დაცვის მნიშვნელობა სანიოლის ნაკრებში - სიტუაცია "ერთა ლიგისთვის"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა "ერთა ლიგისთვის" შემადგენლობა მალე უნდა დაასახელოს. Sportall.ge დატვირთული გრაფიკის (10 დღეში 4 მატჩს გავმართავთ) წინ "ჯვაროსნებზე " დეტალურ საუბარს აგრძელებს. ამჯერად თქვენს ყურადღებას დაცვის ხაზზე მივაპყროთ.

რა იყო ადრე?

უეფას სადებიუტო ტურნირზე ("ერთა ლიგა") საქართველოს ნაკრების წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები დაცვის ხაზი იყო, განსაკუთრებით, მისი ცენტრალური ნაწილი, სადაც გურამ კაშია და საბა კვირკველია მაღალ კლასსა და შეთამაშების მშვენიერ ხარისხს ავლენდნენ. "ჯვაროსნების" მაშინდელ დამრიგებელ ვლადიმირ ვაისს რამდენიმე ალტერნატივა გააჩნდა და როტაციისას იყენებდა კიდეც, თუმცა წარმატებაში
გურამისა და საბას მნიშვნელობა კარგად ესმოდა.

საიდან დაიწყო სანიოლის გარდატეხა?

ფრანგი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებს რამდენიმე წარმატებული და წარუმატებელი შეხვედრა ჰქონდა, გარკვეული პერიოდი (2021 წლის სექტემბერი) კი მთლიანად ჩაუვარდა. ერთ-ერთი ასეთი ხასიათის მატჩი (ერთ-ერთ უახლოეს მეტოქე ბულგარეთთან 1:4) ვილი სანიოლმა ახალი ტაქტიკური სქემის გამოსაცდელად გამოიყენა. 3 ცენტრალური მცველით თამაში ოქტომბერში, კოსოვოში (2:1) მოგებული მატჩიდან მუდმივად დამკვიდრდა, იმის შემდეგ კი საქართველოს ნაკრებს აშკარა პროგრესი და წარმატებული პერიოდი აქვს.

რა თქმა უნდა, მწვრთნელს ტაქტიკის ლავირება უნდა შეეძლოს და მომავალ შეხვედრებში, ალბათ, ამასაც ვიხილავთ, თუმცა ფაქტია, სანიოლმა "საკუთარი თავი" იპოვა და მისგან გადახვევის საფუძველი ჯერჯერობით არ მისცემია.

ისევ კაშიას ირგვლივ...

წლები გადის, საქართველოს ნაკრების დაცვის ლიდერი კი არ იცვლება. გურამ კაშიას უკანა ხაზის ორგანიზების მშვენიერი უნარები გააჩნია და მის გარეშე ჩვენს გუნდს ეს აშკარად უჭირს. კაპიტანი ვეტერანია და ყველა შეხვედრის თანაბარი წარმატებით თამაში გაუჭირდება, თუმცა
მისი როტაციის ფუფუნება არ გაგვაჩნია.

საბა კვირკველიას ეროვნულ ლიგაში სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ ამ ფეხბურთელს იმდენი გაუცდა, თანაც ისეთ კარგ ფორმაში გვახსოვს, ახლა სასტარტოს უალტერნატივო წევრად სულაც არ მიიჩნევა.

Sportall.Ge

3-მცველიან ტაქტიკაში მარჯვნივ ოთარ კაკაბაძის თამაში თავდაპირველად, ალბათ, საკადრო დეფიციტით იყო განსაზღვრული. პოლონეთში მოთამაშე ფეხბურთელს ადაპტირება გაუჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებს, განლაგებასთან უკვე მაქსიმალურად შერწყმულია და ამ ფაქტორის გამო მაინც ძირითადი შემადგენლობის წევრად უნდა მივიჩნიოთ.

მცველები სანაკრებო ამბიციით

ამხელა ტურნირის წინ სერიოზულ საკადრო სიახლეებს არ ველით. შესაბამისად, სანიოლი იმ ფეხბურთელებს უნდა დაეყრდნოს, რომელთა შესაძლებლობებსაც კარგად იცნობს. რა სიტუაციაა ამ მხრივ?

ლაშა დვალი უნგრეთში ისევ სათამაშო პრაქტიკის გარეშეა (მხოლოდ ჩემპიონობის შემდეგ, უკანასკნელ უქმეებზე ითამაშა). სამწუხაროა, რომ ამხელა შესაძლებლობების მცველზე, რომელიც "ჯვაროსნების" შეუცვლელი ფიგურა უნდა ყოფილიყო, ასეთი საუბარი გვიწევს, მიზეზი კი სხვადასხვაა...

"კოპენჰაგენის" მცველ დავით ხოჭოლავას რამდენიმე მატჩი გაუცდა და ახლა მომჯობინდა, ლუკა ლოჩოშვილი კი საკმაოდ ხშირად ტრავმიანობს და ეს ავსტრიის ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურშიც (სადაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა) განმეორდა.

ბოლო მატჩში (ალბანეთთან 0:0) ბათუმის "დინამოელი" მამუკა კობახიძეც დამაჯერებელი იყო.

Sportall.Ge

კონკურენცია მარცხნივ

მოგეხსენებათ, ხსენებულ ტაქტიკურ სქემაში ფლანგებზე დიდი დატვირთვა მოდის როგორც დაცვით, ასევე შეტევით ნაწილში. მარცხნივ სიმშვიდის საფუძველი გვაქვს, ბათუმის "დინამოელი" ირაკლი აზაროვი და "დრეზდენელი" გურამ გიორბელიძე საკმაო კონკურენციას ქმნიან; აი, მარჯვნივ კი პრობლემებია, რომლებიც ბოლომდე ვერც საბა ლობჟანიძისთვის ამპლუის შეცვლამ აღმოფხვრა. "ჰათაისპორის" ნახევარმცველი ენერგიულია და ბევრ სამუშაოს ასრულებს, თუმცა შეტევაში ის ძალები, რასაც თურქეთის ჩემპიონატში ვხედავთ, ეროვნული ნაკრების ფორმით არ გამოუვლენია.

ისევ წიტაიშვილი?

ამხანაგურ შეხვედრებში გიორგი წიტაიშვილს სწორედ მთელი ფლანგის კონტროლი დაევალა. გიორგი ამ პოზიციაზე უკრაინაში თამაშისას გამოსცადეს. ჩვენზე უკეთ სანიოლი დაინახავდა, რომ ეს მისთვის იდეალური ადგილი სულაც არაა. უკვე "ვისლას" ფეხბურთელი შეტევაში სივრცეებს ქმნიდა, რამდენჯერმე პასს კარგ სიტუაციაში ითხოვდა, თუმცა დაცვით ფაზაში პრობლემები ჰქონდა. პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც გამოჩნდა, გიორგის რამხელა რესურსი აქვს. ეგაა, ჯერ საკლუბო ამბებში სტაბილურობას უნდა მიაღწიოს.

Sportall.Ge

გამორიცხული არაა, ფრანგმა სპეციალისტმა წიტაიშვილს ისევ იგივე ფუნქციები დააკისროს, რაც ბოლო მატჩში ჰქონდა და რადგანაც ახალი ტაქტიკა (3 მცველით) თამაში ჩვენთვის მაინც სიახლეა, ფლანგების კონტროლი რომელიმე ამპლუით ნახევარმცველს ან შემტევს დაევალოს.

altვინ გააძლიერებს ნაკრებს და როგორ ფორმაში არიან ქართველი ფეხბურთელები? - მალე სანიოლი იტყვის...

altვინ უნდა დაიცვას საქართველოს ნაკრების კარი?

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლობჟანიძე თითქოს მოგვწონს ყველას, მარა ჩემის აზრით ისეთი პროდუქტიული ვერ არის და მეტი პოტენციალი აქვს. იქნებ მოისინჯოს დაცვის მარჯვენა ფლანგზე, კაკაბაძე ძალიან სუსტად გამოიყურება. ლობჟანიძეს ბურთის ართმევაც ეხერხბა და შეტევის წამოწყებაც, ჩაწოდებაც უკეთესი აქვს ვიდრე კაკაბაძეს, გოლებიც გააქვს თურქეთში, ჩვენ კი ვერ ვიყენებთ. ვფიქრობ უფრო გაამართლებს მისი უკან დაყენება. ბევრი შემთხვევა იყო როცა გაამართლეს ფეხბურთელებმა ადგილის შეცვლით და ვფიქრობ არც ისეთი ავანტურა იქნება, იგივე გიბრალტართან. რატომღაც მჯერა გაამართლებს და ამ პოზიციას უფრო გაძლიერდებას. ჩივაძის, ასათიანის და მრავალი გარდაქმნის მომსწრე ვართ.
G.LA
16:41 16-05-2022
1
დაცვას როცა ეხება საქმე როგორ შეილება არ განიხილებოდეს ლევან ხარაბაძე და ნიკა მალი ორივე არაჩვეულებრივ ფიზიკურ კონდიციებშია და ყოველ თამაშს საკმაოდ სოლიდურად და მაღალ დონეზე ატარებენ......
misho
13:00 16-05-2022
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული