საქართველოს ნაკრები "გაიჭედა" - რას შეცვლიან კვარაცხელია და სანიოლი გაზაფხულზე?

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაროკოსთან დაპირისპირების შედეგი იქნებ ადვილი გამოსაცნობიც კი იყო ჩვენს გუნდში არსებული საკადრო დეფიციტის გამო, თუმცა ანგარიში (0:3), თამაშის ხარისხი, სულისკვეთება თუ მოტივირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. რა თქმა უნდა, ამისთვის ობიექტური მიზეზებიც არსებობდა, თუმცა მხოლოდ მასზე აპელირება არაფერს მოგვცემს.

ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის აუცილებელია, მათ შორის, წარმატებული სერიის დროსაც. ამიტომაც იყო, მაგალითად, ბულგარეთში დიდი ანგარიშით მოგებული (5:2) შეხვედრის შემდეგ იმაზე მივუთითებდით, თუ რა შეცდომებმა გამოიწვია საკუთარ კარში მიღებული 2 გოლი. ახლაც, თუკი ვიტყვით, რომ მეტოქე
ძლიერი იყო, ხვიჩა კვარაცხელია გვაკლდა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა და სხვა, ამით რეალურ პრობლემებს გავექცევით...

Sportall.Ge

რა დაგვანახა შეხვედრამ?

როგორც უნდა ვთქვათ, რომ მარტის შესარჩევის მატჩისთვის მწარე გამოცდილება მივიღეთ, ცოტათი თავს მოვიტყუებთ. იქამდე დიდი დროა, ბევრი რამ შეიცვლება და ახლანდელი შეცდომების ზუსტად გათვალისწინება შეუძლებელი იქნება. დიდი ალბათობით, ნორვეგიასთან დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე ამხანაგური შეხვედრა კვლავ გვექნება და ის მართლაც სასარგებლო უნდა გამოდგეს.

პირველი, რაც თვალში საცემი იყო, ისაა, რომ მიუხედავად იმისა, "ერთა ლიგაში" ორი საფეხურით დავწინაურდით, ჩრდ. მაკედონიასთან ჯავრი ვიყარეთ, ბულგარეთთან სრულფასოვანი რევანში ავიღეთ, ჩვენ გადავეჩვიეთ ისეთ გუნდებთან გამარჯვებას, როგორიც ბოლოს შვედეთის ნაკრები (2:0) იყო. შესარჩევი ეტაპის მიღმა ამ დონის მოწინააღმდეგეები არ არიან და ამან ცოტათი გაგვათამამა. არადა, არც "ერთა ლიგის" ბოლო ტურები ყოფილა გადასარევი და შედეგს უფრო მეტად "ნაპოლის" გარემარბის წყალობით მივაღწიეთ.

დავინახეთ ის, რომ შეტევების ორგანიზება ისევ გვიჭირს, ჩვენი შუა ხაზი "იჭედება" და მთავარი იმედი სწრაფი კონტრშეტევებია, რომლის მთავარი შემსრულებელი ხვიჩა კვარაცხელია ახლა მოედანზე არ იყო, ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი მიქაუტაძის არყოფნაში კი წინა ხაზმა სივრცეების სათანადოდ ათვისება და გამოყენება ვერ შეძლო. თბილისის "დინამოელი" დავით სხირტლაძისთვის შანსის მიცემა მაინც შესაძლებელი იყო.

ამიტომაც ვამბობთ, სანიოლს რომ ამ საკითხზე უფრო მეტი საფიქრალი აქვს, ვიდრე 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მარცხია. ესაა პრობლემები, რომლებიც გუნდში აქამდეც ჩანდა, უბრალოდ გაცილებით ძლიერმა მეტოქემ უფრო თვალსაჩინო გახადა.

საკადრო საკითხები მარტისთვის

შეხვედრის საწყის წუთებში ოთარ კიტეიშვილი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შემდეგ ნაკლებად შესამჩნევი იყო. მაინც ისე ჩანს, რომ "შტურმის" "ათიანმა" ჩვენს ნაკრებში უფრო სიღრმიდან უნდა იასპარეზოს და თამაშის დალაგება სცადოს, რაც ერთი მხრივ, ისედაც ძალიან გვჭირდება, არსებულ ტაქტიკურ სქემაში შედარებით ზემოთ მყოფი კიტეიშვილის სარგებლიანობა კი, გარკვეულწილად, თითქოს იკარგება.

Sportall.Ge

როცა გიორგი წიტაიშვილი მარცხენა ფლანგზე პირველად ვიხილეთ, მაშინვე აღვნიშნეთ, რომ მისი უნარებისა და ამ პოზიციაზე არსებული საკმაოდ დიდი კონკურენციის (გიორბელიძე, აზაროვი) ფონზე, ეს გასაკვირი იყო. შემდეგ გიორგიმ თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორიც აშრაფ ჰაკიმი და ჰაკიმ ზიეჩი არიან, თანაც იმ ფონზე, როცა მოედანზე "კვარა" არ იყო, რომელიც მოწინააღმდეგეებს უბრალოდ აიძულებდა, დაცვისთვის მეტი ყურადღება დაეთმოთ, წიტაიშვილის ფლანგი "ააწიოკეს". არადა, მეტოქის კართან ყველაზე რეალური მომენტი, დავით ვოლკოვმა ბურთს ფეხი რომ ვერ მოარტყა, სწორედ კიტეიშვილი-წიტაიშვილის აქტიურობით შევქმენით. ამით იმის თქმა გვსურს, რომ ისე გამოვიდა, "ლეხის" ფეხბურთელის სასარგებლო თვისებები ვეღარ გამოვიყენეთ.

დაცვის ხაზში ბევრი შეცდომა იყო. რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, გუნდს დავით ხოჭოლავა აკლდა. საბა საზონოვი ძალიან ენერგიულად და მოტივირებულად შემოვიდა და ის "ჯვაროსნებში" იქნებ მარტშიც ვიხილოთ. რაც შეეხება ჯიმი ტაბიძეს, ნაკრების გამოცდილ წევრს დრო არ მიეცა.

Sportall.Ge

დებიუტანტს შევეხეთ და თუკი გიორგი გოჩოლეიშვილი პირველ ნახევარში ცოტათი შებოჭილი იყო და ნერვიულობაც ეტყობოდა, შემდეგ გაცილებით აქტიური გახდა და რამდენიმე სახიფათო ჩაწოდებაც შემოგვთავაზა.

დაველოდოთ გაზაფხულს და ვეცადოთ, ახალი წაუგებელი სერია გამოვაცხოთ...

alt0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

altსანიოლი: მარტში საკუთარ თავს განსხვავებულად წარმოვაჩენთ

მკითხველის კომენტარები / 31 /
ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან გასვლებზე რა შედეგსაც დადებენ ესენი უკვე ვხვდები... დაგინებული აქვს ვილის რომ კვეკვე აბურჯანია უნდა იყოს მუდამ ცენტრი? ეგენი წესიერი ფეხბურთელები რო ყოფილიყვნენ აქამდე წაიყვანდნენ კარგი გუნდები. დაბალი დონის გუნდში არ ათამაშებენ სისტემატიურად და ნაკრებში რატო უნდა ქონდეთ ადგილი დაბევებული ვერ ვხვდები....ასეთი ნელი ცენტრი ჩვენს გარდა ვინმეს ყაავს? დაღოღავენ რასაც ქვია და უკან პასის მეტი არაფერი იციან ადგილზე მარიაჟობა და ტრიალი არავის ჭირდება! კიტე ცენტრში და ჩამშლელად ვინმე ენერგიული ბიჭი მონახონ. სუპერ შემტევი გუნდი უნდა დავაყენოთ რომელიც წინ და უკან დაუღალავად ირბენენ... ამის გარეშე არაფერი გამოვა.
რონი
11:38 19-11-2022
0
ისინი თუ დარბოდენ ჩვენებს სირბილს არ ასწავლიან თუ ვერ სწავლობენ თუ არ გვყავს ვისაც სწავლება შეუძლია თუ რა სჭირთ ვინმემ თქვით
1.2.3.4.5.6.
21:04 18-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული