"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
ხვიჩა კვარაცხელია!!! ქართველი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ღმერთისგან ფეხბურთელია!!! უმაგრესი ბიჭი!!! ნაპოლი მხოლოდ ტრამპლინია!!! არც ერთი სანაკრებო თამაში არ ჩაუგდია!!! (ამას მხოლოდ მარადონა ახერხებდა), თან რა გუნდებთან?! რომელი ერთი ჩამოვთვალო? საბერძნეთი, შვედეთი,ესპანეთი!!! თუნდაც ბულგარეთი და მაკედონია! ყველასთან ბრწყინვალედ ითამაშა 21 წლის კაცმა!!! როგორ შეიძლება ამ ბიჭზე რაიმე ცუდი არა თუ გამოთქვა, უბრალოდ გაიფიქრო??? ხვიჩა, შენ გენაცვალე!!!
თეიმურაზ კვიტაიშვილი
12:20 28-06-2022
0
ყველას, ყველას, ყველას!!! ვინც ბოღმიან,ბოროტ და აშ. კომენტარებს წერს და დაწერს დროშის ტარის ღირსია (მხოლოდ და მხოლოდ ელჭიპიტი დროშის ტარის) და მერე მაგ ტარზე ქანაობის..აბა ჰე დროშები ჩქარა :)
ადმინ გამომიქვეყნე ძმურად :)
ჯავახელი
10:31 27-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული