რა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის და რა შეიცვლება მომავალში? - მადლობა ნაკრებს

AutoSharing Option
როცა ივნისის შეხვედრების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ ოთხივე შეხვედრის მოგებას აპირებდა, რთული სათქმელია, რამდენად ბოლომდე გულწრფელი იყო ამაში და რამდენად სჯეროდათ გულშემატკივრებს. არადა, თითქმის გამოვიდა...

4 ტურის შემდეგ 10 ქულა და პირველი ადგილი მართლაც მშვენიერი შედეგია, თუმცა გასვლითმა გამარჯვებებმა თამასა აგვიწია და ბულგარეთთან საშინაო (0:0) ფრით ფეხბურთელებიცა და გულშემატკივრებიც გულდაწყვეტილნი არიან.

რა შეიცვალა წინა მატჩის შემდეგ?

ბულგარეთის ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო გუნდია და თბილისში გამართულ შეხვედრაში მეტოქეს
ამის საშუალება არ მისცა. ბულგარეთში დიდი ანგარიშით (5:2) მოგების შემდეგ ამაზე ვწერდით კიდეც: "მეტია სამუშაო პოზიციური შეტევების ორგანიზების კუთხით. კარგია, რომ ჩვენი ნიშა ვიპოვეთ და სწრაფი ფეხბურთელების ძალისხმევით მეტოქეებს კონტრშეტევებზე ბევრ საფრთხეს ვუქმნით, თუმცა რამდენიმე დღეში, იმავე ბულგარეთთან თბილისში, ინიციატივის უფრო მეტად აღება დაგვჭირდება."

Sportall.Ge

12 ივნისის შეხვედრაში, სადაც მოწინააღმდეგე მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა, სრულ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ პოზიციური შეტევებისთვის საჭირო სიმწვავე და მრავალფეროვნება გვაკლდა, რეალური საგოლე მომენტების შექმნა კი მაინც გვიჭირდა.

როცა ხვიჩას ვერ გააქვს...

განვლილ მატჩებში გატანილი 12 გოლი 7 ფეხბურთელის ანგარიშზეა (აზაროვის დარტყმა ავტოგოლად ჩაითვალა), თუმცა გარდამტეხი ყველგან ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი იყო. გავიხსენოთ - გიბრალტარს სწრაფი გოლი გაუტანა და შემდეგ კაშიას გაატანინა. ბულგარეთში, უკვე მე-4 წუთზე, დავითაშვილი მშვენიერი პასით მოამარაგა და მონაწილეობა მეორე გოლშიც მიიღო. ჩრდ. მაკედონიაში კი მე-2 და საბოლოო შედეგის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი გოლი გაიტანა. ბულგარეთთან თბილისურ მატჩში პირველი (მით უმეტეს, სწრაფი)  გოლი ძალიან დიდი ფუნქციის მატარებელი იქნებოდა და თამაშს გაგვიმარტივებდა. კვარაცხელია ყოველთვის ვერ გაიტანს, არადა, გუშინაც მატჩის საუკეთესო იყო, მეტოქის ფეხბურთელებს თავბრუს ახვევდა, საგოლე შანსიც ჰქონდა და შეხვედრის სტარტზე აშკარად რომ დაეჯახნენ, ჩვენ სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა  შეიძლებოდა.

ხვიჩამ ვერ გაიტანა, მაგრამ ასეთ დროს შეხვედრის "გამხსნელი" სხვა უნდა ყოფილიყო, რაც ვერ მოხერხდა. ამაზეც გვისაუბრია - არ შეიძლება ნებისმიერ ლიდერს ყველა მატჩის ბედის გადაწყვეტა მოვთხოვოთ, თანაც ასეთ გრაფიკში. 

მთავარი პრობლემა

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა მთავარ პრობლემაზე, ნაკლებ ენერგიაზე ისაუბრა. ბურთი აშკარად ნელა მოძრაობდა.

გასაგებია, ჩვენი ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ და როცა მეტოქე მხოლოდ თავის დაცვითაა დაკავებული, ასეთ დროს მასირებული შეტევები იოლი არაა, მაგრამ საქართველოს ნაკრების შუა ხაზში პრესინგის დაძლევისა და სისწრაფის დეფიციტზე წინა მატჩებშიც აღგვინიშნავს. გასაგებია, რომ ოთარ კიტეიშვილი 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო, თუმცა მას სასტარტოში მაინც ველოდით. მით უმეტეს, როცა გიორგი აბურჯანიას დასვენების საშუალება მიეცა.

Sportall.Ge

კარგად გამოჩნდა, რომ ზურიკო დავითაშვილი ამ ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომელმაც გასვლით მატჩებში ბევრი გაიღო და მთავარმა მწვრთნელმა ახლა მის როტაციას რომ მიმართა, არ გაგვკვირვებია. ბათუმის "დინამოელის" მოედანზე შემოსვლის შემდეგ კარგად დავინახეთ, ის რამდენ სამუშაოს ასრულებს - დავითაშვილი მეტოქეებს ავიწროებს, ბურთის მოსაპოვებლად მოედნის სიღრმეში ჩადის და ამავდროულად, თანაგუნდელებს სივრცეებს უთავისუფლებს.

ბულგარელები მთელ საფრთხეს ჩვენი ფლანგებიდან ელოდნენ და ყურადღება მაქსიმალურად გაძლიერებული ჰქონდათ, აზაროვმა და ლობჟანიძემ კი საუკეთესო შეხვედრები ვერ ჩაატარეს. თუკი გასვლით მატჩებში კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ თავისუფალ სივრცეებს იდეალურად ვიყენებდით, ახლა ეს გაგვიჭირდა. გიორგი მიქაუტაძეს ორი კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ფლანგურ გადაცემებს ბუდუ ზივზივაძის შემოსვლის შემდეგ უკეთ ვეხმაურებოდით...

Sportall.Ge

რა იქნება სექტემბერში?

ჩრდ. მაკედონიის ნაკრები ჯერ ბრძოლაში რჩება და სექტემბერში საკუთარ მოედანზე მათთან სერიოზული დაპირისპირება გველის. ბულგარეთის მაგალითზე ისინიც ისწავლიდნენ, საქართველოს ნაკრებს სტუმრად როგორ შეიძლება ეთამაშო. თანაც, კონტრშეტევების გაკეთება, რაც ბულგარელებს საერთოდ არ გამოუვიდათ, მათ უკეთ შეუძლიათ; ამავდროულად კი, ბევრად მეტ სივრცეებს დატოვებენ, ვიდრე უკანასკნელმა მეტოქემ შეძლო. ვილი სანიოლიც მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანდა და შემოდგომაზე გეგმების ბოლომდე წარმატებით მიყვანას ველით. B დივიზიონთან ძალიან ახლოს ვართ - უკანასკნელ ტურში გიბრალტარში გავდივართ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ C ლიგაში სიძლიერით რომელი ნაკრები ვიქნებით და პლეი-ოფში ვის სად შევხვდებით, ევროპირველობისკენ მიმავალი გზა რომ გავიმარტივოთ. ახლა კი მართლაც მადლობა ამ მოულოდნელი 10 ქულის, ბევრი გოლისა და სიხარულისთვის, რაც გულშემატკივრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ღირსეულად დააფასეს და შეხვედრის დასრულების შემდეგაც გააგრძელეს.

altდიდი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 33 /
ფორტუნამ, იმაში მაინც გაგვიღიმა რომ მაკედონიას სახლში ვხვდებით.
მე როგორც მახსოვს, წინა გათამაშებაზე, ჯგუფებიდან პირველ ადგილზე გასული გუნდები ასე ნაწილდებოდნენ, საუკეთესო ქულების მაჩვენებელი ხვდებოდა უარესის მაჩვენებელს. ამიტომაც გვერგო ბელორუსია სახლში, ხოლო მაკედონიასთან (სახლში!) თამაში წილისყრით გვერგო.
ალბათ ახლაც ასეა და რატომ "გვაშინებენ" ამ თურქეთით ვერ ვხვდები, შანსი არაა თურქეთმა"უარესი" შდეგი დადოს. უფრო ალბათ საბერძნეთს დავეტაკებით და ამის მერე გამარჯვებული შეხვდება თურქეთს. (ნუ, თუქრეთმა თუ გაიმარჯვა 1/2-ში :დდ)
თუ ვცდები, მითხარით
₾ადო
09:54 14-06-2022
0
ეს მატჩი იყო გათვლილი ტოტალიზატორზე,დაფიქრდით რა ზომის ქულა იქნებოდა ფრეზე,გაგახსენებთ "საბურთალომ"რომ მოიგო ერევანში 2:1 და თბილისში რომ წააგო 0:2.
დათიკო48
09:44 14-06-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული