"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
დღითი დღე უფრო და უფრო საშკარაოზე გამოდიან მოღალატე ქართველები არაფერი არ უხარიათ რაც კაი ხდება ამ ქვეყანაში. აატალახეს ევროპა უარი როეთქვათ.
იოსებ
23 ივნისი 2022 21:14
3
და ჩვენი ბრალია, თავისუფლად ვაძლევდით გვარის გადაკეთების საშუალებას, გვარი კი გადაკეთდა იან-დან შვილი-ზე ან ძე-ზე, მაგრამ განწყობა არ შეცვლილა
llcl
23 ივნისი 2022 20:51
6
არ გამოქვეყნება ასეთი საზიზღრობის შეიძლება კარგია. პირადად მიმაჩნია,რომ უნდა გამოქვეყნდეს,რამეთუ ხალხმა უნდა იცოდეს თავისი " კეთილ მონათლული გმირების" სახელი და გვარი.
გია-გივი
23 ივნისი 2022 20:21
1
პირველ რიგში მადლობა სპორტალს. ხოლო არსებები რომლებიც ოდიდგანვე იყო საქართველოში სამწუხაროდ.. რომლებიც გაიძახოდნენ და გაიძახიან მეფე ერეკლეს მეზარბაზნები აღარ ყავსო, მათზე პასუხი გაცემულია.. ეს პასუხი სწორედ ამ ბიჭებმა გასცა, ესენი არიან ჩვენი მეზარბაზნეები ვენაცვალე ჯიგარში! ბულგარეთს 5 გოლი შეუგდეს მაკედონიას 3 გოლი, ოთხ თამაშში 10 ქულა გვაქვს, მეზარბაზნეებიც ასეთი უნდა, მადლობა კვარას თამადობით ყველა ფეხბურთელს! ამ თავდადებისთვის და სიხარულის!
ირაკლი
23 ივნისი 2022 20:18
1
მაგარი ნათქვამია.
100%
23 ივნისი 2022 23:26
1
ყოჩაღ ავტორ-ბატონო. უნდა აეწვათ ვიღაცებს, ზუსტადაც. აჯობებს საჯაროდ ვამხილოთ ეგეთები, ხალხი უნდა იცნობდეს მოღალატეებს.
გულშემატკივარი
23 ივნისი 2022 20:15
1
შურ-ბოღმიანი ნაძირლები.ფუი!
მერაბი
23 ივნისი 2022 20:06
1
მე ვიტყვი კი ბევრ რამესკარგს აკეᲗებს მაგრამ ბევრჯერ Ჩუმად არის და ვიტყვი Თუ კიᲗხოლობს კარგია.
სპორტალ ჯეს ეᲗერᲨი Შერმადინი იყო და კიᲗხვას უპასუხა გიომ რომ Ჩვენ პერსპექტიულ ბავᲨვებს ვარᲩევᲗო და მიგვყავსო და ვინ აარᲩია Თავის კარგი მეგობრის Შვილი ნახტაᲫეა გვარად.
P.S.Ჟურნალისტმა რატო არ დაუსვა კიᲗხვა Შენი მეგობრის Შვილი რომ მიგყავს ვინც უპატრონოა იმაᲗ რა ბედი ელისო...ხომ ᲨეიᲫლება ეᲗქვა.
P.S.მე მყავს 16 წლის 206სმ სიმაᲦლის ბავᲨვი 7 წელია ვარჯიᲨობს კალაᲗბურᲗს და სპორტალმა Თქვა იცნობს ვინმე ამ ბავᲨვსს ....არავინ იმიტომ რომ არ მყავს არც მეგობარი არც ბიᲫაᲨვილი და არც ფულიანი...ასეᲗებზე რატო არიან Ჩუმად...ფეხბურᲗᲨი ხომ უარესები ხდება...Თუ ᲨეუᲫლიაᲗ გაიგონ ვინ ვარ არაფრის არ მეᲨინია Შემხვდენ და ვისაუბრებ ფაქტებიᲗ...
არ დაბლოკოᲗ აბა
Ჩოგო
23 ივნისი 2022 20:03
5
ადმინისტრაცია, და თქვენ ეხლა გჯერათ რომ ეგ არის მართლა ერთი ჩვეულებრივი ვიღაც რიგითი ბოღმა და დამპალი სუბიექტის (თავისით) დაწერილი კომენტარი? არა, ეგ არის ხელოვნური ყალბი და სპეციალური კომენტარი. არავის საქართველოში ეგეთი აზრი არ მოუვა. ცდილობენ ხელოვნურად შექმნან და გაავრცელონ
Pativiscemit.
23 ივნისი 2022 20:01
1
წარმატებები ხვიჩას.... ტალანტი უფლისგან უკვე აქვს და თუ იშრომებს, რამდენიც საჭიროა, ცდუნებებს გაუძლებს იტალიაში, აუცილებლად ასახელებს გვარსაც და საქართველოსაც...
გიორგი-50
23 ივნისი 2022 19:58
1
მერე? თქვენ თვითონვე არ აქვეყნებთ სტატიების სახით სანაიების, ჟორჟოლიანების და სხვების ბოღმით და კაცთმოძულეობით სავსე ნაჯღაბნებს
Agent
23 ივნისი 2022 19:56
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული