საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ შორეული მგზავრობა სხვადასხვა სირთულესთან იყო დაკავშირებული, თუმცა, თუკი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილესთან ძალების გამოცდა გვსურდა, სხვაგვარად არ გამოვიდოდა. ეგაა, კიდევ ერთ მეტოქესთან შეთანხმება იდეალური იქნებ(ოდ)ა. მომავალი მუნდიალის წარმომადგენლები მხოლოდ ერთ მატჩს ატარებენ, ჩვენი სტატუსის მქონე ნაკრებების უმრავლესობას კი ამ პერიოდში 2 დაპირისპირება აქვს.
როგორი მეტოქეა მაროკო?
მაროკოს ნაკრები საკმაოდ ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე ისინი ძლიერ ჯგუფში (პორტუგალიასთან და ესპანეთთან) მოხვდნენ, მაგრამ თავი არ შეურცხვენიათ.
მაროკოს ნაკრებში საინტერესო ფეხბურთელებია, რამდენიმე მათგანი კი ფართო გულშემატკივრებისთვისაა ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი ჰაკიმ ზიეჩია, ამჟამად ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი. მიმდინარე სეზონში ის ცოტას თამაშობს და ამხანაგური შეხვედრა ფორმაში შესასვლელად უნდა გამოიყენოს.
მუნირ ელ ჰადიდი ერთ დროს "ბარსელონას" ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა. მისი კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა, თუმცა 27 წლის შემტევისგან მუდმივად თამაშის გამწვავების მოლოდინი აქვთ.
დაცვის ხაზში გამორჩეულ ფეხბურთელებს ვაწყდებით, თუმცა საქმე უნივერსალურ მოთამაშეებთან გვაქვს. ასეთები "ბაიერნისა" და პსჟ-ის ფლანგელები, ნუსაინ მაზრაუი და აშრაფ ჰაკიმი არიან.
რა უნდა მოგვცეს შეხვედრამ?
მოწინააღმდეგეს თავისი ინტერესი აქვს: მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკლები ტრავმითა და სირთულეებით მივიდნენ, მოსამზადებლად მცირე დროში კი შეთამაშება მაქსიმალურად მოესწროს.
თუკი ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, ამ დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოსვლა მათთვის მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გამოვა. ჯგუფურ ეტაპზე მაროკოელთა მეტოქეები ბელგია, ხორვატია და კანადა იქნებიან.
საკადრო ამბები
არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო სანაკრებო მატჩებში არ იყვნენ, თუმცა ახლა შანსის მოლოდინში არიან. ერთ-ერთი ასეთი "ანკარაგიუჯუს" შემტევი გიორგი ბერიძეა. 25 წლის ფეხბურთელს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. ახალი მოთამაშეების გამოძახება ეროვნული ლიგიდანაც შესაძლებელია.
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მომავალი წლის მარტიდან ვიწყებთ, 1-ელ შეხვედრაში ნორვეგიას ვუმასპინძლებთ, მაროკოსთან ამხანაგური მატჩი კი ერთგვარი გენერალური რეპეტიცია გამოდის - მანამდე შეხვედრას ვერ გავმართავთ.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში ცნობილია
მოულოდნელი პრობლემა საქართველოს ნაკრებში - ვის გამოიძახებს სანიოლი?
ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ნოემბერში? - ექსპერიმენტების საშუალება სანიოლისთვის