9 მიზეზი 9-ში - რატომ უნდა დაამარცხოს საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია?

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრას დიდი მოლოდინით ელიან, რადგან წარმატებული სერია გვაქვს, გუნდში კარგი განწყობაა და თანაც, ამ ქვეყნის ნაკრებზე გაბრაზებულები ვართ - ევროპის ჩემპიონატის საგზური წაგვართვეს და შემდეგ მათმა ფეხბურთელებმა "დინამო არენის" გასახდელში ეს საკმაოდ პროვოკაციულად აღნიშნეს.

დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია ევროპის მომავალი ჩემპიონატისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ.

სატურნირო თვალსაზრისით, ფრე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა მადის და ჭამის ამბავი მოგეხსენებათ და გამარჯვებაზეც ვფიქრობთ, რაც ჯგუფის მოგებისკენ უდიდეს ნაბიჯს გადაგვადგმევინებს.

გთავაზობთ 9 მიზეზს, თუ რატომ შეგვიძლია 9
ივნისს გავიმარჯვოთ:

1. ატმოსფერო

შემჭიდროებულ კალენდარზე ბევრი კი ვიწუწუნეთ, თანაც ივნისში ჩატარებულ თამაშებში კარგი გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ ეს გრაფიკი გარკვეული გაგებით უკეთესი აღმოჩნდა. მთავარია, ბოლომდე სწორად გამოვიყენოთ.

საქართველოს ნაკრები ახლა ერთიანი, შეკრული გუნდია. ჩანს, რომ ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და ამ აღმაფრენით 4 მატჩის ჩატარებას კარგ შედეგებამდე უნდა მივყავდეთ.

წარმოვიდგინოთ, მესამე ტური სექტემბერში რომ ყოფილიყო, არავინ იცის, როგორ ფორმაში შევხვდებოდით, რამდენად დიდი იქნებოდა საკადრო დანაკლისი და ა.შ.

2. წარმატებული სერია

საქართველოს ნაკრები ოქტომბრის შემდეგ პროგრესირებს, წარმატებული და წაუგებელი სერია აქვს. ყველაფერი ეს თავდაჯერებას ზრდის და მოთამაშეებს უფრო მეტად სწამთ, რომ მიზანს შეასრულებენ.

3. მთავარი მწვრთნელი

ვილი სანიოლმა იდეალურ განლაგებას მიაგნო, ამავდროულად კი, თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები ბოლომდე გაითავისა. "ჯვაროსნებს" წვრთნის სპეციალისტი, რომელსაც დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით სერიოზული შედეგის შესრულება შეუძლია, ეს კი ჩვენი ნაკრებისთვის დამატებითი ფაქტორია.

4. როტაცია

ასეთი კალენდრის პირობებში, თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელის მოაზრება მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრებში ახლა, ფაქტობრივად, ყველა ის მოთამაშეა, რომლებიც მთავარ მწვრთნელს სურდა და ეს კონკურენცია გუნდს მხოლოდ აძლიერებს და გარკვეული ქვედინებები, რაც აურას გააუარესებს, გამორიცხულია.

Sportall.Ge

5. ხვიჩა კვარაცხელია

საქარველოს ნაკრების ლიდერი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და ამავდროულად, მოტივირებულია. ხვიჩას მიმართ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით, იტალიაში და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა, ისევე, როგორც ზემოხსენებულ ფინალში (სადაც ვერ მონაწილეობდა) მარცხი.

გასული "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მაკედონიელებმა კარგად ნახეს, ხვიჩას რა შეუძლია, როცა მათ კარში მშვენიერი გოლი გაიტანა და სიფრთხილეს ახლაც გამოიჩენენ. კვარაცხელიას გაჩერება რთულია, ამავდროულად კი, სივრცეები სხვა მოთამაშეებსაც ეხსნებათ.

Sportall.Ge

6. მოტივაცია

მართალია, სანიოლმა თქვა, რომ ის დრამატული ფინალი მისი ხელმძღვანელობით არ ყოფილა, მაგრამ ფეხბურთელებს, მით უმეტეს მათ, ვინც მაშინ თამაშობდა, განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ. ნიკა კვეკვესკირის ცრემლების დავიწყება შეუძლებელია.

შესაბამისად, მეტოქის მისსავე მოედანზე დამარცხება და ამით მომავალ ევროპირველობასთან დაახლოება მნიშვნელოვანი მოტივაციის წყაროა.


7. წარმატებული "ერთა ლიგაზე"

ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე თამაში ეხერხება. ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთ შეხვედრაში, სომხეთის ნაკრებთან (1:2) დავმარცხდით. მომავალ მეტოქესთან წაგებულ ფინალს შევეხეთ, გასულ ტურნირზე კი ჩრდ. მაკედონიასთან ორივე მატჩში ფრედ (1:1) ვითამაშეთ. თბილისში, ძლიერი წვიმის თანხლებით, მათ გაუმართლათ და ქულა ჩვენი უპატიებელი შეცდომით მოიპოვეს.

"ჯვაროსნებს" შეუძლია, "ერთა ლიგა" კიდევ უფრო "საჩვენო" ტურნირად აქციოს.

Sportall.Ge

8. ფორვარდები კარგ ფორმაში

მაკედონიელებმა გიბრალტარს მხოლოდ 2 გოლი გაუტანეს, ბულგარეთს კი - 1. ამ დროს ვილი სანიოლის გუნდის ანგარიშზე 9 შედეგიანი დარტყმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შეტევები ახლა მეტოქეზე მეტად სახიფათოა და გოლის გატანის გზებს საქართველოს ნაკრები უფრო მარტივად პოულობს.

9. პანდევის წასვლა

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში უმნიშვნელოვანესი საკადრო ცვლილება მოხდა - გორან პანდევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და ჩვენ წინააღმდეგ აღარ ითამაშებს, ეს კი საქართველოს ნაკრების შანსებს ზრდის - გამოცდილი ფეხბურთელი მათი წამყვანი ძალა იყო როგორც ფინალში, ასევე მომდევნო დაპირისპირებებში.

altმატჩის დღე - კარგ ფორმაში მყოფ საქართველოს უნდა სწამდეს!

მკითხველის კომენტარები / 43 /
მეათე - ჯიგარი!
სერგო
15:49 09-06-2022
0
გაბრაზებული არ ვარ, მე გულდაწყვეტილი ვარ. იმიტომ რომ ფინალში გავედით და ძირითადი ბირთვის დიდი ნაწილი შემადგენლობა არ გვაყავდა. გულდაწყვეტილი ვარ იმით რომ სახლის უპირატესობაც ვერ გამოვიყენეთ. შესაძლებელი იყო და ყველგან ნებადართული 30% მაყურებელი, მაგრამ მთავრობამ აკრძალა ეს რაოდენობაც. ამ ერთობამ განაპირობა ჩვენი ოცნება აგვეხდინა ევროპის ჩემპინატზე მონაწილეობისა. არც მაშინ და არც ახლა ჩრდ. მაკედნიის გუნდი ჩვენზე ძლიერი არ არის. სამართალი უნდა აღვადგინოთ დღეს. წარმატება საქართველოს!!
G.LA
15:24 09-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული