საქართველოს ნაკრები - დაწინაურება ორი ლიგით და პრეტენზიები თამაშის ხარისხზე

AutoSharing Option
ახლადშექმნილი ტურნირი, "ერთა ლიგა", ყველაზე ბოლო დივიზიონში დავიწყეთ და უკვე ორი ლიგით წინ ვართ. მართალია, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა და ამის არდანახვა შეუძლებელია...

Sportall.Ge

ადრეც დავწერეთ, რომ გარკვეული პრაგმატიზმის გარეშე, მნიშვნელოვან მატჩებში წარმატება რთული იქნება. ჩრდ. მაკედონიასთან (2:0) მოვიგეთ შეხვედრა, სადაც მთელ რიგ ეპიზოდებში კარგად ვერ გამოვიყურებოდით, თუმცა ასეთი რამ გრანდების შესრულებითაც არაერთხელ გვინახავს - თუკი გუნდური ელემენტები არ მუშაობს, გადამწყვეტი ინდივიდუალური მოქმედებები ხდება. ის, რომ შედეგის (10-მატჩიანი წაუგებელი სერია) პარალელურად, პრეტენზიები თამაშის ხარისხზეც გვაქვს,
ეს უკვე სასიხარულოა.

მთავარ პრობლემაზე...

საქართველოს ნაკრები მაინც გარკვეულწილად, შებოჭილია ისეთ შეხვედრებში, სადაც ინიციატივის აღება და შეტევა გვჭირდება. ბოლო მატჩიც ჩანდა, რომ გოლის გატანა ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარებოდა. გარდა ამისა, სანიოლის ნაკრებისთვის სივრცეების ათვისება მნიშვნელოვანია და მისი გუნდიც ელოდება მომენტს, როცა მეტოქე უფრო ზემოთ ამოიწევს და შეტევაში ჩაერთვება. ეს პრობლემა ჩვენზე მაღალი დონისა და კლასის გუნდებსაც აწუხებთ - როცა მოწინააღმდეგე მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ხიფათის შემქმნა გაძნელებულია.

Sportall.Ge

თუკი ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში სასურველ მეტოქეებზე ვსაუბრობთ, ასეთად ყველაზე მეტად ყაზახეთთან თბილისში შეხვედრის ჩატარება წარმოგვიდგენია, რომელთანაც ხსენებულმა პრობლემამ შესაძლოა, თავი ისევ იჩინოს, მანამდე კი შესარჩევი ეტაპია, სადაც თბილისში პირველ ნომრად თამაში დაახლოებით ჩვენი კალიბრის გუნდებთან თამამად უნდა შევძლოთ. ამისთვის ნახევარდაცვაში ინიციატივის მეტად აღება და შემოქმედებითი მოქმედებებია საჭირო.

ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ მეტოქემ განსხვავებული ტაქტიკა შესთავაზა და მის ნაკრებს ამისთვის ალღოს ასაღებად გარკვეული დრო მოუნდა. ფრანგ მთავარ მწვრთნელსაც მეტი მცდელობა დასჭირდება, რათა გუნდი ყველა სიტუაციისთვის ბოლომდე მზად იყოს. კარგია, როცა ფლანგებზე ამხელა უპირატესობას მოპოვება შეგიძლია, თუმცა სხვა რეალობასთან შეჭიდებაც უნდა მოვახერხოთ.

სათამაშო პრაქტიკისა და მაღალი დონის ლიგის როლი

საქართველოს ნაკრებში ახლა გამოძახებულ ფეხბურთელთა უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ აქვთ, ასეთს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში ვაწყდებით და ეს მათ გამოსვლას გარკვეულწილად, მაინც დაეტყო. ამიტომ მნიშვნელოვანია, კლუბებში ყველა მაქსიმალურად დაიტვირთოს. გარდა ამისა, მაღალი დონის ლიგაში და მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება მოთამაშის კლასისთვის მალევე შესამჩნევი ხდება.

Sportall.Ge

გიორგი წიტაიშვილი თამაში დაცვით ფაზაში ქებას იმსახურებდა, თუმცა ის, რის გამოც, მისი გამოსვლა ახალ პოზიციაზე მოგვწონს, ახლა ნაკლებად გამოავლინა - ბურთის მოწინააღმდეგის ნახევარზე სწრაფად გადატანა, შეტევაში ჩართვა და ზონების გახსნა, კარგი ჩაწოდება. ის სწრაფია და როცა ჩვენი ფეხბურთელები ბურთს მოიპოვებენ, იერიშებზე მიყოლა მეტად შეუძლია. პირველი გოლის დროს, ლოგიკურად, გიორგი აბურჯანიას შეტევა მარცხნივ უნდა გაეგრძელებინა, თუმცა წიტაიშვილმა შეტევაში ჩართვა დააგვიანა, "აბუმ" კარში დაარტყა და მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ, ეს ეპიზოდი გოლით დასრულდა, თუმცა ხაზს იმას ვუსვამთ, რომ "ლეხში" მცირე სათამაშო პრაქტიკამ ჩვენს ფეხბურთელზე კვალი მაინც დაატყო. დამაჯერებლად ვერ ირაკლი აზაროვი შემოვიდა, რომელმაც ახალ გუნდში მისვლისთანავე ტრავმა მიიღო და ჯერ სათანადოთ ვერ თამაშობს.

მატჩის წინაც ვწერდით, რომ პრაქტიკის თვალსაზრისით, ამ პოზიციაზე გურამ გიორბელიძის ხილვა იყო მოსალოდნელი და მას შანსი ალბათ, გიბრალტარში მიეცემა, კიდეც.

Sportall.Ge

რაც შეეხება მეორე საკითხს, ლუკა ლოჩოშვილი შეხვედაში ცვლილებიდან ჩაერთო. მას სერია "ა"-ში ბოლო ტურები კარგი არ ჰქონდა, მაგრამ მის თამაშში კლასის ამაღლება და თამაშის წაკითხვის უნარი კარგად გამოჩნდა, ორჯერ სახიფათო იერიში დაბლოკა.

ასე რომ, ტოპლიგებში კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი გვჭირდება. რადგანაც პრაქტიკაზე ვსაუბრობთ, ის, რომ ზურიკო დავითაშვილი მეორე ტაიმში ნაკლებად აქტიური იყო, სწორედ იმას უნდა დავაბრალოთ, ბოლო დროს მაინც ბევრი რომ გაუცდა (ობიექტური მიზეზით) და "ბორდოში" პირველი მატჩი ახლაღა ჩაატარა (გაიტანა კიდეც). მას ლიდერობისთვის ყველა მონაცემი აქვს.

რის ხარჯზე?

განვლილ თამაშს თუ მარტივად განვიხილავთ, გამარჯვებას მხოლოდ ინდივიდუალურ მოქმედებებს მივაწერთ, მაგრამ ყველაფერი დეტალურად რომ გავაანალიზოთ, ჩვენმა ნაკრებმა შუა ხაზში სტუმართა არაერთი გადაცემა ჩაჭრა, მეტოქეს ბურთი აართვა და გოლები ასე შექმნა. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც წარმატებისთვის ძალიან საჭირო იყო.

Sportall.Ge

სულ ვწერთ, რომ გუნდი ერთ ფეხბურთელს ზედმეტად არ უნდა ჩამოეკიდოს, მაგრამ ლიდერის ძალა კიდევ ერთხელ დავინახეთ. მაშინ, როცა მეტოქემ თავისი თამაში თავიდანვე თავს მოგვახვია და თითქოს, არაფერი გამოგვდიოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი გოლი შექმნა - კუთხური ძალიან ჭკვიანურად გაითამაშა და სანამ მეტოქეები მასზე გადაეწყობოდნენ (რატომღაც, პირდაპირ ჩაწოდებას ელოდნენ, თანაც ხვიჩამ მაგ პერიოდში ფლანგი შეიცვალა), სივრცე შეიქმნა და საჯარიმოში ისეთი ბურთი შეატარა, რომელსაც ვიღაც აუცილებლად შეეხებოდა და ასეც მოხდა (მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა).

ბუდუ ზივზივაძის თამაში კი უბრალოდ, აღფრთოვანებას იმსახურებს. ჩვენი უპირატესობა მყარი ისევ არ იყო, როცა მან "კვარას" გოლი შეუქმნა. მსგავსი შეხვედრების ბედს ასეთი ინდივიდუალიზმი წყვეტს. "ნაპოლელ" ელიფ ელმასს ცდა არ დაუკლია, თუმცა ის საკმარისი არ გამოდგა, მის გუნდი კი ერთიანობაში, ჩვენი კალიბრის არ აღმოჩნდა. არადა, მათ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა იტალიის ნაკრები დატოვეს და სტუმრად გერმანიაც კი დაამარცხეს.

Sportall.Ge

ახალი ერა?

ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ ჩვენი ნაკრების გამოცდილ წევრებს, გურამ კაშიასა (99-ე მატჩი) და საბა კვირკველიას, სხვების ცალკე გამოყოფა შეიძლება, თუმცა ეს მატჩი გიორგი მამარდაშვილის და იქნებ, საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ერის დასაწყისად იქცეს. "ვალენსიას" მეკარე, რომელმაც ნაკრების რიგებში საშინაო მატჩი პირველად ჩაატარა, ძალიან დამაჯერებელი იყო და 4 შეხვედრიდან მე-3 "მშრალი" თამაში ჰქონდა. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა გიორგი ლორიას გამოცდილებასა და დამსახურებას, თუმცა "მამარდამ" პირველი მეკარის სტატუსისკენ უკვე საბოლოო და დიდი ნაბიჯი გადადგა...

მოდუნების დრო არ გვაქვს - გიბრალტარშიც უნდა გავიმარჯვოთ, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მაქსიმალურად მაღალი ადგილით უნდა შევიდეთ, მანამდე კი შანსი შესარჩევი ეტაპიდანაც უნდა მივიღოთ, რომლის კენჭისყრაც მალე, 9 ოქტომბერს შედგება.

altსაქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიას სძლია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altსანიოლი: დღეს უნდა ვიზეიმოთ - მეტოქემ შეიძლება გარკვეულ ასპექტებში გვაჯობა

მკითხველის კომენტარები / 32 /
ან მოედნის საფარს მიხედეთ "დინამო"-ზე, ან საშინაო თამაშები ბათუმში უნდა ვითამაშოთ.
margal
11:30 25-09-2022
0
ადრე სულ ასე ვიძახდით, კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო.
სჯობს ცუდად ვითამაშოთ და მოვიგოთ.
buba
08:38 25-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული