2020 წლის 12 ნოემბრის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის გაგონებაზე ის საშინელი დღე გვახსენდება, როდესაც საქართველომ ხელიდან გაუშვა ოცნების ასრულება და ნაკრების დიდ ტურნირზე გასვლა... თუმცა იმ დღის შემდეგ ბევრი რაღაც შეიცვალა, ახალი თაობა, ვილი სანიოლის ეფექტი და მოედანზე დაბრუნებული ქართველი გულშემატკივარი...
ალბათ, ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ემოციების შეკავება ყველას უჭირს, ჩვენს "დინამო არენაზე" მაკედონიელების მინიმალური სხვაობით მოგების შემდეგ გამარჯვების ყიჟინა და უცბად კადრი ვლადიმირ ვაისსა და ქართველ ფეხბურთელებზე გადადის... მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი შეიცვალა. ივნისში ქართველებმა სკოპიეში 3-გოლიანი უპირატესობით გაიმარჯვეს, რთული ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერებიც არიან და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილსაც მე-5 ტურშივე გავიფორმებთ, თანაც რა სიმბოლურია, რომ ეს მაკედონიის წინააღმდეგ მოხდება...
უკვე ყველამ იცის, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები არასრულ 1 დღეში გაიყიდა. დამსწრე საზოგადოება სტუმრებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობას აპირებს, ამას კი ხელს ჩვენი, ქართველი ფეხბურთელების კარგი სათამაშო ფორმა და დიდი წარმატებები უმაგრებს. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო კარიერა ნაზი, სიმფონიური მუსიკასავით მიმდინარეობს. ნეაპოლში ჩასული ბიჭი ეროვნულ ნაკრებში სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი ჩამოვიდა; მამარდაშვილი ლა ლიგაში დაფრინავს და ტურის საუკეთესო სეივებს გვთავაზობს; მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის ფეხბურთელებს ქართულ ძალას აჩვენებენ; ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძე თავისთან წაიყვანა და სათამაშო პრაქტიკა მისცა, "ჩაკვე" კი ნელ-ნელა მისთვის შესაფერის კონდიციებს უბრუნდება, რაც ძალიან გვახარებს.
წინასამატჩო ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, რომ ნაკრებში იდეალური განწყობაა, ფეხბურთელები ერთმანეთის ნახვას მთელი გულით ელიან, სულ იღიმიან და მზად არიან თავი დადონ. ლიდერი? ხვიჩა კვარაცხელია ინტერვიუს მსვლელობისას პირდაპირ ამბობს, რომ ჯერ გუნდის წარმატებაა და შემდეგ პირადი. რაღა უნდა ითქვას მეტი? უამრავ ადამიანს საქართველოს თამაშის ხილვა აინტერესებს. საიმედო მეკარე, ძლიერი დაცვის ხაზი, ნახევარდაცვა, ჯაჭვის სიმტკიცისა და ფეხში მაგიური შესაძლებლობის მქონე შემტევები, რამდენი ხანი ველოდით ასეთ ნაკრებს...
რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ გამოცემას ეწერა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სულ მალე ვიხილავთ, იქ კი, დამერწმუნეთ, რომ თავს არ შევირცხვენთ. ეს ნაკრები სულ სხვაა. ადრე სუბიექტური შეხედულებები გვქონდა, ჯგუფური ეტაპის დაწყების წინ ვითვლიდით ქულებს და საკუთარ თავს ვეუბნებოდით, რომ საქართველო ამჯერად ბარიერს გადალახავდა, თუმცა იმედგაცრუებულები ვხდებოდით. დღეს? პირდაპირ ვთქვათ, რომ ერთა ლიგის კენჭისყრაში არ გაგვიმართლა, გიბრალტარს თუ არ ჩავთვლით, ჩვენთვის უხერხული მეტოქე ბულგარეთი და იტალიის მძლეველი ჩრდილომაკედონიელები მოხვდნენ. ობიექტურად, რომ შეგვეხედა, ყველაფერი არც ისე მარტივი იყო, თუმცა ვილი სანიოლისა და ფედერაციის სწორი მუშაობის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, "დინამო არენაზე" გიბრალტართან 4:0 გამარჯვების შემდეგ ჯერ სოფიაში მოვიგეთ 5:2, შემდეგ კი სკოპიეში 3:0. მომენტებში წარმოუდგენელიც კი იყო იმაზე ფიქრი... შემდეგ კი ბულგარეთის ნაკრებს თბილისში 0:0 ვეთამაშეთ. მიუხედავად კოლოსალური უპირატესობისა, ქართველების მიერ კარში დარტყმული ბურთი მოწინააღმდეგის კარის ბადეს ვერ არხევდა... თუმცა ვინ ჩივის? ვინმეს რომ ეკითხა 4 ტურის შემდეგ ამ ქვეჯგუფში ქართველებს 10 ქულა და 2 მატჩი გექნებათ აღებულიო, ხელს ალბათ ყველანი მოვაწერდით...
კი, დღეს ის დღეა, როცა მცირედით, მაგრამ მაკედონიელებზე რევანშის აღება შეგვიძლია. თუ სტუმრები ვერ მოიგებენ, ევროსარბიელზე ერთა ლიგიდან გასვლის შანსი აღარ რჩებათ, "დინამოზე" დამსწრე საზოგადოება კი ფეხბურთელებს გულშემატკივრობას არ მოაკლებს.
ფედერაციის შექმნილ ჰიმნ "მე ვარ საქართველოში" ისმის შემდეგი სიტყვები:
"მე ვარ საქართველო, მე ვარ ვენახი
ჩქარა დროშები და ერთობისთვის გეძახი".
დღეს მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და გულმხურვალედ დაუჭიროს მხარი ქართველ ფეხბურთელებს, რადგან მორიგი გამარჯვება მორიგ წინგადადგმულ ნაბიჯს უდრის.
მე ვარ საქართველო, ზღაპრის ბოლო კეთილია...
ვიდეოები აღებულია: xokiegvar-ისა და g_edit_99-ის "ტიკტოკგვერდებიდან", "მე ვარ საქართველო" - ნაკრების "იუთუბარხიდან"