"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წარმატებულ ასპარეზობაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რამის დამატება უბრალოდ საჭიროდ არ ჩავთვალე, მაგრამ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის წინ ისევ დაიწყეს ვაიგულშემატკივრებმა ბოღმიანი კომენტარების გამოგზავნა (რომელთაც არ ვაქვეყნებთ), გულმა არ მომითმინა და თქვენის ნებართვით, პასუხს გავცემ.

ადამიანის, თუკი შეიძლება ზოგიერთი ასე მოიხსენიო, ყველაზე დიდი ნაკლი დაუნახაობა და დაუფასებლობაა, კიდევ უფრო დიდი, როდესაც ჩასაფრებულთა მთელი ჯგუფი ჩვენი ეროვნული გუნდის ფეხის დაცდენას ელის და პირველივე ასეთი შემთხვევისას შეურაცხყოფის მიყენებას იწყებს - სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ. ძლივს გამოსწორდა საქმე, ბიჭებმა თამაში
დაიწყეს, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, კვარაცხელია მალე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება, იმედია, სხვებიც უკეთეს გუნდებში გადავლენ, ნაკრები ბოლო 9 მატჩში არ დამარცხებულა, ერთა ლიგაზე ჯგუფი ფაქტობრივად მოვიგეთ, B დივიზიონში გადავალთ, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში ვიბრძოლებთ, თუმცა ეს ყველას როდი ახარებს. გუშინ ერთმა მოკლე კომენტარი გამოგზავნა - "ხვიჩა "ნაპოლიში" სკამის ფორმას მიიღებს“. ეს ერთეული შემთხვევა რომ იყოს, იფიქრებდი, რა მოხდა მერე, საზოგადოებაში რა დალევს ზიზღიანსა და ბოროტსო, მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, ასეთები ცოტანი რომ არ არიან. ისე, არცთუ ბევრნი, ვინაიდან საუბედუროდ, როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურობენ და სპორტულ საიტებზეც.

"ჯვაროსნების" მატჩების ყურება უკვე ერთი სიამოვნებაა. მუდამ დაუძლურებული და მარცხისთვის განწირული გუნდი გარდაისახა. ერთ მუშტად შეკრულ ფეხბურთელებს თამაში უხარიათ, იბრძვიან, არავის არაფერს უთმობენ. მეტიც, სხვებს სჯაბნიან, პროგრესირებენ, წინ მიიწევენ. შემადგენლობის სიღრმეც გამოჩნდა, ერთ და ორ შემსრულებელზე აღარ ვართ დამოკიდებული, რაც მწვრთნელ ვილი სანიოლს როტაციისა და ტაქტიკური ცვლილებების საშუალებას აძლევს. გასვლით შეხვედრებში თამაშის ერთგვარი სინდრომიც აღარ არსებობს, აღარც შიში, გაცილებით უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ, იგრძნეს საკუთარი ძალა და ის, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ. ბულგარეთთან ფრედ დასრულებულმა შეხვედრამ კი ზოგიერთი ისე განარისხა, გეგონებათ, რაიმე დიდი ფიასკო განიცადეს. საქართველოს ნაკრებზე უფრო ძლიერ გუნდებს უჭირთ 11 კაცით საკუთარ კარში ჩამდგარი მოწინააღმდეგის ძლევა. ხდება ხოლმე, როცა ბურთსაც ცოცხალი თავით არ უნდა კარში შესვლა. ასეთია ფეხბურთი, რამეთუ ყოველთვის ვერ მოიგებ. ამ დროს ერთა ლიგაზე 4 ტურის მერე მოპოვებული 10 ქულა (ბურთების შეფარდება 12:2), საშინაო მატჩის წინ უახლოესი მდევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის 3 ქულით ჩამოტოვება, მშვენიერი შედეგია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით.

Sportall.Ge

სანიოლმა მიაგნო გამარჯვების "ფორმულას", რომელიც კარგად ორგანიზებულ დაცვასა და ფლანგებიდან სწრაფ კონტრიერიშებზეა აგებული. ამისათვის სათანადო შემსრულებლებიც ჰყავს და მის ხელთ არსებულ კონტინგენტს ძალიან პრაგმატულად იყენებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული გუნდი უნაკლო არაა, ჯერჯერობით თითქოს უჭირს პირველ ნომრად თამაში, რასაც თავისი როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭირო კი არა, აუცილებელია ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, რომელიც ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ასეთად ყველაზე მეტად ჯანო ანანიძე მოიაზრებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას ტრავმის გამო კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია. ვფიქრობ, ამ როლის შესრულება ზურიკო დავითაშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შეუძლიათ და თუ ეს მოხერხდა, შეტევები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ეს შედეგზეც უთუოდ აისახება.

ერთი სიტყვით, წინ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ძალიან დიდი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ერთგვარი ბლიცკრიგი მომავალი წარმატებების საწინდარი უნდა გახდეს, რათა ქართულმა ფეხბურთმა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე გასვლა შეძლოს. ამისათვის აუცილებელია მამარდაშვილისა და კვარაცხელიას ევროპის ტოპ 5-ის ლიგებში გაკვალულ გზას სხვებიც გაჰყვნენ და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით ხვიჩას "ნაპოლიში" წარამატებულ დებიუტს. მოლოდინი დიდია და არცთუ უსაფუძვლო. მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფორმა დაიბრუნა, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც, თამაში უხარია, ხან ერთი ფრთიდან უტევს, ხან მეორიდან, ყველა კუთხურს აწვდის, ბურთის დაკარგვისთანავე უკან ბრუნდება და დაცვას ეხმარება. მოდით, ვიყოთ ობიექტურები, განა ბევრია თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, ბრძოლის ჟინი, მოედნის ხედვა, კარგი და გრძელი პასი, კარში დარტყმა და სისწრაფე, განსაკუთრებით, სასტარტო. ხანდახან ზედმეტსაც მოვითხოვთ ხოლმე მისგან, მაგრამ თამასა იმხელა სიმაღლეზე ასწია, ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართება მისი კარიერა მეტად რთულ სერია A-ში. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სკუადრა აძურაში" არიგო საკი თვით რობერტო ბაჯოს არ ათამაშებდა. არ ვიცით, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი როგორ მიუდგება, რა ფუნქციებით დატვირთავს და როგორ ნდობას გამოუცხადებს, მაგრამ შეუძლებელია ასეთი ტალანტი არ გამოიყენოს. მით უმეტეს, იტალიურ პრესაში ლამის ყოველდღე ქვეყნდება მის შესახებ წერილები, რომ ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება. იმ ვაიგულშემატკივრისგან განსხვავებით, რომელმაც ხვიჩას სკამის ფორმის მიღება უწინასწარმეტყველა, ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად წარმატებას ვუსურვებთ - ხვიჩა, ჩენ გვჯერა შენი, შენ ეს შეგიძლია, შენ ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 90 /
ოდალ, მარტო ახლა კი არა, საერთოდ რუსეთის მომხრე ხარ ყველაფერში. ასეთი მოწოდებით ხარ, თუ ამაში ხელფასს იღებ?
სანდრო
23 ივნისი 2022 18:33
2
არასდროს არ ვუყურებდი საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს და ამ პატარა ბიჭის გამო სტადიონზე დავდიოდი ყველა თამაშზე.ხვიჩა ჩვენი იმედი ხარ და ღმერთი გფარავდეს. შენ თამაშს რამდენჯერმე ვუყურებ ყოველ დღე და რაღაცნაირად გული მითბება. გაიხარე ჩემო საამაყო ქართველო.
gio
24 ივნისი 2022 10:58
1
ზუსტად მეც მხოლოდ მის გამო დავდიოდი
საერთოდ არ მიტყდება ამის თქმა. ზოგი ბრაზდებოდა, როცა ვიძახდით მის გამო უფრო მეტი ხალხი დადისთქო...
Winter
24 ივნისი 2022 11:16
1
სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ (66 წლის ვარ). ჩვენი ლეგენდარული "დინამოს", რომელიც ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო მაშინდელ საბჭოთა კავშირში, ბევრი დიდებული და სამწუხაროდ უსახურად ჩატარებული თამაშიც მინახავს. გაოცებული და გაბრაზებული ხშირად დავრჩენილვარ ჩემს მრავალ თანამემამულესთან ერთად იმის გამო, რომ ჩვენმა გუნდმა ვერ მოუგო "ზარიას", "კარპატს", "ზენიტს", ხოლო ბუდაპეშტის მტკ-სთან ჩემს ოქროს დაბადების დღეს სულაც 1:4 წააგო თბილისში. მაგრამ გუნდი იყო, თამაშობდა და იმედი ცოცხლობდა, რომ ეს გუნდი თავის სათქმელს იტყოდა და თქვა კიდევაც ომახიანად. თანაც ერთხელ კი არა-წლების მანძილზე. ახლა მართლაც გაოცებული ვარ იმით, რომ გულშემატკივრების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა ჩვენი ნაკრების ფრე ბულგარეთთან მატჩში. არადა განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა: ჩვენმა ნაკრებმა ვერ მოუგო გუნდს, რომლისთვისაც იმ თამაშში მთავარი არწაგება იყო.ჩვენ, ქართველები, მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ ყველა თამაშს ტოპგუნდებიც ვერ იგებენ. დავინახოთ მთავარი: გვყავს ნაკრები, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც ერთი სიამოვნებაა, რომელმაც ტრაბახა მაკედონიელებს სამი განსხვავებული კლასიკური გოლი გაუტანა სკოპიეში (სხვა უამრავ დადებით მომენტს არ შევეხები), რომელმაც იმედი გაგვიჩინა და რაც მთავარია, გვყავს ვარსკვლავი, რომელიც სერია ა-შიც დონეზე იქნება და საერთოდ საფეხბურთო სამყაროშიც. დაველოდოთ სექტემბერს და მეც თქვენთან ერთად გავიხარებ.
ბიძინა კუკულაძე
24 ივნისი 2022 02:15
1
წარმატებები საქართველოს და ქართველებს ყველგან!!!სამწუხაროა,რომ ვისაც რა უნდა იმას წერს,ბოღმიანებისა და ბოროტების მეტი რაა,მაგრამ ერთ აზრს გამოვთქვავ-პოლიტიკაში ასეა,ნაცები საქართველოს ფეხის დაცდენას ელოდებიან ყველგან და ყველაფერში,მათი სტრატეგიაა დაიკავეს ქვეყანა და მღვრიე წყალში ოქროს თევზი დაიჭირონ!სამწუხაროდ ხელისუფლებაც ხელს უწყობს!თუ ნაცები გაქრებიან ქოცები აღარ დაგვჭირდება!
ლუკა
23 ივნისი 2022 23:59
5
მე მაქვს ჩემი არგუმენტები რატომაც ვთვლი ხვიჩას მაღალი დონის ფეხბურთელად. ჯერ კიდე 19 წლის ასაკში ლიდერად მოევლინა ჩვენს ნაკრებს, მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ ძალიან მაგრად ითამაშა, ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთს, მაკედონიას, ბულგარეთს გაუტანა, კაი გიბრალტარი არ ჩავთვალოთ, ეგ ჰქონდათ მაშინ თავზე წამოდებილი, გიბრალტარს თუ გაუტანა დიდი ამბავიო.
ასე რომ იმდენად მაღალი დონის გუნდებთან აქვს თანასწორად და ბევრად უკეთესად ნათამაშები, მაქვს იმის საბაბი, რომ ვთვლიდე მაღალი დონის ფეხბურთელად. არის კიდეც ასეთი, უბრალოდ რამდენად უკეთ გამოავლენს მომავალში ამას ყველა ერთად დავინახავთ.
ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია და ერთმა დეტალმა შეიძლება გადაწყვიტოს კარიერა კარგის ან ცუდის მხრივ.
მაინტერესებს ვინც თვლის, რომ არ არის იმ დონის და თან ღლიცინებს სკამის ფორმას მიიღებსო დაასახელოს არგუმენტები, რათქმაუნდა ყველას აქვს უფლება არ თვლიდეს ვინმეს კარგ მოთამაშედ, მაგრამ დისკუსიაში შემოვიდეს, განიხილოს რატომ არ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და ასე შემდეგ.
უბრალოდ შენი ხუშტური თუ არის რომ სკამზე იყოს და არ გინდა ითამაშოს რადგან უბრალოდ ვერ იტან ეგეც თქვი და გასაგები გახდება შენი პრობლემები :))

Winter
23 ივნისი 2022 23:06
1
ყოჩაღ ავტორ-ბატონო. უნდა აეწვათ ვიღაცებს, ზუსტადაც. აჯობებს საჯაროდ ვამხილოთ ეგეთები, ხალხი უნდა იცნობდეს მოღალატეებს.
გულშემატკივარი
23 ივნისი 2022 20:15
1
ხვიჩა კარგი ადამიანია, ის იმაზე მეტს გაუკეთებს საქართველოს ვიდრე ერთად აღებული ის ვაი პოლიტიკოსები და ვაიგულშემატკივრები, ვინც მას აკრიტიკებდა რუბინში თამაშის გამო. ხვიჩამ ათიათასობით გულშემატკივარი შემოაბრუნა ფეხბურთისკენ, ბავშვებს სტიმული და მოტივაცია მისცა ფეხბურთი სცადონ ბედი, ყურებადი გახადა და გააცნო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ევროპულ საფეხბურთო სამყაროს. ხვიჩა ბევრს გამოახედებს საქართველოსკენ.

P.S ნაპოლი ძალიან მაგარია, არც ის დრო არის შორს, რომ რეალში ან ბარსელონაში ითამაშებს. წარმატებები ხვიჩა!!!
სიმართლე
23 ივნისი 2022 21:48
0
ძალიან, ძალიან კარგი წერილია

აბა შენ იცი ხვიჩა, წარმატებები
ავტორს
23 ივნისი 2022 18:13
1
რატომ წერთ ასეთ სტატიებს. ხვიჩა ფეხბურთის მოყვარულთა აბსოლუტურ უმრავლესობას უყვარს და იმედი აქვს.მხოლოდ მგონია გადაჭარბებული ქება-დიდება არც ერთ ფეხბურთელს არ წაადგა. ყენია, ჭანტურია, გიორგი არაბიძე. ყველა იმედისმომცემი იყო.მე მჯერა, რომ ხვიჩა დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
,დიმა
24 ივნისი 2022 11:13
1
წარმატებები ხვიჩას.... ტალანტი უფლისგან უკვე აქვს და თუ იშრომებს, რამდენიც საჭიროა, ცდუნებებს გაუძლებს იტალიაში, აუცილებლად ასახელებს გვარსაც და საქართველოსაც...
გიორგი-50
23 ივნისი 2022 19:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული