ჩენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა მაკედონიასთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ოთხი ცვლილება განახორციელა, მისმა შეგირდებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე შეუტიეს, რამდენიმე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა და „დაზარალებულმა“ თავად დაგვაწინაურა. საქართველოს ნაკრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარ მეტოქესთან შესვენებამდე ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხა, მასპინძლებს კი გატანა ლორიამ არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.
მეორე ტაიმი წიტაიშვილის ჩინებული დრიბლინგითა და გოლით დაიწყო. თამაშის სურათი არც ამის მერე არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები უტევდა, ხოლო გიბრალტარი კონტრიერიშებით გვპასუხობდა და ანესლიმ ანგარიში შეამცირა. ამას მოწინააღმდეგის მორიგი სახიფათო შეტევა მოჰყვა, როდესაც პენალტს ითხოვდნენ (ბურთი ხელზე კაკაბაძეს მოხვდა), თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ სწრაფი შეტევისას ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მის მიერ დარტყმული ბურთი ბანდამ მოიგერია და არცთუ დამაჯერებელი თამაშით არცთუ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.
საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფი პირველადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა და თუ ვის უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალის პლეი-ოფში, 27 სექტემბერს საბერძნეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.
ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები
საქართველო - 6 მატჩში 16 ქულა (ბურთების შეფარდება 16:3).
თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (18:5).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ისტორიაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით თავისი რეკორდი დაამყარა. გურამ კაშიამ „ჯვაროსნებში“ მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
გიბრალტარი. „ვიქტორია სთედიუმი“
გიბრალტარი - საქართველო 1:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (19), 0:2 წიტაიშვილი (49), 1:2 ანესლი (77)
გიბრალტარი: ბანდა, ლოპესი, ოლივერო, რ. ჩიპოლინა, ანესლი, ტორილია (მორგანი 84), უაისმანი (სერგენტი 73), რონანი (სტიჩი 63), უოკერი, ბრიტო (ჯ. ჩიპოლინა 84), კაშიარო
საქართველო: ლორია (მამარდაშვილი 46), კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ლობჟანიძე (ლოჩოშვილი 89), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, აზაროვი (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი, კვარაცხელია (ყაზაიშვილი 72), ზივზივაძე (მიქაუტაძე 60)
ხვიჩას გარეშე ძალიან უჭირს გუნდს!
დავითაშვილი თავის ეგოისტურ სტიქიაშია...
ვერაფერს სწავლობს...
არ შეიძლება გუნდში ვინმემ მიუთითოს???
მოგება მიხარია. უბრალოდ დამღლელია ამდენი ათწლეულების განმავლობაში იმედგაცრუებები. სწორად იმათ გამო, ვინც თავის შესაძლებლობებს რეალურად არ აფასებს.
სამწუხარო რეალობა.
თან რაც ყველაზე მდაბიო საქციელია, ფეხბურთელებს აგინებენ, ვინც მართლა ყველაფერი დადო მოედანზე და ბოლომდე იბრძოლა.
ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა გულშემატკივრის უმრავლესობა.
ხვიჩას ხარჯზე წარმოიდგინა ყველამ, რომ გვყავს ძალიან მაგარი ნაკრები, სინამდვილეში არ გვყავს ძალიან მაგარი ნაკრები, უბრალოდ რაც შეუძლიათ შრომობენ და ყველაფერს დებენ ბიჭები, ამის არ დაფასება და დაუნახაობა როგორ შეიძლება მე არ მესმის.
ხვიჩამ ყველა თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა, მისი დამსახურებაა ახლა სადაც ვართ და მოდი ნუ დავიწყებთ უაზროდ ღლიცინს და როცა დასაფასებელია დავაფასოთ ეგ ხალხი.
გვქონდა უკეთესი თამაშები, შვედეთთან მაგალითად, ასევე ბულგარეთთან 5:2, მაკედონიასთან გასვლა 3:0, სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაც შეგვიძლია, როცა ბოლომდე დაცვაში არ გვიდგას მეტოქე, იქნება ეს ყველაფერი აუცილებლად და კიდე უფრო გაძლიერდებიან ჩვენები.
ვინმე იფიქრებდით, რომ 16 ქულა გვექნებოდა და პირველი ადგილით დავასრულბდით? ახლა თურმე ხარისხი არ მოეწონა ვიღაცას. ეს დივანზე წამოწოლილი ექსპერტები ხო არ გამოილია მოკლედ.
მადლობა ბიჭებო და უდიდესი წარმატებები!
იცოდეთ, რომ ვართ ხალხი, ვინც შედეგის და ხარისხის მიუხედავად თქვენს გვერდით ვიქნებით. ასეთი ხალხისთვის მოინდომეთ უფრო მეტი და არა ჩასაფრებულებისთვის!