ვეცდები ჩემი მოკრძალებული, სუბიექტური მოსაზრება ყოველგვარი "გადაპრანჭული" ფრაზების“ გარეშე, მარტივად გადმოგცეთ. ფრანგ სპეციალისტს კი არ გაუმართლა, არამედ შეიძლება ითქვას, ორმაგი ჯეკპოტი მოუვიდა: ფეხბურთელთა კარგი ახალგაზრდა თაობა, ფედერაციის მაქსიმალური
პრობლემები კი მართლაც არსებობს. სანიოლი გუნდს დაცვითი სისტემით ათამაშებს, ფაქტიურად ხუთი მცველით და ორი საყრდენით. ეს ორი საყრდენიც უფრო ჩამშლელია და ნაკლებად შემტევი. აქედან გამომდინარე, წინ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სამი ფეხბურთელი გვყავს - მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავითაშვილი, კვარაცხელია და ზივზივაძე. მეტოქის კარზე იერიშის მიტანისას ტაქტიკა გარკვეულწილად ტრანსფორმირდება, მაგრამ უკანახაზელების დახმარება ეფექტური არ არის. სტრატეგიაა მომლოდინე, მოწინააღმდეგის დაღლაზე, გათანგვაზე და შეცდომის დაშვებაზე აგებული, რაც ამართლებს. ჯერჯერობით ამართლებს. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში გადავიდა, იქაც და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც უკვე სულ სხვა კლასის მეტოქეები ეყოლება და ამან შეიძლება ყოველთვის აღარ იმუშაოს.
რატომ ირჩევს სანიოლი დაცვით ვარიანტს? გამოდის იმ შესაძლებლობიდან, რაც გააჩნია და ვერც მოედავები. ასეთი ფეხბურთი ხშირ შემთხვევაში მთლად ლამაზი სანახავი ვერაა, თუმცა პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებულია - თვალსასეიროდ თამაშსა და წაგებას, ბუნებრივია ასეთი მოგებები სჯობს. არ გვყავს სწრაფი ცენტრალური მცველები, ამიტომ იძულებულია სამი ცენტრბეკი დააყენოს. შედეგად, წინ ერთი შემტევი გვაკლდება. სისტემას აქვს პლუსიც - მოწინააღმდეგე ჩვენს საჯარიმოში შეღწევას ვერ ახერხებს, გოლის გატანას შორიდან ცდილობს და როდესაც გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე გყავს, ეს თითქმის შეუძლებელია. ის კარგად არჩევს პოზიციას, შესანიშნავი ნახტომი აქვს და სიმაღლის გათვალისწინებით, მისთვის საჯარიმოს გარედან გოლის გატანა ძალიან, ძალიან ძნელია.
არ გვყვავს "დირიჟორი", ფლეიმეიკერი, რომელიც მოედნის ცენტრში ბურთს დაიჭერს, ტემპს დაარეგულირებს, პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, პასებს დაარიგებს და თამაშს წარმართავს. ეს სერიოზული ხარვეზია. მოედნის ცენტრში რაღაც უზარმაზარი ვაკუუმია, ამიტომ შეტევები მხოლოდ ფლანგებიდან ხორციელდება და ვიზავის საქმე უიოლდება, ვინაიდან მთელი ყურადღება ფლანგების განეიტრალებაზე აქვს გადატანილი. თუმცა, მეტოქე ბოლოს და ბოლოს იღლება, შეცდომების დაშვებას იწყებს და ჩვენი დიდებული შემტევი ტრიო ამით უმალ სარგებლობს. ზურიკო დავითაშვილი დიდ სამუშაოს ასრულებს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია, ბუდუ ზივზივაძე ბრწყინვალეა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია - უბრალოდ კლასი.
ალექსანდრე ჩივაძისა და დავით ყიფიანის შემდეგ ქართულ ფეხბურთს ასეთი ღრმა ინტელექტის მოთამაშე არ ჰყოლია. მან შეიძლება 90 წუთის განმავლობაში ბევრჯერ დაკარგოს ბურთი, შეცდომები დაუშვას (რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს), მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაც ისეთს მოიმოქმედებს, რომ "თამაშს გააკეთებს" და გამარჯვებას მოგაპოვებინებს. ამდენად, ხვიჩას ზედმეტად დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა მართებულად არ მიმაჩნია. შეიძლება ცოტა არაკორექტულია, მაგრამ ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ვიღაცამ ფორტეპიანო სცენაზე უნდა აიტანოს, ვიღაცამ კი დაუკრას. ორივე საჭიროა, რამეთუ თუ ფორტეპიანო სცენაზე არ აუტანეს, ის ნაწარმოების შესრულებას ვერ შეძლებს.
კვარაცხელიამ ძალები გადამწყვეტი საქმის საკეთებლად უნდა დაზოგოს. მოწინააღმდეგის იერიშისას მოედნის ცენტრშიც რომ დადგეს, ორი მეურვე მაინც სჭირდება, რომლებიც შეტევაში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებენ. „ნაპოლიში“ კი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მუდამ დაცვის დასახმარებლად უკან ჩასვლას ავალებს და სულ არიგო საკის ფორმაციის იტალიის ნაკრებში რობერტო ბაჯოს მაგალითი მახსენდება. ადამიანს აქვს ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი, მან არ შეიძლება ერთდროულად გოლები გაიტანოს, საგოლე გადაცემები აკეთოს, პენალტები მოიპოვოს, გამარჯვებები გაზეიმოს და თან უზარმაზარი შავი სამუშაოს შესრულება დაავალო - ბარემ კარშიც ჩააყენე და ეგ იქნება. ძალიან ბევრს სთხოვენ ამ 21 წლის ბიჭს, რომელიც თავმდაბალია, უდიდესი მომავალი აქვს და საფეხბურთო სამყაროს კიდევ ბევრჯერ გააოცებს.
საფეხბურთო სამყაროს კიდევ ბევრჯერ საქართველოს ნაკრებიც გააოცებს, ამის ყველა წინაპირობა არსებობს: პერსპექტიული ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ყველაფერი წინ აქვს, პროფესიონალი მწვრთნელი და აქედან გამომდინარე - ნათელი მომავალი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, მისი უმაღლესობა ქართული ფეხბურთი ბრუნდება და თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს საერთაშორისო ასპარეზზე. როგორც იქნა, ჩვენ დიდი გამარჯვებების მიჯნაზე ვიმყოფებით!
მიმომხილველი
სანიოლი ტაქტიკას ირჩევს იმ რესურსიდან გამომდინარე რაც ყავს.
ვაღიაროთ ნაკრებში გვყავს 2 მაღალი სტანდარტის მოათამაშე მამარდა და კვარა. დანარჩენის რა გითხრათ.
იმედია გარკვეული დროის მერე რამე შეიცვლება და სხვებიც გარკვეულ პროგრესს აჩვენებენ.