დებიუტანტი მეკარე ეროვნული ლიგიდან? - ნაკრების გაძლიერების რესურსი სანიოლისთვის

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში ბოლომდე არიან ჩართულნი და "ნაპოლის" თითოეულ მატჩს დიდი მოლოდინით ელიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანაკრებო შეხვედრები კარს მოგვადგა. ვილი სანიოლი მალე "ჯვაროსნების" შემადგენლობას დაასახელებს.

საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" C დივიზიონის ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს და ერთი ლიგით (B) დაწინაურებასთან ძალიან ახლოსაა. 23 სექტემბერს ჩრდ. მაკედონიას უნდა ვუმასპინძლოთ, რომელიც პირველობაში გვეცილება და ჩვენზე 3 ქულით ნაკლები აქვს, სამი დღის შემდეგ კი ჯგუფურ ეტაპს გიბრალტარში დავასრულებთ. ვილი სანიოლის გუნდი გასვლით შეხვედრებში უფრო დამაჯერებელი და წარმატებული იყო,
ჩრდილომაკედონიელებსაც სტუმრად დიდი ანგარიშით (3:0) ვძლიეთ და მათი დამარცხების იმედი ახლაც გვაქვს. მით უმეტეს, თბილისში მათი უკანასკნელი სტუმრობა მწარედ გვახსოვს, როცა მეტოქემ ევროპის ჩემპიონატის საგზური გაიფორმა. მოგეხსენებათ, ჯგუფების საუკეთესოები ევროფურიმისკენ გზას ახლაც აგრძელებენ.

Sportall.Ge

ვილი სანიოლს ნაკრების ძირითადი ბირთვი გამოკვეთილი ჰყავს და განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველით, თუმცა არსებობს პოზიციები, სადაც უფრო დიდი კონკურენცია და გარკვეული სიახლეები საჭიროა. თანაც, შესაძლოა, ამის დრო ახლა უფრო მეტად იყოს, ვიდრე მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ანაც "ერთა ლიგის" პლეი-ოფი იქნება გასამართი.

ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ახალი ფეხბურთელი მინდვრის ცენტრში სჭირდება. ფრანგმა დამრიგებელმა შანსი თბილისის "დინამოს" შუახაზელ ანზორ მექვაბიშვილს მისცა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო თამამი და აქტიური გახდა - გამამწვავებელ პასებს უფრო ხშირად აკეთებდა, ვიდრე სანაკრებო შანსის დასაწყისში. მოსალოდნელია, რომ სანიოლმა ამ რგოლში კონკურენცია უფრო გაზარდოს.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ლუკა გაგნიძემ მინიჭებული უფლება ვერ გამოიყენა და მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გრძელვადიანად არ შეაჩერა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვაკო გვილიას "რაკუვში" მას ბევრი შანსი არ ჰქონია. რუსეთის პრემიერლიგა ახლა ლეგიონერებისგან დაცლილია და მათ ევროტურნირებზე გასვლის პერსპექტივაც არ აქვთ. ლუკა გაგნიძე მოსკოველთა გუნდში ნამდვილად შესამჩნევია. 19 წლის ფეხბურთელი თავის თაობაში გამორჩეულია, აზრიან და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. რამდენად მიიღებს ის სანაკრებო შანსს ახლა, რთული სათქმელია.

თუკი ისევ ეროვნულ ლიგაზე ვისაუბრებთ, თბილისის "დინამოს" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა, თამაშის დალაგებაც ეხერხება და გოლებიც გააქვს.

ჩვენს ეროვნულ ნაკრებს შეტევაში თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს. ფორვარდები - ბუდუ ზივზივაძე და გიორგი მიქაუტაძე, კარგ ფორმაში არიან, ხვიჩა კვარაცხელია ხომ მშვენივრად გამოიყურება და მიუხედავად იმისა, ზურიკო დავითაშვილის "ბორდოში"
დებიუტი გაიწელა, მისი გვეიმედება. გიორგი ჩაკვეტაძე ოპტიმალური ფორმისკენ მიდის. ამის მიუხედავად, "ახალი სისხლი" მაინც საჭიროა. მაგალითად, თორნიკე ოქრიაშვილი ახლა უკლუბოდაა, ვაკო ყაზაიშვილს კი ხანგრძლივი მგზავრობა ხელს საკმაოდ უშლის, განსაკუთრებით, ნაკრების სასტარტო შეხვედრაში. კარგია ისაა, რომ საბერძნეთში ლევან შენგელია ფორმაში შედის.

Sportall.Ge

ქუთაისის "ტორპედოს", კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ გუნდში ერთ-ერთი მთავარი შემტევი ძალა გიორგი არაბიძეა. 24 წლის ფეხბურთელმა ბოლოს "გაგრას" ულამაზესი გოლი გაუტანა, პერიოდულად კი იმ გიორგის გვახსენებს, მინდორზე ძალიან დასამახსოვრებელი რომ იყო და ნაკრების მაისურითაც გაუტანია. ის რთულ ფეხბურთელად მიიჩნევა, თუმცა სანიოლი კომუნიკაციით გამორჩეულია და თუკი არაბიძეს სანაკრებო შანსი ისევ მიეცემა, იქნებ ეს ამ ფეხბურთელის მეორედ დაბრუნებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი გახდეს. გვახსოვს 17 წლის არაბიძე, რომელიც დონეცკის "შახტარში" ჩაირიცხა, თუმცა მისი კარიერა შემდეგ სათანადოდ ვერ განვითარდა.

გასაგებია, ევროტურნირებზე ფიასკოს შემდეგ ეროვნული ლიგიდან ნაკრებში ამდენი ფეხბურთელის შესაძლო გამოძახება ზოგიერთისთვის იქნებ მიუღებელი იყოს, თუმცა ჩვენ დასაკარგი რესურსი არ გვაქვს და ვერც მხოლოდ ლეგიონერების იმედად ვიქნებით. ეს ნაკრების დამრიგებელსაც კარგად ესმის და მატჩებსაც ესწრება. ვილი სანიოლმა მარცხენა ფლანგზე სათანადო კონკურენცია შექმნა (წიტაიშვილი, აზაროვი, გიორბელიძე), მარჯვნივ კი საბა ლობჟანიძეს პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს (კაკაბაძე უფრო მცველია).

Sportall.Ge

თუკი ნაკრების ფრანგი მწვრთნელი მარჯვნივ ახალი ფეხბურთელის გამოყენებაზე იფიქრებს, ასეთი შესაძლოა "საბურთალოელი" გიორგი გოჩოლეიშვილი იყოს. ის თბილისურ კლუბთან ერთად კონფერენს ლიგაზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ეს სვლა შიდა ჩემპიონატში განაგრძო. რთული სათქმელია, 21 წლის ფლანგელს რამდენად ჰქონდა უცხოური შეთავაზებები, თუმცა ფაქტია, ის ისევ თბილისურ კლუბში აგრძელებს.

"ჯვაროსნების" რიგებში მე-3 მეკარის პოზიციაზე ახალ სახეს ნამდვილად ველით. ეს სტატუსი ლაზარე კუპატაძეს ჰქონდა, რომელიც ახლა უკლუბოდაა. ლუკა გუგეშაშვილს "ყარაბაღში" აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშის უფლება, ძირითადად, ეძლევა, ევროტურნირებზე კი სათადარიგოა.

Sportall.Ge

თუკი აქაც იმას დავუშვებთ, რომ ლორიასა და მამარდაშვილის გარდა, მეკარე ეროვნული ლიგიდან მიიწვიონ, მაშინ რა ვარიანტები არსებობს? სამწუხაროდ, თბილისის "დინამოელ" დავით კერესელიძეს ოპერაცია დასჭირდა. ვეტერანი "ჯვაროსნის", ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე როინ კვასხვაძის გამოძახება მაინც ნაკლებად გვგონია. დიდი შანსია, სიაში დებიუტანტი, წყალტუბოს "სამგურალის" კარის დარაჯი ლევან შოვნაძე იყოს. 24 წლის მეკარეს ეროვნულ ლიგაში 10 "მშრალი" მატჩი აქვს, რაც სერიოზული მაჩვენებელია, მისი გუნდი კი ლიდერთა შორისაა. რა თქმა უნდა, არც "საბურთალოელი" თორნიკე მეგრელიშვილი გვავიწყდება.

დაველოდოთ, რას გადაწყვეტს ვილი სანიოლი. სავარაუდოდ, მან შემადგენლობა მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დაასახელოს.

altსანიოლი ეროვნულ ლიგას დაესწრება

altსანიოლი მალე დაასახელებს - რა სიახლეებს ველით შემადგენლობაში

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის გზაზე - ყველაფერი "ერთა ლიგაზე"

მკითხველის კომენტარები / 43 /
ქვილითაიას ერა დასრულდა ნაკრებში.არადა რა კრიშა ყავდა სლოვაკ მწვრთნელის დროს,გამოვიდოდა,იძუნძულებდა და იმატებდა ნაკრებში თამაშის რაოდენობა,თუ თამაში ეთქმოდა მის თამაშს რა თქმა უნდა.ყოჩაღ სანიოლს,თავის რეპუტაციას უფრთხილდება და სლოვაკივით ფეხებზე არ კიდია.წინ ბიჭებო კიდევ მრავალი გამარჯვებებისთვის.
გულშემატკივარი
16:43 13-09-2022
0
კუპატაძე საერთოდ დაკარგეს...
ლაშა
10:15 13-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული