავებული უნარები გამოავლინა, ნახევარდაცვაში უამრავი სამუშაო გასწია. თუკი შემოდგომაზე შედეგიანი ზურიკო ვნახეთ, ახლა სანიოლს მისთვის ახალი დავალებები ჰქონდა მიცემული. მართალია, დავითაშვილი ბათუმის "დინამოში" ამ პოზიციაზე არ თამაშობს და შემტევია, მაგრამ "ჯვაროსნების" მწვრთნელის დარიგებების
შესრულება არ უნდა გაუჭირდეს...
შეგახსენებთ, 2-დან 12 ივნისის ჩათვლით, "ერთა ლიგაზე" 4 შეხვედრას გავმართავთ.
ვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...
ვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი?
დაცვის მნიშვნელობა სანიოლის ნაკრებში - სიტუაცია "ერთა ლიგისთვის"