სანიოლი და მისი გუნდი დაბალი შეფასებით - საქართველოს ნაკრები და მთავარი მწვრთნელი ქულებში

AutoSharing Option
მაროკო - საქართველოს (3:0) მატჩის შემდეგ, ტრადიციულად, "ჯვაროსნების" ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება უნდა შემოგთავაზოთ. ეს ამბავი ბოლოს ასეთი რთული გასული წლის სექტემბერში იყო, როცა ერთმანეთზე უარესი შეხვედრები გავმართეთ. დღეს მაქსიმალურად მოკლედ ვიტყვით და იმედია, მომავალი წლიდან ისევ მხოლოდ პოზიტიურად წერის საშუალება გვექნება.

გიორგი მამარდაშვილი (5.5) - "ვალენსიას" მეკარემ არაერთხელ გვიხსნა, თორემ შესაძლოა, ანგარიში კატასტროფული ყოფილიყო. იმის მიუხედავად, მისი ბრალი იყო თუ არა, მამარდაშვილმა საკუთარ კარში 3 გოლი მიიღო, ერთ-ერთი კი წარმოუდგენლად შორი მანძილიდან, მოწინააღმდეგის ნახევრიდან.

Sportall.Ge

საბა კვირკველია, გურამ კაშია,
ლუკა ლოჩოშვილი (5.0) -
ჩვენი ცენტრალური დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. შესაძლოა, მათ თამაშში სხვადასხვა ასპექტი გამოიყოს, თუმცა ფაქტი ისაა, რომ უკანახაზელებმა შეხვედრა ჩააგდეს და მოწინააღმდეგეებს საჯარიმოში ყველაფრის საშუალება ჰქონდათ.

გიორგი გოჩოლეიშვილი (5.5) - დებიუტისთვის ყველასგან ერთნაირ სითამამეს ვერ მოითხოვ და პირველ ტაიმში "შახტარის" მომავალი ფეხბურთელი ხელფეხშეკრულივით გამოიყურებოდა. სავარაუდოდ, შესვენებაზე მას სანიოლიც გაესაუბრა და მეორე 45 წუთში გაცილებით სხარტი, დაცვაში საიმედო და შეტევაში ენერგიული ფლანგელი გახდა. გოჩოლეიშვილს დიდი რესურსი აქვს.

გიორგი წიტაიშვილი (4.5) - გიორგის დაცვით ფუნქციებში ძალიან გაუჭირდა, მის ფლანგზე ხომ პსჟ-ის ფლანგელი ჰაკიმი თავისუფლად მოძრაობდა - ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში უკანა ხაზში პრობლემები არ ექმნებოდა. გიორგი პირველივე ტაიმში შეცვალეს, მანამდე კი ვოლკოვს კარგი პასი მიაწოდა.

Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია (5.0) - სამწუხაროდ, საყრდენი ზონა ძალიან ჩავარდა - ვერც ბურთს ვაკონტროლებდით, პრესინგის დაძლევა გვიჭირდა და მეორე ნახევარში, როცა მოწინააღმდეგემ თამაშის საშუალება მოგვცა, მაინც ვერაფერი გავაწყვეთ. მომავალში ყველაფერი ეს თავიდან უნდა ავიცილოთ.

ოთარ კიტეიშვილი (5.5) - "შტურმის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიას ცვლიდა, არადა, ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოთამაშეები არიან. ოთო "კვარასნაირი" სისწრაფითა და დრიბლინგებით არ გამოირჩევა. საწყის 45 წუთში ჩვენი ნაკრების მინდვრის მოთამაშეებიდან მხოლოდ კიტეიშვილს გამოჰყოფდი, რამდენჯერმე გამოჩნდა, მოედანს კარგად რომ ხედავს, ბურთთთან ურთიერთობა და გამოზომილი პასი იცის. მომავალში მას უფრო საყრდენ ზონაში ველით.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (5.5) - "ბორდოს" მოთამაშე ტრადიციულად, აქტიური იყო, რამდენჯერმე წესების დარღვევით შეაჩერეს და იერიში ჩაუშალეს. ის ნაკრებში უფრო პროდუქტიული გვახსოვს, ოქტომბრის შეხვედრებშიც მეტი მოეთხოვებოდა.

დავით ვოლკოვი (4.5) - მან ძალიან სახიფათო მომენტი გაატანა ქარს. ასეთი რამ ყველას შეიძლება მოუვიდეს, სხვა მხრივ კი, ბურთს მასთან მისვლა უჭირდა, თავისუფალ სივრცეებს კი სათანადოდ ვერ იყენებდა. ასეთი თამაშით მას მარტში სიაში ყოფნა გაუჭირდება,
მით უმეტეს, ზივზივაძე მომჯობინდება და მიქაუტაძეც დაბრუნდება.

Sportall.Ge

ლევან შენგელია (5.0) - მას, მოულოდნელად, პირველივე ტაიმში, მისთვის მაინც უჩვეულო პოზიციაზე თამაში მოუწია და მთელი ფლანგის კონტროლი ევალებოდა. ამ ფონზე, ცუდად არ უთამაშია, თუმცა, ჰაკიმი უკვე მინდორზე აღარ იყო. შეტევაში მეტი სიმწვავე და უკეთ დარტყმა მოეთხოვება.

საბა ლობჟანიძე (5.5) - თურქეთის სუპერლიგაში მოთამაშე ნახევარმცველი, რომელიც ცვლილებაზე შემოვიდა, ამჯერად დაცვაში აღარ გაამწესეს. საბა ძალიან მოტივირებული იყო, სტანდარტულებს სახიფათოდ ასრულებდა და გიორგი ბერიძესაც მშვენიერი პასი გაუკეთა.

გიორგი ქვილითაია (4.5) - მას ისეთი შანსი არ ჰქონია, როგორც ვოლკოვს, ფიზიკური უპირატესობის გამოყენებას ცდილობდა, თუმცა ხიფათი ვერაფრით შექმნა.

გიორგი ბერიძე - მისთვის შანსის მიცემას საკმაოდ დიდი ხანია ვითხოვდით. თითქოს, ზედმეტმა მონდომებამ ცუდი სამსახური გაუწია, ლობჟანიძის უკვე ხსენებული პასის შემდეგ კარგად ვერ დაარტყა; ბურთი სხვა შემთხვევებშიც მიიღო, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა.

საბა საზონოვი - ის ენერგიულად შემოვიდა, მოტივირება არ აკლდა, შეტევაში სიმწვავის შექმნაც სცადა.

ანზორ მექვაბიშვილი - როცა ის მოედანზე ვიხილეთ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ბევრი დროც არ ჰქონია, თუმცა თამაშის წყურვილს სახეზე ამოიკითხავდით.

ვილი სანიოლი (5.0) - მთავარ მწვრთნელს შეუძლია თქვას, რომ ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა; მცირე მოსამზადებელ დროზეც ისაუბროს, თუმცა სანიოლმა გუნდის სათანადო განწყობა და მოტივირება ვერ შეძლო. ისევ ვერ ვნახეთ ის, თუ კვარაცხელიას გარეშე თამაში როგორ უნდა მოვიგოთ, შეტევების ორგანიზება გართულებული იყო, ამხანაგური სტატუსის მიუხედავად ცვლილებებიც საკმაოდ გვიან განახორციელა.

ფრანგმა სპეციალისტმა და მისმა გუნდმა ეს მატჩი ჩააგდეს და ყველაფერი უნდა გააკეთონ, მარტში ნორვეგიას ისე დაუხვდნენ, ეს წაგება დაგვავიწყონ.

altსაქართველოს ნაკრები "გაიჭედა" - რას შეცვლიან კვარაცხელია და სანიოლი გაზაფხულზე?

alt0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია (5.0) - სამწუხაროდ, საყრდენი ზონა ძალიან ჩავარდა! მერამდენედ!!!!
კვირკველიაც და კაშიაც
rembo
16:58 18-11-2022
1
მადლობა მამარდაშვილს კარგი თამაშისათვის მან გადაგვატჩინა დიდი ანგარიშით წაგებას თუმცა სამწუხაროდ გიშინდელი მატჩი სამარცხვინო იყო ექსპერიმენტების დრო აღარ არის ვილი ეს საქართველოს ეროვნული ნაკრებია და ის ხალხს ძალიან უყვართ და გულშემატკივრობენ ეს ინდა გაითვალისწინოს სუყველამ და ნაკრებში არ უნდა გამოიძახო ისეთი მოთამაშეები რომლებიც ვერ დარბიან და ბურთს ფეხს აცილებენ … წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს იმედია აღარ შეგვარცხვენთ)
Gio9
16:41 18-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული