მიქაუტაძემ ნაკრებშიც უნდა გაიტანოს - როგორი იქნება კვარაცხელიასთან ურთიერთქმედება?

AutoSharing Option
სულ უფრო ახლოვდება მარტი, როცა საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნდა ჩაერთოს. ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესია და მისი დიდი იმედი გვაქვს, თუმცა ფეხბურთი გუნდური სპორტია და თითოეული მოთამაშის გარჯას დიდი მნიშვნელობა ექნება, თანაც ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორებიც მარტინ ოდეგორი თუ ერლინ ჰოლანი არიან.

Sportall.Ge

Sportall.ge საქართველოს ნაკრების შესახებ პერიოდულად ანალიტიკურ სტატიებს გაწვდით, ამჯერად კი ყურადღების გამახვილება გიორგი მიქაუტაძეზე გვსურს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა რომ დარჩა და თითქოს გუნდის გაძლიერების რესურსი არ
ჩანდა, მიქაუტაძის მიმართ დიდი ინტერესი და სურვილი იყო, მას "ჯვაროსნების" რიგებში ეთამაშა. "ჟორჟს" ბელგიაში გოლი-გოლზე გაჰქონდა. არასტანდარტულ "ცხრიანს" სანაკრებო დებიუტი მშვენიერი გამოუვიდა - ოთარ კიტეიშვილმა ბურთი მახვილგონივრულად წაიღო, გიორგიმ ფორვარდის ნამდვილი ინსტინქტი გამოიჩინა და მოწინააღმდეგის კარი აიღო - რუმინეთის ნაკრებს გამარჯვების (2:1) გოლი გაუტანა. სამწუხაროდ, დასაწყისს შესაბამისი გაგრძელება ვერ მოჰყვა...

საილუსტრაციოდ ჩვენი ნაკრების ბერძნებთან ბათუმში ჩატარებული მატჩი გამოდგება, სადაც უშანსოდ (0:2) დავმარცხდით. მიქაუტაძემ მინდორზე 60 წუთი გაატარა და ჩაიკარგა. მისი ბურთით მომარაგების მცდელობა მხოლოდ მაღალი პასებით იყო, სადაც ის ფიზიკურად ძლიერ მცველებთან უბრალოდ იჩაგრებოდა. გამოვიდა, რომ ფორვარდის საუკეთესო თვისებები ვერ გამოვიყენეთ. ამ შეხვედრას კოსოვოში (2:1) გამარჯვება, ვილი სანიოლის გუნდის სულ სხვანაირად ათამაშება და წაუგებელი სერიაც მოჰყვა. სამწუხაროდ, მიქაუტაძე ამის შემდეგ ნაკრებს ხშირად გამოაკლდა, ზოგჯერ შეკრებაზე ჩამოსული თამაშს ვერ ახერხებდა...

Sportall.Ge

გასული წლის ივნისში "ერთა ლიგა" დატვირთული კალენდრით რომ დაიწყო და საწყის შეხვედრაში სუსტი გიბრალტარი (4:0) დავამარცხეთ, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშა და მას მაქსიმალურად მისცა დრო, რათა თავი გამოეჩინა და გოლი ოფიციალურ მატჩშიც გაეტანა. საბა ლობჟანიძის ბრწყინვალე პასით მან ეს მოახერხა კიდეც. ხსენებულ ტურნირზე "ჯვაროსნების" მთავარი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ის შედეგიანიც იყო და გვახსოვს ჩრდილომაკედონიასთან თბილისური დაპირისპირება, სადაც ბუდუმ ჩვენს მთავარ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთან ბრწყინვალე ურთიერთქმედება გამოავლინა და დაახლოებით იმ შინაარსის საგოლე პასი გაუკეთა, როგორიც ცოტა ხნის წინ თავად "კვარამ" ვიქტორ ოსიმენს.

Sportall.Ge

კვარაცხელიასთან შეთამაშება ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება, რაც "ჟორჟს" აუცილებლად დასჭირდება. "ნაპოლის" გარემარბის მიმართ მოწინააღმდეგეებს გაორმაგებული ყურადღება აქვთ, რაც თავისუფალ ზონებს თანაგუნდელებს უტოვებს. ამავდროულად, ხვიჩას ე.წ. გასაღები პასები ახასიათებს და მას შესაბამისი გამოყენება სჭირდება. მიქაუტაძე და კიდევ ერთი გიორგი, წიტაიშვილი, საქართველოს ნაკრებს სხვა ქვეყნებიდან შემოუერთდნენ. "ჟორჟის" შემთხვევაში პრობლემა ენობრივი ბარიერიც იყო, საფრანგეთში გაზრდილი ბიჭი ქართულს ნელ-ნელა დაეუფლა. გარედან ისე ჩანს, რომ კომუნიკაციის გარკვეული პრობლემა მაინც არსებობდა, რაც ეტაპობრივად გაუმჯობესდა, გუნდურ მოქმედებაში თითოეული დეტალი ხომ მოედანზე და მის მიღმაც მნიშვნელოვანია.

ბუდუ ზივზივაძეს გერმანიაში თამაში ჯერ არ დაუწყია და ნორვეგიის წონააღმდეგ მიქაუტაძის შედეგიანობა ძალიან საჭირო იქნება. რა თქმა უნდა, საფრანგეთის მეორე ლიგა ის დონე არაა, რაც გვსურს, თუმცა აქ გატანა რთულია, ქართველ ფორვარდს კი 11 გოლი და 5 "ასისტი" აქვს. "მეცი" მეოთხე ადგილზეა და ზურიკო დავითაშვილის "ბორდოსთან" ერთად აღზევებისთვის იბრძვის.

შეგახსენებთ, ნორვეგიის ნაკრებს 28 მარტს ვუმასპინძლებთ (დიდი ალბათობით, ბათუმში), მანამდე კი ამხანაგური შეხვედრის ჩატარებაც იგეგმება.

altჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

მკითხველის კომენტარები / 12 /
ცენტრალური თავდამსხმელი გვჭირდება. კვარა ჩაკვეს დუეტი ვერ შედგება, რადგან ის ცენტრფორვარდი არ არის. ოსიმენი ჰოლანდი ჩვენთან!)
დავით 67
16:48 13-02-2023
0
არა ბიჭებო,არანაირი ემოციები,მე გავიმეორებ რომ ხვიჩა და მიქაუტაძე მაგარ ფორმაში არიან სულ გააქვთ თითქმის,ზურიკო და წიტაიშვილი ცდას არ აკლებენ არასოდეს ,ამათი მე მჯერა,ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი ყველამ ვიცით რაც შეუძლიათ ცენტრში,ბუდუმ თუ მოინდომა ხომ იცით რა მგელია,ახლა სიტყვა სანიოლზეა,ასეთი ბიჭებით მეც კი მოვუგებთ ნორვეგიას თანაც ბათუმში20000 აჭარელი გულშატკივართან ერთად!!!
ზაზა
19:56 08-02-2023
5

სიახლეები პოპულარული