სანიოლი: უკანასკნელი ექვსი თვიდან გამომდინარე, ამაზე არ ვნერვიულობ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე ორი დღეა ქალაქ რაზგრადში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში 28 ფეხბურთელის შემადგენლობით თამაშის მასპინძელ სტადიონზე 4 ივნისს გამართა.

ლუდოგორეც არენაზე საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ოთარ კაკაბაძემ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს

უკვე ცნობილია, რომ ბულგარეთთან განაცხადში არ იქნება გიორგი წიტაიშვილი. მიზეზი გიბრალტართან სათამაშო ეპიზოდში მიღებული დაზიანებაა. 21 წლის ფეხბურთელი ამ დროისთვის გუნდთან ერთად ბულგარეთში იმყოფება და მომდევნო მატჩებში მონაწილეობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„გუშინ ფრენის და აღდგენის დღე იყო. ციკლის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის კარგია თავდაჯერებისთვის. შეკრებაზე 29 ფეხბურთელი გამოვიძახეთ. შესაბამისად მოედანზე ახალი ფეხბურთელები გამოჩნდებიან, რათა გარკვეული სიახლე შემოვიტანოთ. მატჩამდე ბოლო ვარჯიში გვაქვს და ის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საუკეთესოდ მოვემზადოთ თამაშისთვის.

გიორგი წიტაიშვილი გუნდთან ერთად არის, თუმცა გიბრალტართან სათამაშო ეპიზოდში შეჯახების გამო, ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 28 ფეხბურთელი ჯანმრთელია და მზად არის ვარჯიშისთვის.

აღდგენა ძალიან კარგად წარიმართა, ზოგმა 90 წუთი ითამაშა, ზოგმა ნაკლები, თუმცა მთლიანობაში პროცესით კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ ამდენი გულშემატკივარი ჩამოვიდა ბულგარეთში ჩვენს მხარდასაჭერად. მით უმეტეს, რომ ეს არ არის საქართველოს მეზობელი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ისინი გაგვამხნევებენ. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ძალიან ვაფასებთ ამას.

ბულგარეთი გიბრალტარზე ძლიერია და ეს ფაქტია, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ და შევინარჩუნებთ თუ არა ამ ინტენსივობას. რადგან, ეს გასაღებია სხვადასხვა შესაძლებლობის. უკანასკნელი ექვსი თვიდან გამომდინარე, ამაზე არ ვნერვიულობ. თამაშზე თავდაჯერებულები გავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კარგი შეხვედრა, როგორც ქართველი, ისე ბულგარელი გულშემატკივრისთვის.

ბულგარეთის ნაკრებთან წინა შეხვედრა ამხანაგური იყო. ორივე მწვრთნელმა ბევრი ცვლილება განახორციელა. ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანია გამარჯვების მოპოვება, რადგან პირველი შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ასე რომ, ხვალინდელი მატჩი განსხვავებული იქნება. მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა მთავარია, რომ გუნდურად ძლიერია და მეტ ყურადღებას მათ ტაქტიკას დავუთმობთ. არ ვიცით, რა შემადგენლობით იქნება მეტოქე, ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული".

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტთან არ გვითამაშია, თითქმის გაივსო სტადიონი. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქ ჩამოსული გულშემატკივრები გავახაროთ. მათი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრებში მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდება".

ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "გუნდში კარგი განწყობაა, რადგან მოვიგეთ პირველი შეხვედრა გიბრალტარის წინააღმდეგ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ვფიქრობ, რომ დადებითად აისახება ხვალინდელ შეხვედრაზე. ბულგარეთი კარგი გუნდია, უხერხული მეტოქეა ჩვენთვის. რთულ თამაშს ველოდებით და ვფიქრობ, რომ, თუ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.".

საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი (დინამო,ბათუმი, საქართველო), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

ბულგარეთის - საქართველოს მატჩი, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
არ უნდა დაგვავიწყდეს: მათ ყავთ კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ჯობს ასე ვთქვათ: არც არავისზე ნაკლებები ვართ!
ითამაშეთ ბიჭებო მონდომებით, როგორც შეგიძლიათ, ესაა მთავარი, დანარჩენი ღმერთის ნებაა!
თემური
12:10 05-06-2022
0
4-0 გამოვიცანი და დღეს 2-1 ვიგებთ!
ზურა
14:41 05-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული